პირველად ეს მთა ტურზე 1910 წელს გაჩნდა და მას შემდეგ ის ფრანგული ველომარათონის თითქმის ყველა მარშრუტშია შეტანილი. თუმცა ტიურმალეზე ფინიში აქამდე ორჯერ შედგა, მათ შორის, შარშან, როცა ანდი შლეკმა მოიგო ეტაპი, მაგრამ ალბერტო კონტადორი ვერ ჩამოიცილა. ტიურმალეს ბოლო დამპყრობი, ვინც საბოლოოდ გენერალური კლასიფიკაცია მოიგო, დიადი ედი მერქსი იყო 1969 წელს.
ფინიში
უკვე პირველივე კილომეტრებზე ლიდერთა სერიოზული ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომელშიც შედიოდნენ ესპანელი ხოსე ივან გუტიერესი, მისი თანამემამულე რუბენ პერესი, ბრიტანელი ჯერაინტ ტომასი და ფრანგები - ჟერემი რუა, ბლელ კადრი და ლორან მანჟელი. დისტანციის პირველ ნახევარზე მათ პელოტონთან უპირატესობა ცხრა წუთამდე გაზარდეს, მაგრამ მთებში ამ ჰანდიკაპმა კლება იწყო. მწვანე მაისურის მფლობელმა მარკ კევენდიშმა ეტაპზე თავისი ამოცანა პირნათლად შეასრულა - ძირითადი ჯგუფის პილოტებიდან პირველმა გადალახა საშუალედო ფინიში.
პირველი ათკილომეტრიანი აღმართის დაძლევისას გაქცეულებს თანდათან წამოეწია ძირითადი ჯგუფი. მწვერვალამდე სულ მცირე იყო დარჩენილი, როცა შეტევაზე გადავიდა სამი ველომრბოლისგან შემდგარი ჯგუფი: ჯონი ჰოგერლანდი "მთის მეფის" მაისურის დაცვას ცდილობდა, სილვენ შავანელი და რომან კროიციგერი კი ეტაპის მოგებაზე ფიქრობდნენ. პირველი მწვერვალი დაიპყრო ლორან მანჟელმა, შავანელმა და კროიციგერმა კი ჰოგერლანდი ჩამოიცილეს და სერიოზულად დაშორდნენ პელოტონს.
დაშვებისას ველომრბოლებმა ძირითად ჯგუფში წაქცევა ვერ აიცილეს თავიდან. საერთო ჩათვის ლიდერი ტომას ვიოკლერი სასწაულებრივ გადაურჩა დაცემას, თუმცა ველოსიპედის გამოცვლაში დრო დაკარგა. სამაგიეროდ, არ გაუმართთლა "რედიოშეკის" ოთხიდან ერთადერთ დარჩენილ ლიდერს ანდრეას კლიოდენს - ის ზურგით დაეცა ასფალტზე, თუმცა რბოლის გაგრძელება შეძლო.
ტიურმალეს ძირში წინ გავიდა ძმები შლეკების გუნდი "ლეოპარდი", რომელიც თავისი სრული უპირატესობის დემონსტრირებას ახდენდა. მათ მიერ დაწესებულ ტემპს სულ მალე ვერ გაუძლეს რობერტ გესინკმა და ტიჯეი ვანგარდერენმა, მალე მათ კრისტიან ვანდეველდეც შეუერთდა. ასევე ჩამორჩა "რაბობანკის" კიდევ ერთი წევრი ლუის ლეონ სანჩესი. ამასობაში, კროიციგერმა მოიშორა შავანელი და ლიდერებს მარტო გაეკიდა.
ტიუარმალეს მწვერვალზე რუამ ტომასს გაუსწრო და ამით "მთის მეფის" მაისურა ჩამოართვა ჰუგერლანდს. დაშვებისას ძირითადი ჯგუფი გაიწელა, რითაც კარგად ისარგებლეს სამუელ სანჩესმა და ფილიპ ჟილბერმა - მათ დატოვეს პელოტონი და წინ გაიჭრნენ, თუმცა მეორე მთის დასაწყისისთვის ბელგიელი "გაჩერდა", სანჩესმა კი შეძლო ბრძოლის გაგრძელება და ეტაპის მოგების კარგი შანსიც მიიღო. მას გვერდში ამოუდგა იელე ვანენდერტი "ლოტოდან". ბელგიელი პატისონად ასრულებდა თავის მოვალეობას და უმსუბუქებდა საქმეს სანჩესს. ძირითად ჯგუფში კი 15 ველომბროლი დარჩა, თუმცა მათ მალე გამოეყვნენ გენერალური კლასიფიკაციის მთავარი ლიდერები.
ყველაზე გასაკვირი ის იყო, რომ ფრანკ შლეკის შეტევებს უძლებდა ყვითელი მაისურის მფლობელი ტომას ვიოკლერი - ფრანგი ასე იოლად არ აპირებდა ლიდერობის დათმობას. უფროსმა შლეკმა იგრძნო, რომ ალბერტო კონტადორი ვერ იყო ფორმაში და საბოლოო შეტევაზე გადავიდა. ფავორიტთა ჯგუფიდან ამას ვერავინ გამოეკიდა. ბოლო კილომეტრზე უფროსი შლეკი მაქსიმალურად მიუახლოვდა ლიდერთა დუეტს და თითქოს ეტაპის მოგების შანსიც ჰქონდა, მაგრამ აქ თავისი საფირმო შეტევა განახორციელა სანჩესმა. "ეუსკატელ-ეუსკადის" ლიდერმა იოლად მოიშორა ბელგიელი და უკეთესი ტაქტიკის წყალობით თავის გუნდს 2003 წლის შემდეგ ტურზე პირველი გამარჯვება მოუტანა.
შლეკი მესამე ადგილზე გავიდა, 20 წამის შემდეგ გადაკვეთეს ფინიშის ხაზი ივან ბასომ, კეიდელ ევანსმა, ანდი შლეკმა და დამიანო კუნეგომ. კონტარდორი ამ ჯგუფში არ აღმოჩნდა - დიადმა ესპანელმა თავის კონკურენტებთან რამდენიმე წამი წააგო და მეტად მტკივნეული მორალური დარტყმა მიიღო.
ყვითელი მაისურა შეინარჩუნა ვიოკლერმა, რომელმაც კონტადორის შემდეგ გადაკვეთა ფინიშის ხაზი, თუმცა ტურზე ვირტუალური ლიდერობა ფრანკ შლეკმა მოიპოვა. როგორც ჩანს, ის უფრო კარგად არის მზად ტურისთვის, ვიდრე მისი უმცროსი ძმა.
XII ეტაპი
1. სამუელ სანჩესი (ესპ, EUS) - 6.01,15; 2. იელე ვანენდერტი (ბელ, OLO) - +0,07; 3. ფრანკ შლეკი (ლუქ, LEO) - +0,10; 4. ივან ბასო (იტა, LIQ) - +0,30; 5. კეიდელ ევანსი (ავსტრა, BMC) - იგივე დრო; 6. ანდი შლეკი (ლუქ, LEO) - იგივე დრო; 7. დამიანო კუნეგო (იტა, LAM) - +0,35; 8. ალბერტო კონტადორი (ესპ, SBS) - +0,43; 9. ტომას ვიოკლერი (საფ, EUC) - +0,50... 14. ლევი ლაიპჰაიმერი (აშშ, RSH) - +1,25... 44. ანდრეას კლიოდენი (გერ, RSH) - +8,26... 48. ტონი მარტინი (გერ, THR) - +9,03...
საერთო ჩათვლა
1. ტომას ვიოკლერი (საფ, EUC) - 51.54,44; 2. ფრანკ შლეკი (ლუქ, LEO) - +1,49; 3. კეიდელ ევანსი (ავსტრა, BMC) - +2,06; 4. ანდი შლეკი (ლუქ, LEO) - +2,17; 5. ივან ბასო (იტა, LIQ) - +3,16; 6. დამიანო კუნეგო (იტა, LAM) - +3,22; 7. ალბერტო კონტადორი (ესპ, SBS) - +4,00; 8. სამუელ სანჩესი (ესპ, EUS) - +4,11... 17. ლევი ლაიპჰაიმერი (აშშ, RSH) - +7,51... 24. ანდრეას კლიოდენი (გერ, RSH) - +10,19... 26. ტონი მარტინი (გერ, THR) - +10,51...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"