კონტადორი გააქტიურდა

AutoSharing Option
ტურ დე ფრანსის მეოთხე ეტაპზე პრაქტიკულად ყველა გამარჯვებას ფილიპ ჟილბერს უწინასწარმეტყველებდა, მით უმეტეს, რომ ეტაპის დღეს "ლოტოს" ბელგიელ წევრს დაბადების დღე ჰქონდა და ყველაზე კარგი საჩუქარი ფინიშზე პირველი მისვლა იქნებოდა.

ბოლოს საკუთარ დაბადების დღეზე ეტაპი ერიკ ცაბელმა მოიგო - ეს 1995 წლის 7 ივლისს მოხდა. ახლა იგივეს გაკეთების შანსი ჟილბერს ჰქონდა.

მთავარი კი ეტაპის რელიეფი იყო, რომელიც ყველაზე მეტად სწორედ ბელგიის ჩემპიონს აწყობდა. ეს იყო ტიპიური ერთდღიანი კლასიკური რბოლისთვის დამახასიათებელი დისტანცია მურ-დე-ბრეტანის მთაზე ფინიშით. სწორედ ასეთ რბოლებშია ძლიერი ბელგიელი.

საბოლოოდ,
რთული ეტაპი გამოვიდა, თუნდაც იმიტომ, რომ თითქმის მთელი დისტანციის განმავლობაში წვიმდა და ტემპი დაბალი იყო. რა თქმა უნდა, გაქცევის გარეშე ეტაპს არ ჩაუვლია - პელოტონს დაშორდნენ ყოველთვის აქტიური ჰოლანდიელი ჯონი ჰოოგერლანდი, ორი ესპანელი - იმანოლ ერვიტი და გორკა ისაგირე და ორიც ფრანგი - ბლელ კადრი და ჟერემი რუა. ამ ბიჭებს განსაკუთრებული არაფერი უჩვენებიათ, თუმცა შემხვედრი ქარის გამო პელოტონს ცოტათი მეტი მუშაობა დასჭირდა გაქცეულების დასაწევად.

ამასობაში, მურ-დე-ბრეტანზე ასვლაც დაიწყო. თავიდან ველომრბოლები ქაოტურად მოქმედებდნენ და ალბერტო კონტადორის გარდა ხეირიანი შეტევა არავის უჩვენებია. რა თქმა უნდა, გარკვეული სელექცია იყო: გაიქცა ათი ველომრბოლი, დანარჩენები მათგან ცოტათი მოშორებით იყვნენ, მათ შორის ანდი შლეკი, რომელმაც საბოლოოდ რვა წამი წააგო. ესეც გასაგებია, რადგან ტურის ბევრი ფავორიტი არ მიიჩნევა კლასიკური რბოლების სპეციალისტად.

ამასოშაბი. შეტევაში გაიქცა იურგენ ვან დენ ბროკი, მაგრამ მას დაეწია ფილიპ ჟილბერი, რომელსაც ძალიან უნდოდა გამარჯვება. მაგრამ მთაზე ისეთი მაღალი ტემპი იყო, რომ ბელგიელს შანსი არ ჰქონდა. საფინიშო სპურტი პირველმა ავსტრალიელმა კეიდელ ევანსმა დაიწყო: თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ალბერტო კონტადორმა ტემპი აკრიფა და ავსტრალიელის გასწრება დაიწყო. დაიწყო, მაგრამ ვერ დაამთავრა: ესპანელმა ფინიშის ხაზზე ხელიც კი ასწია გამარჯვების აღსანიშნავად, მაგრამ ფოტოფინიშმა აჩვენა, რომ პირველი ევანსი იყო.

მოულოდნელი გახლდათ ის, რომ ლიდერის ყვითელი მაისურა შეინარჩუნა ტორ ჰუშოვდმა - ნორვეგიელი ათკაციან ჯგუფში ბოლომდე დარჩა და საერთო ჩათვლაში ისევ პირველია.

თავად ეტაპის გამარჯვებული ევანსი ბოლო 50 კილომეტრზე სამჯერ შეჩერდა - ორჯერ ტექნიკური პერსონალისგან მიიღო დახმარება, შემდეგ დაეცა, მაგრამ ამას გავლენა არ მოუხდენია მის ბრწყინვალე გამოსვლაზე.

IV ეტაპი
1. კეიდელ ევანსი (ავსტრა, BMC); 2. ალბერტო კონტადორი (ესპ, SBS) - იგივე დრო; 3. ალექსანდრ ვინოკუროვი (ყაზ, AST) - იგივე დრო; 4. რიგობერტო ურანი (კოლ, SKY) - იგივე დრო; 5. ფილიპ ჟილბერი (ბელ, OLO) - იგივე დრო; 6. ტორ ჰუშოვდი (ნორ, GRM) - იგივე დრო; 7. ფრანკ შლეკი (ლუქ, LEO) - იგივე დრო; 8. სამუელ სანჩესი (ესპ, EUS) - იგივე დრო; 9. იურგენ ვან დენ ბროკი (ბელ, OLO); 10. ანდრეას კლიოდენი (გერ, RSH) - იგივე დრო...

საერთო ჩათვლა
1. ტორ ჰუშოვდი (ნორ, GRM) - 13.58,25; 2. კეიდელ ევანსი (ავსტრა, BMC) - +0,01; 3. ფრანკ შლეკი (ლუქ, LEO) - +0,04; 4. დევიდ მილარი (ბრიტ, GRM) - +0,08; 5. ანდრეას კლიოდენი (გერ, RSH) - +0,10; 6. ბრედლი ვიგინსი (ბრიტ, SKY) - იგივე დრო... 9. ანდი შლეკი (ლუქ, LEO) - +0,12; 11. ტონი მარტინი (გერ, THR) - +0,13... 15. ლევი ლაიპჰაიმერი (აშშ, RSH) - +0,18... 18. ალექსანდრ ვინოკუროვი (ყაზ, AST) - +0,32; 23. ივან ბასო (იტა, LIQ) - +1,03... 26. დამიანო კუნეგო (იტა, LAM) - +1,12; 41. ალბერტო კონტადორი (ესპ, SBS) - +1,42... 55. რომან კროიციგერი (ჩეხ, AST) - +2,29... 57. სამუელ სანჩესი (ესპ, EUS) - +2,36...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული