ქართული სამაია მესამეა

AutoSharing Option
იტალიურ პეზაროში დამთავრდა ახალგაზრდა მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა საერთაშორისო ტურნირი 30 ქვეყნის წარმომადგენელთა მონაწილეობით.

საქართველოს სპორტულ ღირსებას თანატოლებში ქვეყნის ჩემპიონი და პრიზიორები - გიორგი ეგნატაშვილის სახელობის ოლიმპიური მზადების ცენტრის აღსაზრდელები: გაბრიელა ხვედელიძე (მწვრთნელი ბელა კობალაძე), სოფიო ფარულავა (მწვრთნელი ლუბა სერგოვანცევა) და ნელი სალაძის სახელობის მხატვრული ტანვარჯიშის აკადემიის სასპორტო კლუბი "გრაციის" წევრი სალომე ფაჟავა (მწვრთნელი ელისო ბედოშვილი) იცავდნენ.

ქართველმა ტანმოვარჯიშეებმა შესანიშნავად იასპარეზეს - ოთხი საგნით 103,200 ქულა მოაგროვეს და გუნდური მესამე ადგილი დაიკავეს.

პირველ ადგილზე რუსები (დიანა ბორისოვა, იანა კუდრიავცევა, იულია სინიცინა, ალექსანდრა
სოლდატოვა - 105,875) გავიდნენ, მეორე ადგილი ბელარუსებს (ალიონა ბოლოტინა, მარია კადობინა, კსენია ჩელდიშკინა, ეკატერინა გალკინა - 105,625) ერგოთ.

ჩვენმა გოგონებმა შეჯიბრების ფავორიტები - იტალიელები (101,400), ბულგარელები (101,300) და აზერბაიჯანელები (101,150) ჩამოიტოვეს.

საგულისხმოა ისიც, რომ ჩვენებურებმა ცალკეული საგნებით ვარჯიშის ფინალებშიც იასპარეზეს. გაბრიელა ხვედელიძემ რგოლით 25,800 ქულა მოაგროვა და ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. მას კსენია ჩელდიშკინამ (26,625) და დიანა ბორისოვამ (26,025) გაუსწრეს. გაბრიელა ახლოს იყო კვარცხლბეკთან გურზებით ვარჯიშშიც (25,750) - მესამეადგილოსან ნილუფარ ნიფტალიევას (აზერბაიჯანი) მხოლოდ 0,150 ქულით ჩამორჩა.

სამაგიეროდ, თანაგუნდელს მხარი აუბა სალომე ფაჟავამ - ბაფთით ვარჯიშში (26,000) მან ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

პირველ-მეორე ადგილებზე, შესაბამისად, ალექსანდრა სოლდატოვა (27,150) და კარინა იარიგინა (ესტონეთი, 26,250) გავიდნენ. ბურთით ვარჯიშში სოფიო ფარულავამ (25,950) ბულგარელ ჟენინა ტრაშლიევასთან ერთად მეოთხე-მეხუთე ადგილები გაინაწილა.

ფიქრია ფანქველაშვილი, ტანვარჯიშულ სახეობათა ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი: "წილისყრამ არგენტინის სუსტი გუნდის შემდეგ მეორე პოზიცია გვარგუნა, რაც ჩვენთვის მეტად არასახარბიელო იყო, რადგან მეტოქეებს ქართველთა შედეგებზე შეეძლოთ ორიენტირება".

პირველ დღეს კარგად იასპარეზა სოფიო ფარულავამ ბურთით - საკმაოდ მაღალი ქულა დაიმსახურა - 25,600, რაც მისი თანაგუნდელებისთვის ათვლის წერტილად იქცა. მერე გაბრიელა ხვედელიძემ რგოლით 25,675 ქულა მოგვიტანა და ორი საგნით მოგროვებული ქულებით მესამე ადგილზე გავედით. უახლოეს მდევარ ბულგარელებს მხოლოდ 0,3 ქულით ვუსწრებდით, რაც საკმაოდ ძაბავდა სატურნირო მდგომარეობას.

მეორე დღეს ბაფთით შესანიშნავი შედეგი ჰქონდა სალომე ფაჟავას - 26,500, რამაც მე-3 ადგილი გაგვიმტკიცა.

ხვედელიძემ გურზებით ასევე უშეცდომოდ დაამთავრა გამოსვლა (25,875) და მართლაც უძლიერეს ნაკრებებთან პაექრობაში ბრინჯაოს მედალი მოვიპოვეთ. კონტინენტის ყველა გუნდი ჩვენსავით 1-3 ივნისს გასამართი ევროპის პირველობისთვის ემზადება. ამიტომ პეზაროში უძლიერესი შემადგენლობით იყო ჩამოსული. ამიტომაც ორმაგად გვახარებს ეს წარმატება.

ივნისამდე ჩვენი სამეული ჯერ 26 აპრილს პენზაში მსოფლიოს თასის ეტაპზე გამოვა, ხოლო 12-13 მაისს თბილისის თასზე მოსინჯავს ძალებს. ვეცდებით ყველა შეჯიბრებაში საპრიზო ადგილებისთვის ვიბრძოლოთ.

გაბრიელა ხვედელიძე: "იტალიის საერთაშორისო ტურნირზე დიდი კონკურენცია იყო. ძლიერი გუნდები გამოდიოდნენ, თუმცა ფავორიტებს არც ჩვენ ჩამოვრჩებოდით, რადგან ეროვნული ფედერაციის ხელშეწყობით კარგად ვიყავით მომზადებულნი. ეს რამდენიმე საერთაშორისო შეჯიბრებაზეც დავამტკიცეთ.

მას შემდეგ, რაც სალომე ფაჟავამ ბაფთით ვარჯიშით ჩვენი წინა დღის მონაგარი განამტკიცა და გურზებით არც მე მიასპარეზია ურიგოდ, ვიცოდით, რომ გუნდურში ბრინჯაოს ვერავინ შეგვეცილებოდა და ასეც მოხდა, რამაც ძალიან გაგვახარა".

სალომე ფაჟავა: "ძლიერ კონკურენტებს ვაჯობეთ - ბულგარელებს, მასპინძლებსა და აზერბაიჯანელებს. იტალიაში გამგზავრებამდე საპრიზო ადგილებზე ვოცნებობდით და ნატვრა რეალობად ვაქციეთ. კარგი ნაკრები გვყავს. მომდევნო შეჯიბრებებშიც უბრძოლველად არავის არაფერს დავუთმობთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სამაია ერთად ერთი კლუბია და ის საჭადრაკო კლუბს ჰქვია სპორტულ კლუბებში
simartle
08:09 20-04-2012
0

სიახლეები პოპულარული