მთავარი ინტრიგა აღარ არსებობს

AutoSharing Option
ალბერტო კონტადორმა უკვე აღიარა, რომ თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, მას გარანტირებული აქვს წლევანდელ ჯიროზე გამარჯვება.

იტალიური ველომარათონის მეოცე ეტაპი ბოლო სამთო დაპირისპირება იყო და მისი ინტრიგა მხოლოდ მეორე-მესამე ადგილებისთვის ბრძოლაში უნდა გვეძებნა. კერძოდ, დიდ ინტერესს იწვევდა იტალიელების - მიკელე სკარპონისა და ვინჩენცო ნიბალის დუელი. ამ ეტაპის ფინიში ცნობილ სამთო-სათხილამურო კურორტ სესტრიერში იყო დაგეგმილი, სადაც ველომრბოლებს მეორე სირთულის კატეგორიის აღმართი ელოდათ, მანამდე კი ძალიან დამრეც მთა დელა ფინესტრეზე ასვლა უწევდათ.

დისტანციის პირველივე კილომეტრებიდან გაქცევა მოახერხა საკმაოდ ძლიერმა ჯგუფმა. აქ იყვნენ:
ერთ-ერთი სამთო ეტაპის გამარჯვებული დიეგო ულისი, ჯიროს ყველაზე აქტიური მრბოლელი იაროსლავ პოპოვიჩი, ბელარუსი ვასილი კირიენკო და სხვა სამთო სპეციალისტები, რომლებსაც გენერალურ კლასიფიკაციაში ყველანაირი შანსი დაკარგული ჰქონდათ. 13-კაციანი ჯგუფის უპირატესობამ პელოტონზე 11 წუთს მიაღწია, რაც მათ ეტაპზე გამარჯვების კარგ შანსს უტოვებდა.

პირველ აღმართზე პელოტონმა ჩამორჩენა ექვს წუთამდე შეამცირა, ამასობაში კი ერთ-ერთმა დაწინაურებულმა - ვასილი კირიანკომ მთაში
ისეთი ტემპი აკრიფა, რომ საბოლოოდ კონკურენტები შემოეცადა და მარტო გააგრძელა გზა. რაც შეეხება პელოტონს, აქაც გამოიკვეთა ლიდერთა ჯგუფი, სადაც, ძირითადად, გუნდების კაპიტნები შედიოდნენ.

მეორე-მესამე ადგილებისთვის ბრძოლაში ნიბალიმ ვერ გაუწია კონკურენცია სკარპონის. ვინჩენცოს აშკარად არ ეყო ბოლო შეტევისთვის ძალები და მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რომ მესამე ადგილი არ დაეკარგა. საბოლოოდ მან ეს მოახერხა და ბოლო ეტაპის წინ წუთზე მეტს აგებს მეორე პოზიციასთან.

ეტაპის გმირი კი კირიენკო აღმოჩნდა. მისი პოზიციები არც მეორე აღმართის გადალახვისას შერყეულა და საბოლოოდ ის მარტო მივიდა ფინიშთან, თანაც უახლოეს მდევართან მისმა უპირატესობამ თითქმის ხუთი წუთი შეადგინა.

გენერალურ კლასიფიკაციაში ძალთა გადანაწილება ჯერ არ დასრულებულა. ბოლო ეტაპზე დროზე ინდივიდუალური რბოლა გაიმართება და, შესაძლოა, მრბოლელბმა ადგილები გაცვალოან. ერთადერთი, რაც არ შეიცვლება, კონტადორის პირველი ადგილია. თანამედროვე ველოსპორტის ლიდერმა მორიგი გრანდ-ტური მოიგო.

XX ეტაპი
1. ვასილი კირიენკო (ბლრ, "მოვისტარი") - 6:17.02; 2. ხოსე რუხანო (ვენ, "ანდრონი ჯოკატოლი") - +4.43; 3. ხოაკინ როდრიგესი (ესპ, "კატუშა") - +4.50; 4. კარლოს ბეტანკური (კოლ, "აკვა ე საპონე") - +5.31; 5. ჯონ გარდე (საფ, "აჟ2პ) - +5.54; 6. მიკელე სკარპონი (იტა, "ლამპრე") - ++5.58...
საერთო ჩათვლა
1. ალბერტო კონტადორი (ესპ, "საქსობანკი") - 83:34.25; 2. მიკელე სკარპონი (იტა, "ლამპრე") - +5.18; 3. ვინჩენცო ნიბალი (იტა, "ლიკვიგასი") - +6.14; 4. ჯონ გარდე (საფ, "აჟ2პ) - ++7.49; 5. ხოაკინ როდრიგესი (ესპ, "კატუშა") - +9.27...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული