კონტადორმა თითქმის გაინაღდა

AutoSharing Option
მე-15 ეტაპი იტალიურ ველომარათონზე ყველაზე რთული აღმოჩნდა - ველომრბოლებმა პირველი კატეგორიის ოთხი მწვერვალის გადალახვას შვიდსაათნახევარი მოანდომეს. პირველი ფინიშთან ბასკი მიკელ ნიევე მივიდა, საერთო ჩათვლის ლიდერმა ალბერტო კონტრადორმა კი მესამე ადგილი დაიკავა და ამით პირველობა განიმტკიცა გენერალურ კლასიფიკაციაში.

როგორც მოსალოდნელი იყო, ეტაპი გამოცდილი სამთო ველომრბოლების გაქცევით დაიწყო. დაწინაურებულთა შორის იყვნენ სხვადასხვა წლებში "გრანდ-ტურების" გამარჯვებულები - მიკელე სკარპონი, დანილო დი ლუკა და კარლოს სასტრე. პელოტონთან უპირატესობამ ცხრა წუთი შეადგინა და რაღაც მომენტში მიკელ ნიევე საერთო ჩათვლაში კონტადორის პოზიციებს დაემუქრა.

მალე ნიევე და
სკარპონი შეტევაზე გადავიდნენ და ლიდერთა ჯგუფი საბოლოოდ დაიშალა. პელოტონში მყოფ საერთო ჩათვლის ლიდერებს მოვლენათა ამგვარი განვითარება არ აწყობდათ და მალე ისინი აქტიურ მოქმედებაზე გადავიდნენ.

თავიდან ხოაკინ როდრიგესმა სცადა გაქცევა და მის ტემპს ფეხი აუწყვეს რუხანომ და კონტადორმა, ნიბალი კი დროებით ჩამორჩა კონკურენტებს. პელოტონი სულ მალე ათკაციან ჯგუფად გადაკეთდა.

ამასობაში, გაქცეულთა შორის გარცელიმ იაქტიურა და სამთო პრემიების შეგროვება დაიწყო, თუმცა ვეტერანს სახეზე ეტყობოდა, რომ მარტო ვერ მიაღწევდა ფინიშამდე. ნიევე მას 40 წამით ჩამორჩებოდა, მაგრამ ბოლო მთაზე, სადაც გარცელის საბოლოოდ გამოელია ძალები, ბასკი ჯერ დაეწია იტალიელს და შემდეგ გაუსწრო მას.

პელოტონში კი კონტადორი დომინირებდა. მის ტემპს ვერ გაუძლეს ნიბალიმ, მენშოვმა და ანტონმა. ესპანელის გვერდით მხოლოდ სკარპონი და გარდე იყვნენ, მაგრამ ალბერტო კიდევ ერთხელ წამოდგა სკამიდან და უკვე მარტო გაემართა ფინიშისკენ.

საბოლოოდ, წინ მხოლოდ ნიევე და გარცელი რჩებოდნენ, თუმცა მათი კოლოსალური უპირატესობა სწრაფი ტემპით მცირდებოდა. თითქოს ბოლო კილომეტრზე კონტადორი უნდა დაწეოდა ამ დუეტს, მაგრამ ლიდერებმა დიდი გაჭირვებით შეინარჩუნეს პირველი და მეორე ადგილები. ნიევემ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოუტანა ბასკურ გუნდ "ეუსკატელ-ეუსკადის", გარცელი კი "მთის მეფის" მაისურის მოპოვებით დაკმაყოფილდა. ბრწყინვალედ იარა ბოლო აღმართზე სკარპონიმაც. იტალიელმა არამარტო გარდეს გაასწრო, არამედ მინიმუმამდე შეამცირა კონტადორთან ჩამორჩენა და ამის წყალობით მეორე ადგილზე გადაინაცვლა გენერალურ კლასიფიკაციაში.

XV ეტაპი
1. მიკელ ნიევე (ესპ, "ეუსკატელ-ეუსკადი") - 7:27.14; 2. სტეფანო გარცელი (იტა, "აკლა ე საპონე") - +1.41; 3. ალბერტო კონტადორი (ესპ, "საქსობანკი") - +1.51; 4. მიკელე სკარპონი (იტა, "ლამპრე") - +1.57; 5. ჯონ გარდე (საფ, "აჟ2რ") - +2.28 6. ხოსე რუხანო (ვენ, "ანდრონი ჯოკატოლი") - +2.35...

საერთო ჩათვლა
1. ალბერტო კონტადორი (ესპ, "საქსობანკი") - 62:15.29; 2. მიკელე სკარპონი (იტა, "ლამპრე") - +4.20; 3. ვინჩენცო ნიბალი (იტა, "ლიკვიგასი") - +5.11; 4. ჯონ გარდე (საფ, "აჟ2რ") - +6.08; 5. იგორ ანტონი (ესპ, "ეუსკატელ-ეუსკადი") - +6.32; 6. მიკელ ნიევე (ესპ, "ეუსკატელ-ეუსკადი") - +7.03...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული