მომავალ სეზონს უკეთ მომზადებულები უნდა შევხვდეთ

AutoSharing Option
მეცში (საფრანგეთი) დამთავრდა ბატუტზე მხტომელთა მსოფლიოს ჩემპიონატი, საიდანაც საქართველოს სპორტული დელეგაცია ერთი ოქროს მედლით დაბრუნდა. იქაური ბატალიებისა და ჩვენებურთა შედეგებზე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზაურ სულაშვილი გვესაუბრება.

- შეჯიბრებაზე როგორც უფროსებში, ისე ახალგაზრდებში უძლიერესმა შემადგენლობამ მოიყარა თავი. უმძაფრესი კონკურენცია იყო, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ 2008 წლის ჩინელი ოლიმპიური ჩემპიონი ჰი ვიენა ფინალშიც ვერ მოხვდა.

ჩემპიონატზე საუბარს თერთმეტ-თორმეტწლიანებში თბილისის 49-ე საჯარო სკოლის მეშვიდეკლასელ ანა ოდიშვილის ბრწყინვალე გამოსვლით დავიწყებ. მსგავს შეჯიბრებაზე მან შარშან მესამე ადგილი დაიკავა. ამჯერად კი 47 მეტოქეს აჯობა, თანაც
ფინალში 8,5 ტექნიკური შეფასება მიიღო და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე 35 ქულითა და გულშემატკივართა მქუხარე ოვაციებით ავიდა. ანამ ოსტატობით მაყურებლებთან ერთად სპეციალისტებიც მოხიბლა. ასე გვითხრეს, მეორე რუსუდან ხოფერია გეზრდებათო. იგი თანაკლასელ თეონა ჯანჯღავასთან ერთად სინქრონულ ხტომებშიც მონაწილეობდა 13-14-წლიანებში. საკვალიფიკაციოში მათ მე-3 ადგილი დაიკავეს. გადამწყვეტი პაექრობისას კი მე-5 ელემენტის შემდეგ სინქრონულობა დაერღვათ და საბოლოოდ მე-5 ადგილს დასჯერდნენ. ამ ასაკში თეონა მეთორმეტე იყო.

17-18-წლიანებში კარგად იასპარეზა 143-ე სკოლის მოსწავლემ თამარ კაკაშვილმა, რომელიც ახალგაზრდებს შორის გუნდურ ჩათვლაში ევროპის მესამე პრიზიორია. საკვალიფიკაციო ეტაპზე მან რუს გლებოვასთან თანაბარი ქულები დააგროვა, მაგრამ ტექნიკაში უკეთესი შეფასებით აჯობა და ფინალში შევიდა, იქ კი კიდევ ორ მეტოქეს გაუსწრო. სინქრონულ ხტომებში კი 15 წლის ნაანა გოგაშვილთან (183-ე სკოლა) ერთად მე-8 ადგილი დაიკავა.

- უფროსების გამოსვლაზე რას იტყვით?
- პეკინის ოლიმპიადის მეექვსეადგილოსანი ლუბა გოლოვინა ამ შეჯიბრებისთვის კარგად იყო მომზადებული. კვალიფიკაციაც კარგად განვლო და ფინალში მე-5 შედეგით შევიდა. ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა გადამწყვეტი პაექრობისას რიგითობისთვის. რადგანაც პროგრამა მინიმუმი შესრულებული ჰქონდა, პირად მწვრთნელ ვლადიმირ გოლოვინთან და ჩვენი ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტთან, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრ რუსუდან ხოფერიასთან ერთად გადავწყვიტეთ, ლუბასთვის ფინალში სირთულის კოეფიციენტი 13,9-მდე გაგვეზარდა. მანაც კარგად შეასრულა სამმაგი სალტო, მაგრამ მე-3 ელემენტზე ლეიბს შეეხო. ეს კი ვარჯიშის გაგრძელების საშუალებას არ იძლევა. რომ არა ეს დასანანი შეცდომა, ლუბას სამეულში მოხვედრა შეეძლო.

წლეულს სექტემბრის მიწურულს პორტუგალიაში მსოფლიოს თასის ეტაპზე თენგიზ კოშკაძემ მე-6 ადგილი დაიკავა. იგი მზად იყო, მეცშიც ფინალში გაეღწია, მაგრამ წინა დღეს ვარჯიშისას ფეხის თითი ამოიგდო. საერთოდ, ცუდი ბატუტი ჰქონდათ. უცხოელთა ხუთმა სპორტსმენმა მიიღო ტრავმა, რის გამოც მათ საორგანიზაციო კომიტეტს პროტესტით მიმართეს და ვაჟებს ორი ბატუტი გამოუცვალეს. მაგრამ ჩვენ ამით რა? მე და რუსუდან ხოფერიამ გადავწყვიტეთ, კოშკაძე საერთოდ არ გამოგვეყვანა საასპარეზოდ, მაგრამ სპორტსმენის თხოვნას გავუწიეთ ანგარიში. მან კი შესაძლებლობების გამოვლენა ვერ შეძლო - მე-7 ელემენტის შესრულებისას გვერდზე გადაიხარა და ლეიბს შეეხო.

ყოველივეს მიუხედავად, მეცში ნაჩვენები შედეგებით კმაყოფილი ვარ - ჩვენი სპორტსმენების უმრავლესობა ასაკების მიხედვით ფინალში მოხვდა და მედლების მოპოვების რეალურ კანდიდატებად ითვლებოდნენ. ეს კი ჩვენი მწვრთნელების - ლია ხრიკულის, რევაზ გამხოშვილის, ვლადიმირ გოლოვინის და ზურაბ კიკნაძის დაუღალავი შრომის შედეგია. მადლობელი ვართ სპორტის სამინისტროს მესვეურებისა, რომლებმაც წლეულს ორი ახალი ბატუტი შეგვიძინეს და მსოფლიოს ჩემპიონატზე გასამგზავრებლად დაგვაფინანსეს. თანადგომა აღმოგვიჩინა თბილისის მერიამაც გიორგი ეგნატაშვილის სახელობის ოლიმპიურ ბაზაზე ნორმალური სავარჯიშო პირობების შექმნით.

საგულისხმოა ისიც, რომ ჩემპიონატში შესანიშნავად იმსაჯა რუსუდან ხოფერიამ, რომელმაც ორგანიზატორების მაღალი შეფასება დაიმსახურა. შეჯიბრების მსვლელობის პარალელურად საერთაშორისო ფედერაციის ტექნიკური კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელსაც ჩვენი ორგანიზაციის გენერალური მდივანი თომზირ ცომაიაც ესწრებოდა. იმ სხდომებზე გაისად შეჯიბრების წესებში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ იმსჯელეს. მიღებულ გადაწყვეტილებებს, ცხადია, ჩვენს მწვრთნელებსა და არბიტრებსაც გავაცნობთ, რათა მომავალ სეზონს უკეთ მომზადებული შევხვდეთ.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული