მხატვრულ ტანვარჯიშს შველა სჭირდება

AutoSharing Option
მოჭიდავეების კვალდაკვალ, მოსკოვში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე კრახი განიცადა საქართველოს მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა ნაკრებმა. ერთეულთა თანრიგში ჩვენი ქვეყანა რატომღაც მხოლოდ ერთმა სპორტსმენმა, გაქართველებულმა ბულგარელმა ფილიპა სიმეონოვამ წარმოადგინა, რომელმაც მრავალჭიდში 48-ე ადგილი დაიკავა - 71,850 ქულა. რუსმა მსოფლიოს ჩემპიონმა ევგენია კანაევამ კი მრავალჭიდში 86,475 ქულა მიიღო.

წარუმატებლად იასპარეზა ქართულმა გუნდმა ჯგუფურ ვარჯიშშიც (მწვრთნელი -თინათინ ნადირაშვილი). ჩვენი ტანმოვარჯიშეები (თეონა ხელაია, ქეთევან ასიტაშვილი, ირინე ხოფერია, რომინა ბოჟილოვა, მარტინა გროზევა) 29 გუნდს შორის 25-ე ადგილს დასჯერდნენ - 43,150 ქულა. შედეგად, საქართველოს ნაკრები, რომელშიც ასევე ორი ნატურალიზებული
ბულგარელი ირიცხება, გაისად მონპელიეში გასამართ ოლიმპიადის სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ მოხვდა.

ახალი დებულების თანახმად, ლიცენზიისთვის მონპელიეში, მოსკოვში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის 24 საუკეთესო გუნდი იბრძოლებს. იქ კი ლიცენზიას ექვსი საუკეთესო ნაკრები მიიღებს. დარჩენლი ოთხი ლიცენზია კი 2012 წლის იანვარში გათამაშდება.
გართულებულია ლიცენზიის მიღების პროცესი ერთეულთა თანრიგშიც. მონპელიეში 15 ლიცენზია გათამაშდება. დარჩენილ ხუთ ლიცენზიას ტანმოვარჯიშეები აქაც 2012 წლის იანვარში გაითამაშებენ.

საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ საქართველო მხატვრულ ტანვარჯიშში ზედიზედ მესამე ოლიმპიადას გამოტოვებს. სპორტის ამ სახეობაში შექმნილი ვითარება საჭიდაო სახეობებზე არანაკლებ საგანგაშოა და ერთ დროს მსოფლიოს ავანგარდში მყოფი ქართული სატანვარჯიშო სკოლა, ამჟამად მაჩანჩალებს შორისაა.





მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული