რეპეტიცია დიდი მთების წინ

AutoSharing Option
ტურ დე ფრანსის მონაწილეებისთვის ჯერ სერიოზული გამოცდა არ დამდგარა, რადგან არ დაწყებულა სერიოზული სამთო ეტაპები, ამიტომაც ნორვეგიელი ტორ ჰუშოვდი ჯერჯერობით ინარჩუნებს ლიდერის ყვითელი მაისურას. თუმცა მერვე ეტაპის ფინიში მესამე კატეგორიის მთაზე იყო დაგეგმილი და ბევრის ვარაუდით, ჰუშოვდს წესით სწორედ აქ უნდა გადაებირებინა ლიდერობა რომელიმე კონკურენტისთვის.

მერვე ეტაპზე ცხრა ძლიერმა ველომრბოლმა მოახერხა გაქცევა. რბოლის წინ გამოთქმული ვარაუდით სწორედ აქ შეიძლებოდა გაქცევა წარმატებით დასრულებულიყო და გარკვეულწილად, პროგნოზი ახდა კიდეც. არადა, პელოტონი არ აპირებდა დაწინაურებულთა ძალიან შორს გაშვებას.

ფინიშამდე 20 კილომეტრით ადრე, მეორე
კატეგორიის მთაზე ლიდერთა ჯგუფი ოთხ კაცამდე შემცირდა - პირველობისთვის ტიჯეი ვან გარდერენი (აშშ), რუი კოშტა (პორტუგალია), სირილ გოტიე (საფრანგეთი), და კრისტო რიბლონი (საფრანგეთი) იბრძოდნენ. სწორ მონაკვეთზე თითოეულმა მათგანმა მარტო გაქცევაც სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.

პელოტონიდან თავდაპირველად პაოლო ტირალონგომ (იტალია) შეუტია, რომლის იერიშს მხარი სხვებმაც აუბეს, შემდეგ კი შეტევა სცადა ცნობილმა ყაზახმა ალექსანდრ ვინოკუროვმა. მან ტირალონგოსთან და ხუან ანტონიო ფლეჩასთან ერთად კარგი ტრიო შექმნა და გაქცეულ კვარტეტს გაეკიდა. თავის მხრივ, არც პელოტონი აპირებდა დანებებას.

ბოლო აღმართზე გადამწყვეტი შეტევა წამოიწყო პორტუგალიელმა რუი კოშტამ, ვინც მთის სპეციალისტი ვან გარდერენიც კი ჩამოიტოვა უკან. ფინიშამდე კილომეტრით ადრე კოშტას უპირატესობა ვინოკუროვზე მხოლოდ 20 წამი იყო, მაგრამ ყაზახს ძირითადი ჯგუფი წამოეწია, რომელიც დიდად არ ცდილობდა პორტუგალიელისთვის ხელის შეშლას.

საბოლოოდ, რუი კოშტამ 12-წამიანი უპიტარესობით მოიგო ეტაპი. ოდნავ დაცილდა პელოტონს ფილიპ ჟილბერი და მეორეზე გავიდა. ამით ბელგიელმა მწვანე მაისურა დაიბრუნა. მესამე იყო კეიდელ ევანსი და თითქოს მას უნდა ჩაებარებინა გენერალურ კლასიფიკაციაში ლიდერობა, მაგრამ ტორ ჰუშოვდმა ბოლო აღმართზე სენსაციურად შეინარჩუნა ძირითად ჯგუფში ადგილი და მეცხრე ეტაპსაც ყვითელი მაისურით დაიწყებს.

VIII ეტაპი. 189 კმ
1. რუი კოშტა (პორ, MOV) - 4.36,46; 2. ფილიპ ჟილბერი (ბელ, OLO) - +0,12; 3. კეიდელ ევანსი (ავსტრა, BMC) - +0,15; 4. სამუელ სანჩესი (ესპ, EUS) - იგივე დრო; 5. პეტერ ველიტსი (სლოვაკ, THR) - იგივე დრო; 6. დრის დევენინსი (ბელ, QST) - იგივე დრო...

საერთო ჩათვლა
1. ტორ ჰუშოვდი (ნორ, GRM) - 33.06,28; 2. კეიდელ ევანსი (ავსტრა, BMC) - +0,01; 3. ფრანკ შლეკი (ლუქ, LEO) - +0,04; 4. ანდრეას კლიოდენი (გერ, RSH) - +0,10; 5. იაკობ ფუგლსანგი (დან, LEO) - +0,12; 6. ანდი შლეკი (ლუქ, LEO) - იგივე დრო; 7. ტონი მარტინი (გერ, THR) - +0,13... 11. ალექსანდრ ვინოკუროვი (ყაზ, AST) - +0,32... 13. ივან ბასო (იტა, LIQ) - +1,03... 15. დამიანო კუნეგო (იტა, LAM) - +1,12... 20. ალბერტო კონტადორი (ესპ, SBS) - +1,42... 29. სამუელ სანჩესი (ესპ, EUS) - +2,36... 42. ლევი ლაიპჰაიმერი (აშშ, RSH) - +4,43... 111. რომან კროიციგერი (ჩეხ, AST) - +25,27...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული