ჯიროს დაწყების წინ კონტადორი არც ისე სახარბიელო სიტუციაში იმყოფებოდა - დოპინგსკანდალი, ურთულესი სამთო მარშრუტი და არც ისე დამაჯერებელი გამარჯვება ბოლო ტურ დე ფრანსზე. ეს ნაწილია იმ მიზეზებისა, რის გამოც ეჭვი ეპარებოდათ ესპანელის ფავორიტობაში.
შარშანდელი დოპინგსკანდალი რომ არა, შესაძლოა, ვერ გვეხილა ამ ჯიროზე ესპანელის ასეთი ფანტასტიკური
ბოლო დროს გრანდ-ტურებზე მოდაშია ფრთხილი ტაქტიკა, როცა ფავორიტები არ ცდილობენ ყოველ ეტაპზე შეტევას, ერთმანეთის შეტევებს დარაჯებენ და გენერალური კლასიფიკაციის ძვირფას წამებს ითვლიან. ამის მაგალითი გახდა 2010 წლის ტურ დე ფრანსი, როცა კონტადორი და ლუქსემბურგელი ანდი შლეკი მთელი ველომარათონი გვერდიგვერდ მიდიოდნენ და საბოლოოდ მათ შორის სხვაობამ წუთზე ნაკლები შეადგინა - ზუსტად იმდენი, რამდენიც შლეკმა ერთ-ერთ ეტაპზე ველოსიპედის მწყობრიდან გამოსვლის გამო დაკარგა.
წლევანდელ ჯიროზე ბოლო წლებში ერთ-ერთი უძლიერესი შემადგენლობა შეიკრიბა და სწორედ აქ ვიხილეთ ის კონტადორი, რომელმაც ორი წლის წინ დაამსხვრია ლეგენდარული ლენს არმსტრონგის უძლეველობის მითი. შესაძლოა, წლევანდელი კონტადორი მაშინდელზე უკეთესიც იყო. ესპანელმა მორიგი ტრიუმფისკენ სვლა არასამთო ეტაპზე მოულოდნელი და გაუგებარი შეტევით დაიწყო და ვულკან ეტნაზე დამცინავ სტილში გამარჯვებით გააგრძელა. გუნდის მხრიდან არც ისე ძლიერი მხარდაჭერის მიუხედავად, ის ყოველი ეტაპის მსვლელობას აკონტროლებდა, ტემპს უმატებდა ისეთ სიტუაციებშიც, როცა მეტოქეები ფიზიკური შესაძლებლობების ზღვარზე იყვნენ. ალბერტო კეთილშობილურ ჟესტებსაც მიმართავდა. მაგალითად, მასთან ერთად გაქცეულ ხოსე რუხანოს მოაგებინა ეტაპი გროსგლოკნერზე, მე-19 ეტაპზე კი დიდი ხნის ოცნება აასრულებინა ძველ მეგობარ პაოლო ტირალონგოს. ბოლო ეტაპზეც კი (დროზე ინდივიდუალური რბოლა) ესპანელმა ყველა კონკურენტი დაამარცხა, არადა ფინიშამდე კარგა ხნით ადრე დაიწყო გამარჯვების აღნიშვნა და ნახევარი ძალით მოძრაობდა.
კონტადორის ბრწყინვალე ფონზე დაიკარგა ჯიროს კიდევ ერთი გმირი მიკელე სკარპონი, ერთადერთი ადამიანი პელოტონში, რომელმაც მთებში ბრძოლა გამოუცხადა ესპანელს. მართალია, ამ კონტრშეტევამ იტალიელს ცუდი სამსახური გაუწია, მან მაინც მიაღწია კარიერაში საუკეთესო შედეგს, როცა გენერალური კლასიფიკაციის მეორე პოზიციაზე აღმოჩნდა. სკარპონისგან განსხვავებით, ვინჩენცო ნიბალიმ ვერ გაამართლა იმედები და ისევე როგორც შარშან, ჯირო მესამე ადგილზე დაასრულა. არადა, იტალიელი წელს პირველად მოგვევლინა გუნდის ლიდერად. შარშანდელი ჯიროსგან განსხვავება ის იყო, რომ მაშინ ვინჩენცო პრეტენზიას არ აცხადებდა პოდიუმზე და ივან ბასოს დამხმარე იყო, ახლა კი ბოლო კვირამდე გამარჯვების იმედი ჰქონდა.
ნამდვილ სენსაციად უნდა მოინათლოს ჯონ გარდეს მეოთხე ადგილი. ფრანგმა საკმაოდ გვიან, 25 წლის ასაკში მიიღო პროფესიული მრბოლელის სტატუსი და ბოლო წლებში ახლოსაც არ ყოფილა ფავორიტებთან, ამჯერად კი თითქმის სამი კვირის განმავლობაში ტოლსწორად ებრძოლა ლიდერებს. უნდა აღვნიშნოთ ვენესუელელი ხოსე რუხანო - მან ეტაპი მოიგო და მთებში რამდენიმე ბრწყინვალე შეტევა განახორციელა, რომელსაც გაჭირვებით უძლებდა კონტადორი.
წლევანდელ ჯიროზე ბევრ ბრწყინვალე მომენტს ხაზი გადაუსვა 9 მაისს მომხდარმა ტრაგედიამ, როცა დაშვებისას დაიღუპა ლუქსემბურგული "ლეოპარდის" ბელგიელი წევრი ვოუტერ ვეილანდტი. ეს ტრაგედია სიგნალი იყო რბოლის ორგანიზატორებისთვის, რომლებიც სანახაობრივი მხარის ამაღლების გამო, ხშირად ყოველგვარ საღ აზრს უგულვებელყოფენ. საბედნიეროდ, მე-14 ეტაპზე გააუქმეს მთა კროსტისიდან მეტად სახიფათო დაშვება, ხოლო დაღუპული ვეილანდტის 108-ე ნომერი სამუდამოდ ამოიღეს ხმარებიდან.
XXI ეტაპი
1. მილარი (ბრიტ, Garmin) - 30,13; 2. რასმუსენი (დან, Saxo Bank) - +0,07; 3. კონტადორი (ესპ, Saxo Bank) - +0,36; 4. პორტი (ავსტრა, Saxo Bank) - +0,43; 5. პოპოვიჩი (უკრ, RadioShack) - +0,55; 6. ვან ემდენი (ჰოლ, Rabobank) - +1,02...
საერთო ჩათვლა
1. ალბერტო კონტადორი (ესპ, "საქსობანკი") - 84:05.14; 2. მიკელე სკარპონი (იტა, "ლამპრე") - +6.10; 3. ვინჩენცო ნიბალი (იტა, "ლიკვიგასი") - +6.56; 4. ჯონ გარდე (საფ, "აჟ2პ) - +10.04; 5. ხოაკინ როდრიგესი (ესპ, "კატუშა") - +11.05; 6. რომან კროიციგერი (ჩეხ, "ასტანა") - +11.28...