მოგეხსენებათ, აქ ლიცენზიების განაწილება სპორტის სხვა სახეობებზე ბევრად ადრე - თამაშებამდე მთელი სამი წლით ადრე იწყებოდა, მაგრამ პეკინის შემდეგ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ყველა საერთაშორისო სპორტულ ფედერაციას ერთიანი ვადა დაუდგინა - საგზურების განაწილება ოლიმპიადამდე ორნახევარი წლით ადრე უნდა დაიწყოს. ამდენად, მსროლელებისთვის პირველი სალიცენზიო ტურნირი სწორედ აღნიშნული მსოფლიოს პირველობაა.
ლონდონის ოლიმპიადაზე სპორტის სამ სახეობაში 390-მა მსროლელმა უნდა იასპარეზოს 15 დისციპლინაში. ლიმიტირებულია ოლიმპიელთა რაოდენობაც ცალკეულ ქვეყანაზე - მაქსიმუმ 28 მონაწილე, ამასთან, ერთ სახეობაში მოპოვებული საგზურით მეორეშიც შეგიძლია გამოსვლა, ანუ ორივეში ცალ-ცალკე აღარ გჭირდება მოპოვება. სამაგიეროდ, მეორე დისციპლინაში კიდეც რომ მოხვდე ლიცენზირებულთა სიაში, შენი საგზურით თანაგუნდელს ვეღარ გაიყვან, როგორც ეს ათენის ოლიმპიადამდე იყო. თან ლიცენზიას კვლავინდებურად ფედერაცია იღებს და არა პირადად სპორტსმენი.
წლეულს მეტი სალიცენზიო ტურნირი აღარ ტარდება, მაგრამ ახლა ხელმოცარულებს საგზურების მოპოვება ოლიმპიადამდე დარჩენილ ორ სეზონში რამდენიმე ტურნირში შეეძლებათ - მსოფლიოს თასის ცალკეულ ეტაპებზე და ცალკეულ კონტინენტურ - აფრიკის, ამერიკის, ევროპის, აზიის და ოკეანეთის ჩემპიონატებში. ოღონდ მხოლოდ გამარჯვებულებს, მაგრამ აქ ადგილმონაცვლეობის პრინციპი იმოქმედებს, ანუ, თუ ჩემპიონს უკვე ექნება ლიცენზია, მაშინ ის მის მომდევნოს გადაეცემა. თუ იმასაც ექნება, იმის მომდევნოს და ასე შემდეგ... ამდენად, ლონდონის საგზურის მისაღებად აღნიშნულ შეჯიბრებებში გამარჯვება იქნებ სულაც არ იყოს საჭირო. აქვე ისიც განვმარტოთ, რომ სეზონში მსოფლიოს თასის ოთხ-ოთხი ეტაპი იმართება, ანუ ორ წელიწადში რვა, რასაც ტყვიის სროლის ჩვენთვის საინტერესო დისციპლინებში გასამართი ორ-ორი ევროპის პირველობა ემატება - პნევმატური და სპორტული პისტოლეტებით სროლაში.
ჩვენმა ტყვიის მსროლელებმა ამ ჩემპიონატისთვის დასკვნითი შეკრება მოსკოვში გაიარეს რუსეთის ნაკრებთან ერთად. მას შემდეგ, რაც ჩვენებს ჯერ ერევანში, მერე კი ალუშტაში დაგეგმილი შეკრებები ჩაეშალათ, მოსკოვიდან მიიღეს მიწვევა ერთობლივ ვარჯიშებზე და სიამოვნებითაც დასთანხმდნენ. ვიზების მიღების პროცესის გაჭიანურების მიუხედავად, საბოლოოდ მაინც ჩავიდნენ და ივარჯიშეს. როგორც სალუქვაძემ გვითხრა, მასპინძლებმა ისინი ძალიან კარგად მიიღეს, სავარჯიშოდ მაქსიმალურად კარგი პირობები შეუქმნეს და მართლაც ნაყოფიერი შეკრება გამოვიდა.
ჩვენებურთაგან მსოფლიოს ჩემპიონატში პირველი ქადაგიძე ჩაებმება - 31 ივლისს სპორტული პისტოლეტით სროლაში საკვალიფიკაციო ეტაპში, 3 აგვისტოს კი პნევმატურიდან ისვრის. 5-ში ფანჩულიძე იასპარეზებს, ნინო სალუქვაძე კი 8 აგვისტოს ასევე პნევმატურიდან სასროლად დადგება სტარტზე, ხოლო მეორე დღეს სპორტულში შეეცდება წარმატების მოპოვებას. 7 აგვისტოს იასპარეზებს გუბიევა, ვაჟთა სამეული კი 8-ში ჩაერთვება შესარჩევ ეტაპში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"