ჩხუბი ფინიშზე

AutoSharing Option
ჯირო დ'იტალიას მე-17 ეტაპი ერთ-ერთი ყველაზე გრძელი და ყველაზე სკანდალური აღმოჩნდა. ველომრბოლებს ფელტრედან ტირანომდე 230 კილომეტრი უნდა დაეფარათ. ერთი შეხედვით, ეს სამთო ეტაპი იყო მეორე და მესამე კატეგორიის სირთულის მთებით, თუმცა აქ არ იგეგმებოდა გენერალური კლასიფიკაციის ლიდერთა ბრძოლა, რითაც ჯიროს სხვა მონაწილეებს ეძლეოდათ თავის გამოჩენის შანსი.

პირველი 55 კილომეტრი პელოტონში სიმშვიდე იყო შენარჩუნებული, შემდეგ კი 16-კაციანმა ჯგუფმა მოახერხა გაქცევა. მათ შორის რამდენიმე საინტერესო მრბოლელი იყო - კრისტიან ლე მეველი, კონსტანტინ სივცოვი, ჯოვანი ვისკონტი და პაბლო ლასტრასი. მეორე კატეგორიის სირთულის აღმართზე
დაწინაურებულთა უპირატესობამ 8 წუთი შეადგინა.

ლიდერთა ჯგუფში ყველაზე მეტს სივცოვი აქტიურობდა, რომელიც მე-12 იყო გენერალურ კლასიფიკაციაში. ბელარუსს საერთო ჩათვლაში სიტუაციის გაუმჯობესება სურდა, ამიტომაც მისი მონდომება გასაგები იყო. მაგრამ, როგორც კი ის "ვირტუალურ" კლასიფიკაციაში ნიბალის გაუტოლდა, პელოტონში იტალიელის გუნდი "ლიკვიგასი" გააქტიურდა და ლიდერთა უპირატესობამ კლები დაიწყო.

გაქცეულებმა ფინიშამდე 40 კილომეტრით ადრე ისევ მკვეთრად მოუმატეს ტემპს. "ლოკომოტივის" როლში მორიგეობით ვისკონტი და სივცოვი გამოდიოდნენ. ფინიში მთიდან დაშვების შემდეგ სწორ 8-კილომეტრიან მონაკვეთზე იყო დაგეგმილი. მთავარი მოვლენები სწორედ აქ განვითარდა. ვისკონტის მორიგ შეტევას მხოლოდ სამმა მეტოქემ გაუძლო: ლასტრასმა, იან ბაკელანდტსმა და "ლამპრეს" ახალგაზრდა წევრმა დიეგო ულისიმ. ფინიშამდე კილომეტრით ადრე ამ ოთხეულს შორის კლასიკური სპრინტერული გარჩევები დაიწყო.

პირველად წინ ახალგაზრდა ულისი გაიჭრა, მაგრამ მთავარმა ფავორიტმა და ჯგუფურ რბოლაში იტალიის ჩემპიონმა ვისკონტიმ დანარჩენ სამ კონკურენტზე კონტროლის დაწესება სცადა. ბაკელანდტსი ბრძოლას ფინიშამდე 30 მეტრით ადრე გამოეთიშა, ლასტრასმა და ვისკონტიმ კი ერთდროულად დაიწყეს შეტევა. ბოლო მომენტში ვისკონტიმ შიდა რადიუსით წინ გასვლა სცადა, მაგრამ მისი მოძრაობა ულისიმ დაბლოკა. ახალგაზრდა კონკურენტის ასეთი "თავხედობით" განრისხებულმა ვისკონტიმ ორჯერ ხელი უბიძგა ულისის, რომელიც ამჯერად ლასტრასს გადაეღობა. ჯოვანიმ პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი.

ამის შემდეგ ვისკონტი დიდი ხანი უხსნიდა რეპორტიორებს ახალგაზრდა მრბოლელის დანაშაულს, მაგრამ ცხადი იყო, რომ მის ხელის კვრას უყურადღებოდ არ დატოვებდნენ. საბოლოოდ, ვისკონტის დისკვალიფიკაცია მისცეს და მესამე ადგილამდე ჩამოაქვეითეს. გამარჯვებულად ულისი გამოცხადდა, თუმცა გამეორებაზე აშკარად ჩანდა, რომ მან მართლაც გადაუჭრა გზა მეტოქეს, ბოლოს კი იგივე გაუკეთა ლასტრასს. სწორედ ესპანელი იმსახურებდა გამარჯვებას, რადგან ის ერთადერთი იყო, ვინც ბოლო მეტრებზე პატიოსნად იბრძოლა.

XVII ეტაპი
1. დიეგო ულისი (იტა, "ლამპრე") - 5:31.51; 2. პაბლო ლასტრასი (ესპ, "მოვისტარი") - იგივე დრო; 3. ჯოვანი ვისკონტი (იტა, "ფარნეზე") - იგივე დრო; 4. იან ბაკელანდტსი (ბელ, "ლოტო") - +0.04; 5. ფაბიო ტაბორე (იტა, "აკვა ე საპონე") - +0.08; 6. ედუარდ ვორგანოვი (რუს, "კატუშა") - +0.08...

საერთო ჩათვლა
1. ალბერტო კონტადორი (ესპ, "საქსობანკი") - 62:43.37; 2. მიკელე სკარპონი (იტა, "ლამპრე") - +4.58; 3. ვინჩენცო ნიბალი (იტა, "ლიკვიგასი") - +5.45; 5. კონსტანტინ სივცოვი (ბლრ, "ჰაიროუდი") - +9.12; 5. ხოსე რუხანო (ვენ, "ანდრონი ჯოკატოლი") - +9.18...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული