ტურის ბედი ალპებში გადაწყდება

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე გამართული ორი ეტაპის შემდეგ საერთო ჩათვლაში მდგომარეობა დიდად არ შეცვლიდა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე შემთხვევაში რელიეფი საკმაოდ რთული იყო, ყველასთვის მოულოდნელად ფრანგმა ტომას ვიოკლერმა შეინარჩუნა ლიდერის ყვითელი მაისურა.

მე-13 ეტაპის მთავარი მთა იყო უმაღლესი კატეგორიის მწვერვალი კოლ დ'ობისკი. მისი სიმაღლე 1700 მეტრია, აღმართის სიგრძე - 20 კილომეტრი. სტარტიდან 30-ე კილომეტრზე წარმატებული გაქცევა განახორციელეს ცნობილმა ველომრბოლებმა - ალესანდრო პეტაკიმ, ტორ ჰუშოვდმა, დავიდ მონკუტიემ და ჟერემი რუამ. მათ კიდევ ხუთმა მრბოლელმა აუბა მხარი. ფინიშამდე 70 კილომეტრით ადრე მათი უპირატესობა ძირითად
ჯგუფთან ოთხ წუთს შეადგენდა. მოგვიანებით სხვაობა ექვს წუთამდე ავიდა.

ამასობაში, კოლ დ'ობისკზე ასვლის დრო მოვიდა და აქ ფრანგების აქტიურობის ჯერი დადგა. მწვერვალზე პირველად ასვლის შემთხვევაში რუა "მთის მეფის" მაისურის მფლობელი გახდებოდა. ეს სურვილი იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ ჟერემი ლიდერთა ჯგუფს გაექცა და მწვერვალამდე პირველმა მიაღწია. მას მისდევდა მონკუტიე, ხოლო მესამე იყო ჰუშოვდი, რომელიც ლიდერთან 100 წამს აგებდა.

ამ მომენტისთვის პელოტონი რუასთან 8 წუთს აგებდა და ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ძირითადი ჯგუფიდან ვეღარავინ შეძლებდა პოდიუმისთვის ბრძოლას. საბოლოოდ, ასეც მოხდა.

რუა დიდი მონდომებით ცდილობდა თავისი უპირატესობის შენარჩუნებას, ჰუშოვდი კი თანდათან ამცირებდა მონკუტიესთან ჩამორჩენას და დაეწია კიდეც ფრანგს. სანამ ნორვეგიელი მონკუტიეს ებრძოდა, რუამ გარკვეული ხანი უპრობლემოდ შეინარჩუნა კომფორტული უპირატესობა. და უკვე თავად დაიჯერა, რომ ფინიშზე პირველი მივიდოდა, მაგრამ სწორედ ამ დროს დაიწყო ჰუშოვდმა კარგად მომზადებული შეტევა, რომელსაც ვერც მონკუტიემ და ვერც რუამ ვერაფერი დაუპირისპირეს.

საფინიშო სწორ მონაკვეთზე პირველი ნორვეგიელი გავიდა, ათი წამით შემდეგ იქ განაწყენებული მონკუტიე გამოჩნდა. განაწყენებული იმიტომ, რომ კოლ დ'ობისკის მთა მან რუასთან წააგო, ეტაპი - ჰუშოვდთან. აღსანიშნავია, რომ ტორი გახდა ბოლო ცხრა წლის განმავლობაში მსოფლიოს პირველი ჩემპიონი, რომელმაც ტურ დე ფრანსის ეტაპის მოგება მოახერხა. "მთის ახალმა მეფემ" ჟერემი რუამ ფინიშის ხაზი 26 წამის შემდეგ გადაკვეთა.

* * *
მე-14 ეტაპს ყველაზე მეტად ელოდნენ ტურის თაყვანისმცემლები, რადგან ფინიში დაგეგმილი იყო ლეგენდარულ მთაზე - პლატო დე ბეიზე, თუმცა ვერც ამჯერად ვიხილეთ სერიოზული ცვლილებები გენერალურ კლასიფიკაციაში.

ტურის ისტორიაში ოთხჯერ იყო ფინიში პლატო დე ბეიზე და ყოველთვის ეტაპის გამარჯვებული საბოლოოდ, ველომარათონის ტრიუფმატორი ხდებოდა: 1998 წელს - მარკო პანტანი, 2002 და 2004 წლებში - ლენს არმსტრონგი და 2007 წელს - ალბერტო კონტადორი.

პლატო დე ბეის გარდა ამ ეტაპზე სხვადასხვა კატეგორიის სირთულის კიდევ ხუთი მწვერვალი იყო, ამიტომაც მრბოლელებს მოსაწყენად არ ეცალათ. ეტაპის წინ მოქმედმა ჩემპიონმა კონტადორმა განაცხადა, რომ არა მხოლოდ ძმები შლეკებისგან ელოდება შეტევას, არამედ თავადაც აპირებდა საპასუხო დარტყმის შესრულებას.

რა თქმა უნდა, ტრადიციულად იყო რამდენიმე გაქცევა, ბრძოლა სამთო ბონუსებისთვის, მაგრამ ყველაფერი პლატო დე ბეის აღმართზე გადაწყდა. ამ დროისთვის ძმები შლეკები თავიანთ გრეგარების გარეშე იყვნენ დარჩენილები. მათ თავიანთი შეტევებით "გაწელეს" პელოტონი, თუმცა ლუქსემბურგელ ფავორიტებს ბევრი არაფერი გამოუვიდათ. საოცარია, მაგრამ მათ ფონზე ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდა ყვითელი მაისურის მფლობელი ტომას ვიოკლერი. "ევროპკარის" ლიდერი ჯერ გრეგარი პიერ როლანის დახმარებით, შემდეგ კი მარტო გადიოდა ჯგუფის წინ და პირველი იგერიებდა კონკურენტთა მოკრძალებულ შეტევებს. ამით მან ყველას მიანიშნა, რომ ყვითელი მაისურის დათმობას ასე იოლად არ აპირებს.

შლეკებზე უკეთ ვერც კონტადორი გამოიყურებოდა. სამაგიეროდ, მეორე სუნთქვა გაეხსნა ივან ბასოს, რომელმაც ერთხელ ისეთი ტემპი აკრიფა, რომ ვერც ერთმა მეტოქემ შეტევა ვერ გაბედა. ფავორიტთა ჯგუფმა წინ უპრობლემოდ მხოლოდ 26 წლის ბელგიელი იელე ვანენდერტი გაატარა, რომელიც საერთო ჩათვლაში ათ წუთზე მეტს აგებდა. მან იოლად მოიპოვა კომფორტული უპირატესობა. ფინიშამდე ოთხი კილომეტრით ადრე იერიშზე სამუელ სანჩესიც გადავიდა და ძირითადმა ჯგუფმა ისიც მშვიდად გაუშვა. ცხადი იყო, რომ ესპანელი ძალიან შორს ვერ წავიდოდა, ამიტომაც გენერალური კლასიფიკაციის მერვე ნომრისთვის განსაკუთრებით დაღლა არ ღირდა. სანჩესმა ბელგიელის დაწევა სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა და ვანენდერტმა კარიერაში პირველად მოიგო ტურის ეტაპი.

რაც შეეხება ძირითად ჯგუფში ბრძოლას, ანდი შლეკმა კონკურენტებს მიზერული ორი წამი მოუგო, საერთო ჩათვლაში კი სანჩესმა ადგილი გაუცვალა დამიანო კუნეგოს. საერთო ჯამში კი, ეტაპმა არ გაამართლა მაყურებლის მოლოდინი. შესაძლოა, ალპებში უფრო მეტი მხიარულება იქნება.

XIII ეტაპი
1. ტორ ჰუშოვდი (ნორ, GRM) - 3.47,36; 2. დავიდ მონკუტი (საფ, COF) - +0,10; 3. ჟერემი რუა (საფ, FDJ) - +0,26; 4. ლარ ბაკი (დან, THR) - +5,00; 5. ჟერომ პინო (საფ, QST) - +5,02; 6. ედვალდ ბოასონ ჰაგენი (ნორ, SKY) - +5,03... 17. ტომას ვიოკლერი (საფ, EUC) - +7,37... 19. ანდი შლეკი (ლუქ, LEO) - იგივე დრო... 24. სამუელ სანჩესი (ესპ, EUS) - იგივე დრო... 25. კეიდელ ევანსი (ავსტრა, BMC) - იგივე დრო; 26. დამიანო კუნეგო (იტა, LAM) - იგივე დრო; 27. ტონი მარტინი (გერ, THR) - იგივე დრო... 38. ალბერტო კონტადორი (ესპ, SBS) - იგივე დრო... 42. ფრანკ შლეკი (ლუქ, LEO) - იგივე დრო... 49. ივან ბასო (იტა, LIQ) - იგივე დრო... 54. ლევი ლაიპჰაიმერი (აშშ, RSH) - იგივე დრო...
XIV ეტაპი
1. იელე ვანენდერტი (ბელ, OLO) - 5.13,25; 2. სამუელ სანჩესი (ესპ, EUS) - +0,21; 3. ანდი შლეკი (ლუქ, LEO) - +0,46; 4. კეიდელ ევანსი (ავსტრა, BMC) - +0,48; 5. რიგობერტო ურანი (კოლ, SKY) - იგივე დრო; 6. ალბერტო კონტადორი (ესპ, SBS) - იგივე დრო; 7. ტომას ვიოკლერი (საფ, EUC) - იგივე დრო; 8. ფრანკ შლეკი (ლუქ, LEO) - იგივე დრო... 11. ივან ბასო (იტა, LIQ) - იგივე დრო... 12. დამიანო კუნეგო (იტა, LAM) - +1,27... 39. ლევი ლაიპჰაიმერი (აშშ, RSH) - +9,45... 68. ტონი მარტინი (გერ, THR) - +17,03...
საერთო ჩათვლა
1. ტომას ვიოკლერი (საფ, EUC) - 61.04,10; 2. ფრანკ შლეკი (ლუქ, LEO) - +1,49; 3. კეიდელ ევანსი (ავსტრა, BMC) - +2,06; 4. ანდი შლეკი (ლუქ, LEO) - +2,15; 5. ივან ბასო (იტა, LIQ) - +3,16; 6. სამუელ სანჩესი (ესპ, EUS) - +3,44; 7. ალბერტო კონტადორი (ესპ, SBS) - +4,00; 8. დამიანო კუნეგო (იტა, LAM) - +4,01... 25. ლევი ლაიპჰაიმერი (აშშ, RSH) - +16,48...

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული