დაკარის ლეგენდარულმა პილოტმა ოლიმპიური ბრინჯაო დაიმსახურა

AutoSharing Option
მრგვალ სტენდზე სროლაში მამაკაცების ტურნირი, გარკვეულწილად, ავტოსპორტის მოყვარულებსაც აინტერესებდათ.

აქ გამოდიოდა "დაკარის" რალის ლეგენდარული მონაწილე, ამ ავტომარათონის შარშანდელი გამარჯვებული ნასერ ალ-ატიია. აქამდე ყატარელს გაცილებით წარმატებული კარიერა ავტოსპორტში ჰქონდა, მაგრამ გუშინ თავის მეორე "სამსახურშიც" გამოიჩინა თავი.

ალ-ატიიას ოქროს შანსი არ ჰქონდა, რადგან აქ დომინირებდა 23 წლის ამერიკელი უნიკუმი ვინსენტ ჰენკოკი. ამ სპორტსმენმა მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისი პირველი ოქრო 16 წლის ასაკში მოიგო, 2008 წელს პეკინში კი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. თუმცა მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატზე მან მხოლოდ 67-ე ადგილი დაიკავა.

როგორც აღმოჩნდა, ეს ჰენკოკის
დროებითი ჩავარდნა ყოფილა. ამერიკელმა ფინალში ყველა სამიზნეს მოარტყა და კვალიფიკაციაში მოპოვებული უპირატესობა გაიმყარა. მან გუშინ საკუთარი ოლიმპიური რეკორდი გააუმჯობესა. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორ ოლიმპიადაზე ჰენკოკმა 300 სროლიდან მხოლოდ შვიდი ააცილა.

ასევე იოლად მოიგო მეორე ადგილი დანიელმა ანდერს გოლდინგმა. სამაგიეროდ, დიდი ბრძოლა გაიმართა ბრინჯაოსთვის. ფინალი ერთნაირი მაჩვენებლით დაასრულეს ალ-ატიიამ და მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონმა, რუსმა ვალერი შომინმა, რომელსაც დაბადების დღე ჰქონდა.

დაინიშნა დამატებითი სროლები პირველ აცილებამდე და აქ ყატარელს გაუმართლა. მან პირველი ცდიდან ორივე თეფში დაამსხვრია, იმ დროს, როცა რუსმა ერთი ტყვია ააცილა და ასე მოიპოვა ატ-ატიიამ თავის კარიერაში პირველი ოლიმპიური მედალი.

კაცები
მრგვალი სტენდი (სკიტი)
1. ვინსენტ ჰენკოკი (აშშ) 148
2. ანდერს გოლდინგი (დან) 146
3. ნასერ ალ-ატიია (ყატ) 144
4. ვალერი შომინი (რუს) 144
5. ლუიჯი ლოდე (იტა) 143
6. იან სიხრა (ჩეხ) 143

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული