ალბერტო ლიდერია

AutoSharing Option
ესპანელმა ალბერტო კონტადორმა პირველმა გადალახა ვულკან ეტნაზე აღმართი და სათავეში ჩაუდგა ჯირო დ'იტალიას საერთო ჩათვლას.

კონტადორმა ჯერ კიდევ წინა ეტაპზე გამომჟღავნა საკუთარი ამბიციები ფინიშზე უსწრაფესი შეტევით, თუმცა "საქსობანკის" შეფმა ბიარნე რიისმა განაცხადა, რომ ეს უფრო ესპანელის იმპროვიზაცია იყო, ვიდრე კონკურენტებზე ფსიქოლოგიური შეტევა.

მეცხრე ეტაპზე თავდაპირველად გაქცევა დანილო დი ლუკამ სცადა, მაგრამ პელოტონმა მაშინვე მოახდინა რეაგირება და იტალიელი არ გაუშვა. თუმცა გაქცევა მაინც შედგა - წინ გაიჭრა საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფი ძლიერი შემადგენლობით. იაროსლავ პოპოვიჩისა და ჯოვანი ვისკონტის აქტიურობით დაწინაურებულ ჯგუფსა და
პელოტონს შორის სხვაობამ ექვსი წუთი შეადგინა, თუმცა ეტნაზე პირველი აღმართისთვის უპირატესობამ კლება იწყო.

ფინიშამდე 10 კილომეტრით ადრე ლიდერთა ჯგუფი ორად გაიყო. წინ მხოლოდ ბაკელანტსი, ფრანკი, ვისკონტი და ლასტრასი დარჩნენ, სულ მალე კი სოლო-იერიში წამოიწყო ბაკელანტსმა და იოლად მოიპოვა ლიდერობა.

პირველმა დაწინაურებული ველომრბოლები ვენესუელელმა ხოსე რუხანომ შეაწუხა. ექვსი წლის წინ ამ სპორტსმენზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. მაშინ რუხანომ ჯიროს "მთის მეფის" მაისურა მოიგო და საერთო ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა. მას შემდეგ ვენესუელელი დაიკარგა და ახლა ისევ განიზრახა თავისი არსებობის შეხსენება. შვიდი კილომეტრით ადრე კი კონკურენტებს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა ალბერტო კონტადორმა. ესპანელი იმდენად დარწმუნებული იყო თავის ძალებში, რომ ყოველ აღმართზე შეტევაში მიდიოდა. ამ მომენტებში მას მეტოქეებზე უდიდესი უპირატესობა ჰქონდა.

თავდაპირველად კონტადორს სკარპონი გამოეკიდა, მაგრამ ესპანელის მორიგი შეტევის შემდეგ იტალიელი "დადგა" და ალბერტოს კვალში მხოლოდ რუხანო ჩაუდგა. ამ უკანასკნელის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბოლომდე არ ჩამორჩა ესპანელს და მხოლოდ სამი წამი წააგო თანამედროვე ველოსპორტის მთავარ ვარსკვლავთან.

IX ეტაპი
1. ალბერტო კონტადორი (ესპ, "საქსობანკი") - 4:54.09; 2. ხოსე რუხანო (ვენ, "ანდრონი ჯოკატოლი") - +0.03; 3. სტეფანო გარცელი (იტა, "აკვა ე საპონე") - +0.50; 4. ვინჩენცო ნიბალი (იტა, "ლიკვიგასი") - +0.50; 5. რომან კროიციგერი (ჩეხ, "ასტანა") - იგივე დრო; 6. დავიდ აროიო (ესპ, "მოვისტარი") - იგივე დრო...

საერთო ჩათვლა
1. ალბერტო კონტადორი (ესპ, "საქსობანკი") - 33:03.51; 2. კონსტანტინ სივცოვი (ბლრ, "ჰაიროუდი") - +0.59; 3. კრისტოფ ლე მეველი (საფ, "გარმინი") - +1.19; 4. ვინჩენცო ნიბალი (იტა, "ლიკვიგასი") - +1.21; 5. მიკელე სკარპონი (იტა, "ლამპრე") - +1.28; 6. დავიდ აროიო (ესპ, "მოვისტარი") - +1.37.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული