ტურ დე ფრანსის სამგზის ჩემპიონმა ალბერტო კონტადორმა, შესაძლოა, 2011 წლის ივლისამდე შეწყვიტოს კარიერა. სწორედ ივლისის პირველ დეკადაშია დაგეგმილი სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს სხდომა, რომელმაც უნდა განიხილოს ესპანელი ველომრბოლის სახელთან დაკავშირებული დოპინგსკანდალი.
თუმცა არსებობს მოვლენათა განვითარების სხვა ვარიანტი. შესაძლოა, სხდომა სექტემბრისთვის გადაიტანონ და ამ შემთხვევაში კონტადორი შეძლებს 2011 წლის ტურ დე ფრანსზე (2-24 ივლისი) მონაწილეობის მიღებას.
კონტადორის პრესმდივანმა ამ საქმეს რთული უწოდა და განაცხადა, რომ ველომრბოლი და მისი იურისტები ყველაფერი აკეთებენ იმისთვის, რომ ალბერტომ წლის მთავარ ველომარათონში მიიღოს მონაწილეობა.
შეგახსენებთ, შარშანდელი დოპინგსკანდალის
შემდეგ კონტადორი გაამართლა ესპანეთის ველოსპორტის ფედერაციამ, თუმცა ახლა ესპანელ ვარსკვლავს სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივიან ველომრბოლთა საერთაშორისო კავშირი და მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო.