უნგრულ დიორში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატი პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ძალიან წარმატებული გამოდგა ჩვენი ნაკრებისთვის - თითო მედალი და ლიცენზია მოიპოვეს. ახალგაზრდებში ვიცე-ჩემპიონი 16 წლის ქუთაისელი ნინო ხუციბერიძე გახდა, საგზურს კი უკვე ლიცენზირებული ჩვენი სახელოვანი მსროლელის - ნინო სალუქვაძის 18 წლის ვაჟი ცოტნე მაჭავარიანი დაეუფლა. ამასთან, ხუციბერიძემ, ვინც საერთოდ პირველად იყო უცხოეთში შეჯიბრებაზე, 377 ქულით, ხოლო მაჭავარიანმა 579-ით პირადი რეკორდები დაამყარეს.
ეს პირველი შემთხვევაა საქართველოსთვის, როცა სალუქვაძის გარდა, ჩვენმა მსროლელმა ლიცენზია მოიპოვა. ანალოგიურ წარმატებამდე ძალიან ცოტა
ჩვენები თბილისში დაბრუნდნენ და გავესაუბრეთ ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვახტანგ სალუქვაძეს, ნინო სალუქვაძეს და ცოტნე მაჭავარიანს.
თავდაპირველად ვახტანგ სალუქვაძესთან ინტერვიუს შემოგთავაზებთ.
- როგორც ნაკრების მწვრთნელი, როგორ შეაფასებთ ჩვენი გუნდის გამოსვლას?
- ბუნებრივია, შედეგით კმაყოფილი ვარ, რადგან ერთი მედალი და ერთი ლიცენზია მოვიპოვეთ, მეორე საგზურამდე კი ცოტა დაგვაკლდა. ნინო ხუციბერიძესთან ადრე არ მქონია შეხება და რაც ვნახე, არ ისროდა სწორად, ხარვეზები ჰქონდა. ამ ტურნირამდე ის შეკრებაზეც გვყავდა წაყვანილი და შეჯიბრების წინა დღეს დავარიგე, რისთვის მიექცია ყურადღება, როგორ განწყობილიყო საასპარეზოდ - დილით რომ ადგები, იქიდან მოყოლებული, რა ჭამო, რა დალიო, როგორ მოიქცე, ნებისმიერ ვითარებაში შენ გამოსვლაზე იფიქრე-მეთქი. ისიც ვუთხარი, თუ გინდა, კარგად გამოხვიდე, დაიმახსოვრე, რასაც დღეს გეუბნები, თორემ ხვალ დარიგებებს არ დაგიწყებ-მეთქი.
ჯერ მაინც ბავშვია, 2000 წელსაა დაბადებული. თუმცა თავიდან კარგად დაიწყო და 22 გასროლის შემდეგ კარგი შედეგიც ჰქონდა, მაგრამ ამ დროს ვხედავ, მსაჯი მივიდა მასთან... თურმე, სტარტზე გასულს მობილური ტელეფონი შეუტანია, რაც არ შეიძლება. ეს მსაჯს აუღია, ამან კი რომ ვერ დაინახა, არბიტრს დაუძახა. იმან მეორე მსაჯთან მიიყვანა, რომელმაც უთხრა, რომ მას ჰქონდა ტელეფონი. ეს წამოვიდა და გააგრძელა სროლა, მაგრამ მე ხომ არ ვიცოდი, რაში იყო საქმე და შემეშინდა, ხომ არ ხსნიან-მეთქი. თან ცოტა არასტაბილურია. მითხრა, დიდხანს რომ ვუმიზნებ, თვალი მეღლებაო, მაგრამ მესიჯებზე ხომ არ ეღლება თვალი.
თუმცა ეს შენიშვნა არა მარტო მასთან, სხვებთანაც მაქვს, ნინოსთანაც კი.
ცოტნემ ბრწყინვალედ ისროლა. მეოთხე სერიაში 100 ქულა ჰქონდა. მეხუთე სერიაშიც 50 ქულა ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ 95-ით დაამთავრა, მეექვსეში 94 დააგროვა... ბოლომდე ვერ გაუძლო, ნერვიულობდა და დაძაბული იყო. თუმცა კარგი იყო, თავიდანვე მაღალი ქულებით დაიწყო, თორემ ის ბოლო შედეგები რომ პირველივე სერიებში ჰქონოდა, ანუ ამოსაქაჩი გახდომოდა შედეგი, ვერ შეძლებდა ამას.
მის მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ შეგნებულად დავაყენეთ უფროსებში, ანუ კონკრეტული მიზნისთვის იბრძოდა. ამიტომ ფსიქოლოგიურად ძნელი იყო. ის ბოლო პერიოდში სტაბილურად ისროდა 575 ქულის ფარგლებში. ხანდახან ჩავარდნები კი ჰქონდა, მაგრამ ვმუშაობდით ამაზე. ვეუბნებოდი, ლიცენზია თუ გინდა, 580 ქულა უნდა დააგროვო-მეთქი.
ღმერთს ვეხვეწებოდი, რომ მას ლიცენზია გაეკეთებინა. ვამბობდი, ღმერთო, დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რაც გამიკეთე, მრცხვენია კიდევ რაიმეს თხოვნა, მაგრამ იქნებ ცოტნემ მოიპოვოს საგზური-მეთქი. ნამდვილად ბედნიერი კაცი ვარ, ეს სურვილი რომ ამისრულდა.
ნინომ და ლიზიმ ბოლო სერიებში მოუკლეს, თორემ ფინალში შედიოდნენ. ნინოც ამბობს, რომ თვალი ეღლება, თუმცა მთლად ამის ბრალი არ მგონია. ცოტა არასტაბილურია, რასაც ოლიმპიადამდე მივაქცევთ ყურადღებას.
კილაძეც ბავშვია ჯერ, აკლია გამოცდილება, შეცდომებსაც უშვებს. თან ნელაც ისვრის და მერე დრო აღარ ჰყოფნის. კილაძეს 384 ქულა აქვს გაკეთებული, ანუ ახლანდელზე გაცილებით მეტი შეუძლია. მასაც ყოველთვის ვაფრთხილებ, შეჯიბრებისას ნურც შენს და ნურც სხვის შედეგებს ყურადღებას ნუ მიაქცევ-მეთქი, მაგრამ ტელეფონში შედეგების ნახვას როგორ დაუშლი!
როცა ცოტნე ისროდა, ისიც და ნინოც სასტუმროში იყვნენ, რადგან მეორე დღეს ისროდნენ. როგორც კი ინტერნეტში მისი შედეგი გაიგეს, ჩასხდნენ ტაქსიში და დარბაზში მოვიდნენ, რისთვისაც ვუსაყვედურე ორივეს. ის განცდა, ის ემოცია არაა სასურველი. სპორტსმენებს სულ ვარიგებ, როგორ განეწყონ შეჯიბრებისთვის, როგორ გააკეთონ კონცენტრაცია. ვინმე რომ მოგესალმებათ, მექანიკურად დაუქნიეთ თავი და მაშინაც შეჯიბრებაზე იფიქრეთ-მეთქი, ვეუბნები. მათ ვარიგებ, რომ მოგებაზე კი არ იფიქრონ, ან - მაინცდამაინც 10-იანზე, არამედ იმაზე, რომ შეცდომა არ დაუშვან, როდის დააჭირონ სასხლეტს და ასეთ დეტალებზე. მათ ხშირად ვუმეორებ, რომ თითი დამოუკიდებელი ქვეყანაა, რომელიც შენ არაფერს გეკითხება.
- პერსპექტივაზე რას იტყვით? ხარვეზების მიუხედავად, ზედიზედ მეორე სეზონია, ახალგაზრდებს შედეგები აქვთ...
- ნებისმიერ სპორტში მთავარია აზროვნება, ინტელექტი - ეს თუ გაკლია, მაშინ შედეგები ხან იქნება, ხან - არა. დიდი მნიშვნელობა აქვს განწყობასაც, უნდა განეწყო შეჯიბრებისთვის.
- ოლიმპიადისთვის მოსამზადებელი გეგმა როგორია?
- აპრილში ერევანში მივდივართ შეკრებაზე, მერე - რიო დე ჟანეიროში მსოფლიოს თასზე, იქიდან დაბრუნებულები კი მიუნხენში გამოვალთ ანალოგიურ ტურნირზე... ეს - უახლოესი გეგმები, თუმცა პრობლემებიც არის. მაგალითად, ოლიმპიადაზე ცოტნეს 50 მეტრზეც შეუძლია გამოსვლა სპორტულში, მაგრამ ვერ ვარჯიშობს, რადგან ასეთი სასროლეთი საერთოდ არ გვაქვს - არც ღია, არც - დახურული.
საქართველოში ერთი ნორმალური ტირი არ გვაქვს. ამდენი წელიწადია, ამას ვლაპარაკობთ, მაგრამ საშველი არ ჩანს. სკა-ს დარბაზში კი არის 50-მეტრიანი სასროლეთი, მაგრამ მოუწყობელია. იქ განათების გაკეთებას მაინც რა უნდა, რომ ივარჯიშონ?
ნინო სალუქვაძე: ახლა უფრო ვინერვიულე
ბუნებრივია, ჩემპიონატით ნინო სალუქვაძეც ძალიან კმაყოფილია, რომელიც, ამავდროულად, ოლიმპიური კომიტეტის და ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტიცაა. მას ევროპის ჩემპიონატის შეფასება და იქაური ემოციების გახსენება ვთხოვეთ. - ამ ჩემპიონატისგან რასაც ყველაზე მეტად ველოდით, ის ვერ მივიღეთ და რასაც არ ველოდით, ის მივიღეთ. გუნდში რამდენიმე ახალგაზრდა გვყავდა, რომელთაგანაც ლიზი კილაძე და ცოტნე მაჭავარიანი უფროსებში გამოვიყვანეთ, რადგან მათი ბოლოდროინდელი შედეგები ლიცენზიაზე ფიქრის საშუალებას გვაძლევდა.
ნინო ხუციბერიძე საერთოდ პირველად იყო უცხოეთში შეკრებაზე, თუმცა პირველი წარმატება მან მოგვიტანა - პირველივე დღეს ისროდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. სიმართლე გითხრათ, მისგან მედალს კი არა, ფინალში შესვლასაც არ ველოდი. თან 377 ქულა დააგროვა, რაც აქამდე არასოდეს ჰქონია.
ახალგაზრდებში ბიჭებმა ცოტა სუსტად ისროლეს, თუმცა ცოტნე მათთან რომ ყოფილიყო, გუნდურში მესამე ადგილს მოვიპოვებდით და თან პირადში ფინალშიც გავიდოდა. შეიძლება ითქვას, მაჭავარიანის უფროსებში დაყენებით ერთი მედალი და მეორის რეალური შანსი დავკარგეთ, მაგრამ არ ვნანობ ამას, რისკმა გაამართლა. რომც ვერ აეღო ლიცენზია, არც მაშინ ვინანებდი, რადგან მაინც მერჩივნა, ბედი გვეცადა. სხვათა შორის, არც თვითონ ნანობს ამას.
თუმცა მისი მდგომარეობა ფსიქოლოგიურად რთული იყო, რადგან იცი, პატარა ხარ, დიდებში გაყენებენ და ბოლო სალიცენზიო შეჯიბრებაა. ამიტომ მეც ვერ ვიყავი დარწმუნებული, როგორ გაუძლებდა ამ სიმძიმეს.
სროლა რომ დაიწყო, თავიდან კარგად მიდიოდა, მაგრამ მესამე სერია 8-ით დაიწყო და მონიტორი მოუბრუნებია, აღარ ვუყურებდიო. მეოთხეში 100 ქულა დააგროვა, მაგრამ მომდევნო ორში დაბალი შედეგები ჰქონდა და ბოლო გასროლამდე არ ვიცოდი, იქნებოდა თუ არა ლიცენზია. ბოლო გასროლის წინ ზედაპირულად რომ გამოვთვალე, ვის ჰქონდა საგზური და რამდენი სჭირდებოდა მის მოსაპოვებლად, მეგონა, რომ აუცილებლად 10-იანი იყო საჭირო, მაგრამ თურმე 9-იანიც ჰყოფნიდა. შეიძლება, ამით ფინალში ვერ შესულიყო, თუმცა საგზურს მიიღებდა.
60 გასროლის მიუხედავად, მაინც ბოლო გასროლაზე იყო დამოკიდებული ლიცენზიის ბედი, თუმცა 10-იანში გაარტყა. ყველა გვილოცავდა, ვინც იცოდა თუ არა, რომ ჩემი შვილი იყო. ჯერ ხუციბერიძის წარმატებით როგორ ვიყავით გახარებულები და მერე ესეც რომ დაემატა, ეს ჩვენი გეგმის მაქსიმუმი იყო.
ფინალის წინ ვუთხარი, რაც გინდა, ის ქენი, მთავარი მიზანი მიღწეულია-მეთქი. აქ გაცილებით მეტი ვინერვიულე, ვიდრე - სეულში, როცა ჩემპიონი გავხდი. მისი გამოსვლისას სასროლეთზე რომ მივედი, მამაჩემი კი გამიბრაზდა, რატომ მოხვედიო, მაგრამ სასტუმროში რა გამაჩერებდა. გუნდის სხვა წევრებიც იყვნენ, თუმცა ცოტნეს რომ არ დავენახეთ, მოფარებული ადგილიდან ვუყურებდით, საიდანაც მხოლოდ ტაბლო ჩანდა.
კილაძეს და მე მხოლოდ 2 ქულა დაგვაკლდა - მას ლიცენზიამდე, მე - ფინალამდე, ბოლო სერიებმა დაგვაღალატა. ჯერ ლიზიც პატარაა, 16 წლის და მისთვისაც დიდი დატვირთვა იყო. მართალია, მეორე ლიცენზია ვერ მოვიპოვეთ, მაგრამ ჩემპიონატზე მაინც კარგად გამოვედით.
ვერ წარმოიდგენთ, როგორი ტირილი იყო ამ ტურნირზე, რადგან ძალიან ბევრი ძლიერი მსროლელი დარჩა უსაგზუროდ. ქალებმა რომ დავამთავრეთ ასპარეზობა, ნახევარზე მეტი ტიროდა.
მამაჩემი ყოველთვის ოცნებობდა, ნეტავ, დედა-შვილი მანახა ოლიმპიადაზე ერთად გამოსულიო. ხშირად მეუბნებოდა, რასაც ჩავიფიქრებდი, ყველაფერს ნაადრევად მისრულებდიო და აჰა, ესეც ხომ აგისრულე-მეთქი.
პირველად დღეს ვამბობ თქვენთან, ჯერაც ვერ წარმომიდგენია, რომ ოლიმპიადაზე მე და ჩემი შვილი ერთად გამოვალთ. იმ ეიფორიას ჯერ კიდევ არ გადაუვლია.
რატომ გაუხარდა შვილიშვილს ბაბუას ტირილი
ბუნებრივია, ევროპის ამ ჩემპიონატს ცოტნე მაჭავარიანიც სიამოვნებით იგონებს. მომავალში რას იზამს და აჯობებს თუ ვერა დედას, არავინ იცის, მაგრამ ერთ რამეში უკვე გაუსწრო - სალუქვაძემ 19 წლისამ იასპარეზა ოლიმპიადაზე, მაჭავარიანი კი ერთი წლით ახალგაზრდა დააჭაშნიკებს თამაშებს. მაჭავარიანი ასე იხსენებს იმ ბედნიერ წუთებს:
- თავიდან ლიცენზიაზე არ ვფიქრობდი. მთავარი იყო, უშეცდომოდ მესროლა. არც შედეგებს ვუყურებდი, მაგრამ როცა ტაბლოს გავხედე, ჩემი გვარი ფინალისტებში დავინახე. თუმცა მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი ლიცენზიის მოპოვების შესახებ და დავიძაბე.
მალევე ბაბუა მოვიდა მითხრა, ლიცენზია დაისაკუთრე და აწი ფინალში რას იზამ, დიდად არ ვინერვიულებო. აი, მერე კი გამიხარდა ეს წარმატება. ბაბუას ცრემლები რომ დავინახე, ყველაზე ძალიან ეს გამიხარდა - მან ხომ ჩემ გამოც იტირა, როგორც თავის დროზე დედაჩემის გამო. იმედია, ასე სიხარულისგან კიდევ იტირებს.
ყველა მილოცავდა - მიცნობდა თუ არა, აიღო საგზური თუ ვერა... თურქი გამარჯვებული დიკეცი მოვიდა და ხელი ჩამირტყა მოლოცვის ნიშნად, მერე კი დოპინგზეც ერთად შევედით და მკითხა, ასეთი შედეგები საიდან ამ ასაკშიო. როცა ვუთხარი, ვისი შვილიც ვარ, მითხრა, მაშინ ყველაფერი გასაგებიაო.
ფინალში იმდენად ძლიერი მეტოქეები იყვნენ, მეათედსაც არ გაპატიებდნენ. გამოუცდელობის მომენტიც იყო. თან, ალბათ, ლიცენზიის განაღდებითაც დავკმაყოფილდი, თუმცა ამან სტრესიც მომიხსნა, მაგრამ ფაქტია, ფინალში ცუდად ვისროლე და მეექვსე ადგილზე დავასრულე შეჯიბრება. საკვალიფიკაციოში 21 გასროლის მერე ჩემს შედეგებს არც ვუყურებდი, პირადი ტაბლო შევატრიალე, რადგან ზედიზედ სამი გასროლა გავაფუჭე და არ მინდოდა, ჩემი შედეგები დამენახა.
გამოსვლა ისე დავამთავრე, არ ვიცოდი ჩემი ქულები, მაგრამ კმაყოფილი ვიყავი ჩემი გამოსვლით და ვიცოდი, რომ ბოლომდე დავიხარჯე და რაც ვიცოდი, ის გავაკეთე. ბაბუაც ასე მასწავლიდა, მეფიქრა მუშაობის პროცესზე, უშეცდომოდ სროლაზე და არა შედეგზე. როგორც მასწავლეს, ისე მოვიქეცი და, ვფიქრობ, სწორადაც, რადგან მაჩვენებლებზე რომ მეფიქრა, რამდენიმე ქულას დავკარგავდი.
შედეგი რომ დავინახე, განსაკუთრებული სიხარული აღარ გამოუწვევია, ვინაიდან შრომის პროცესში ვიღებდი სიხარულს და სიამოვნებას.
მეოთხე სერიაში 100 ქულა რომ გავაკეთე, არც ეს ვიცოდი, რადგან ამდენი ვარჯიშზეც მხოლოდ ორად ორჯერ მქონდა გაკეთებული და შეჯიბრებაზე ასეთი მიღწევა არაა სახუმარო.
სხვათა შორის, ასეთი მაჩვენებელი მთელ ტურნირზე არავის ჰქონია, თუმცა ამან ისე დამღალა, მომდევნო სერიებში 95 და 94 ქულა დავაგროვე. თან, როგორც გითხარით, შედეგებს არ ვუყურებდი, მაგრამ კომპიუტერზე ქაღალდზე ჩანს, ჩამომწკრივებული, თუმცა ჯამი არ იკრიბება. იქ დავინახე, რომ ბევრი 10-იანი მქონდა ერთ ხაზში და მივხვდი, კარგად ვისროლე. ამანაც იმოქმედა - ვინერვიულე, კარგად დავამთავრო-მეთქი და ამერია სროლები.
ძალიან დამწყდა გული, რომ ულიცენზიოდ დარჩნენ ბულგარელი მარია გროზდევა, სერბი ზორანა არუნოვიჩი და გერმანელი მუნკბაიარ დორჯსურენი. ნახევარი სასროლეთი ტიროდა, ისეთი ამბავი იყო.
დედაჩემის მიღწევები არ მაკომპლექსებს - ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და ყველას შეუძლია, შედეგები მოიპოვოს. საკუთარ თავს უნდა შეეჯიბრო და არა სხვას. ეს ლიცენზია ამ ასაკში იმიტომაც გამიხარდა, რომ შანსი მაქვს, 8 ოლიმპიადაზე მეტში გამოვიდე.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"