ოღონდ სიტყვა "მესანგრემ" არ დაგაბნიოთ და მაინცდამაინც საბრძოლო ველზე გაჭრილ სანგარს ნუ წარმოიდგენთ - როგორც გითხარით, ის მესტენდურია და სასანგრე სტენდზე გამოდის, რომელიც ჩვენში, ფაქტობრივად, არ არსებობს, ჩამკვდარია. მრგვალ სტენდზე, ასე თუ ისე, სპორტსმენებიც არიან, ადგილზეც ტარდება შეჯიბრებები და უცხოეთშიც დადიან, სასანგრე სტენდზე კი მართლა თითო-ოროლა კაცი თუ ისვრის.
ის საპრეზიდენტო არჩევნებს კენტად შემორჩა, რადგან მისი კონკურენტი და წინამორბედი ყრილობაზე არც მისულა - კახა ბექაურმა დელეგატებს წერილობით შეატყობინა საარჩევნო მარათონიდან გასვლისა და კანდიდატურის მოხსნის შესახებ, რის შემდეგაც ყრილობა უექსცესოდ, მშვიდ ვითარებაში წარიმართა.
საარჩევნოს გარდა, ეს ყრილობა საანგარიშოც იყო და დელეგატებმა, წესისამებრ, მოისმინეს ჩავლილ ოთხწლიან ციკლში გაწეული მუშაობის ანგარიში. საბედნიეროდ, უამრავი და უთვალავი, თანაც - სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემათა მიუხედავად, სალაპარაკო მაინც ბევრი ჰქონდათ: ნინო სალუქვაძემ მერვედ იასპარეზა ოლიმპიურ თამაშებში; პირველად მოხდა, როცა მასთან ერთად, ლიცენზია სხვა ქართველმა მსროლელმაც მოიპოვა და ეს მისმა შვილმა - ცოტნე მაჭავარიანმა გააკეთა; თავის მხრივ, ეს მსოფლიოს ოლიმპიადის ისტორიაში პირველი პრეცედენტია, როცა თამაშებზე დედა და ვაჟიშვილი გამოვიდნენ ერთად; მედლები ახალგაზრდებში - პირადშიც, გუნდურშიც, წარმატებები სხვადასხვა რანგის საერთაშორისო ტურნირებში და სხვა...
ამ ოლიმპიურ ციკლში ჩვენთვის ისიც უპრეცედენტოა, რომ უფროსებთან ერთად ახალგაზრდებიც გაგვიხდა საქომაგო. ამავე პერიოდმა მოგვცა ძალიან დიდი იმედი, რომ 2020 წელს, ტოკიოს ოლიმპიადაზე 2 კაცი კი არა, მთელი გუნდი გვეყოლება საქომაგო. არადა, კაცმა რომ თქვას, ეს ყველაფერი ძალიან ბევრიც კი არის ისეთი სახეობისთვის, რომელსაც მთელ ქვეყანაში ერთი ნორმალური ბაზაც არ გააჩნია. ბაზა კი არა, ერთი თანამედროვე სასროლეთი არ აქვთ. ამის მიუხედავად, თაობაც მოდის და შედეგებიც.
ერთხმად არჩევის შემდეგ თავის სიტყვაში სიხარულიძემ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ხელისუფლების დაინტერესებას სპორტის ამ სახეობის განვითარებისადმი. მისი თქმით, ამ სპორტს დიდი დახმარების გაწევა შეუძლია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში და არის ნიშნები, რომ ხელისუფლება მართლაც აპირებს ამ რესურსის გამოყენებას.
აღდგომა და ხვალეო - ვნახოთ, თავდაცვის უწყებაში რეალურად მართლა თუ აინტერესებთ ეს სახეობა და ეს სფერო, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს. არადა, წესით, კი უნდა აინტერესებდეთ, რადგან მსროლელებს შეუძლიათ, მათ კვალიფიციური კადრები მოუმზადონ.
სიხარულიძის წარდგინებით, ყრილობამ ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტებად ისევ ძველი კადრები დატოვა - ნინო სალუქვაძე და თამაზ იმნაიშვილი. აირჩიეს 11-კაციანი პრეზიდიუმიც, თუმცა ამ საკითხმა მცირე დისკუსია კი გამოიწვია. პრეზიდიუმში პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტები თავისთავად შედიან, დარჩენილ 8 ადგილზე კი 10 კანდიდატურა დასახელდა.
გამოითქვა აზრი, რომ პრეზიდიუმის შემადგენლობა გაეზარდათ, თუმცა დელეგატები ამის წინააღმდეგ წავიდნენ. "გადახარჯვა" მესტენდურების კვოტაზე მოდიოდა და საბოლოოდ მათგან რამდენიმემ მოხსნა საკუთარი კანდიდატურა, რითაც პრობლემაც მოიხსნა.
საბოლოოდ პრეზიდიუმში შევიდნენ ვახტანგ სალუქვაძე, ნინო უჩაძე, ლევან ქადაგიძე, ლადო ჭინჭარაული, ზურაბ კვირიკაშვილი, ტარიელ ჟღენტი, შოთა თავაძე და გია შენგელია.
* * *
ყრილობის დამთავრების შემდეგ კახა სიხარულიძეს რამდენიმე კითხვით მივმართეთ. - რა იქნება თქვენთვის უმთავრესი პრიორიტეტი, რის მოგვარებასაც დაიწყებთ ყველაზე ადრე?
- რა თქმა უნდა, პრიორიტეტი სასროლეთების რეაბილიტაცია და კეთილმოწყობაა. ამის გარეშე არაფერი არ გამოვა. ორივე - სასტენდო თუ ტყვიის სროლის მიმართულებით უნდა მოხდეს ეტაპობრივი რეაბილიტაცია. სამწუხაროდ, იმის საშუალება არ იქნება, რომ ეს ყველაფერი ერთად მოხდეს, მაგრამ არის საკმაოდ დამაიმედებელი წინადადებები, რომელიც მაძლევს იმედს.
აუცილებლად გავაფართოებთ ამ ტირს, სადაც ახლა ვიმყოფებით. სამინისტროს გამოყოფილი აქვს ფართი, რომელიც სროლის ფედერაციისაა, მაგრამ საბუთებია მოსაგვარებელი, რის შემდეგაც დაიწყება ამ ფართის კეთილმოწყობა. ამის შემდეგ აქ დაახლოებით 12 ფარი დაიდგმება, ანუ ამდენი სპორტსმენი ერთდროულად ივარჯიშებს, ეს კი ძალიან ბევრს ნიშნავს.
ახლანდელ ტირში 5 ფარია, რაც ძალიან ცოტაა. როგორც ნინო სალუქვაძის და მწვრთნელებისგან ვიცი, მოთხოვნა ძალიან დიდია, მაგრამ ადგილის სიმცირის გამო ბავშვებს უარით ისტუმრებენ. მომავალში ეს ასე აღარ იქნება. როცა სპორტსმენთა რაოდენობა იმატებს, იქ კონკურენციაც იზრდება, ეს კი პირდაპირპროპორციულია შედეგების ზრდისა. ეს ყველა სპორტში ასეა - რაც მეტია კონკურენცია, მით მეტია შედეგებიც.
გუშინ სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძეს ვესაუბრეთ, უკვე დავთქვით სამუშაო შეხვედრის თარიღი და მომავალ კვირაში ავალთ თბილისის ზღვის სასროლეთზე, რათა ადგილზე ვნახოთ არსებული ინფრასტრუქტურა, რა სჭირდება იქაურობას, რა სახის რეაბილიტაციაა ჩასატარებელი და ასე შემდეგ. გვაქვს იმედი, რომ თუ იქნება საუბარი მსოფლიოს დონის სასროლეთზე, ის ზღვისპირეთში აშენდება.
- ალბათ, გრიგოლეთში, არა?
- სავარაუდოდ, ეს ან შეკვეთილი, ან გრიგოლეთი იქნება.
- ამ ყველაფრის გაკეთებას ბიუჯეტის დაფინანსებით აპირებთ, სპონსორები გყავთ შეგულებული თუ საკუთარ ფულს ჩადებთ?
- ბიუჯეტის თანხით ვაპირებთ, თუმცა ყრილობაზეც ვახსენე ფონდის შექმნა, რომელიც არ იქნება მხოლოდ პატარ-პატარა შემოწირულობების იმედად, არამედ აქცენტი გაკეთდება ძლიერ და მყარ ორგანიზაციებზე, რომლებსაც ჰყავთ ისეთი მესვეურები, ვისაც უყვარს ნადირობა, იარაღი და სროლა. ასეთი ადამიანებისგან არის თანამშრომლობის შესახებ დაპირება. რაც მთავარია, ხელისუფლების ძლიერი მხარდაჭერის მეიმედება, რისი კარგი წინაპირობაც არის.
- გეოგრაფიის გაზრდას თუ გეგმავთ და რა ხერხით აპირებთ ამას?
- ამას აუცილებლად გავაკეთებთ. პირველ ეტაპზე ამას გურიაში ვგეგმავთ, სადაც უკვე ვესაუბრეთ ოზურგეთის გამგებელს. იქ არის ძველი ობიექტი, რომელიც კერძო საკუთრებაშია, მაგრამ იქნებ რაღაცნაირად შევძლოთ მეპატრონესთან შეთანხმება.
ბათუმშიც არის ძველი ტირი, რომელიც დღეს ერთ-ერთი სკოლის ტერიტორიაზეა, მაგრამ იქ ვარჯიშის საშუალება მაინც არის. ბათუმში ორი მწვრთნელია, რომლებსაც აუცილებლად გამოვიყენებთ, დასაკარგავი კადრები არ გვყავს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"