ეტაპი რამდენიმე ველმორბოლის უშედეგო შეტევებით დაიწყო. პელოტონმა საათში 50 კილომეტრი სიჩქარე განავითარა და არავის აძლევდა გაქცევის საშუალებას. ბოლოს, როგორც იქნა, ველომრბოლების სოლიდურმა ჯგუფმა მაინც შეძლო მცირე ჰანდიკაპის შექმნა და თანდათან დაშორდა პელოტონს. დაწინაურებულებს შორის იყვნენ: ევალდ ბოასონ ჰაგენი, ტორ ჰუშოვდი, ტონი მარტინი,
ყვითელი მაისურის ყოფილი მფლობელი ჰუშოვდი ბონუსურ ქულებს არ გამოკიდებია და საშუალედო ფინიში წააგო ბელგიელ დრის დევენეინსთან. ერთ-ერთი დაღმართი კარგად გაიარა იგნატიევმა და მარტო გაუდგა ფინიშისკენ გზას. ის კარგა ხანი ლიდერობდა, მაგრამ შემდეგ სკანდინავიური წარმოშობის კანადელი რიუდერ ჰეშედალი წამოეწია.
პელოტონიდან მოულოდნელად შეუტია ალბერტო კონტადორმა. ეს ბოლო მთაზე მოხდა. პირენეებში ესპანელს დაცვითი ტაქტიკა ჰქონდა არჩეული, მაგრამ თანდათან ფორმაში შევიდა და ახლა ორჯერ დაშალა ძირითადი ჯგუფი. მეტოქეები რეაგირებდნენ ამ შეტევებზე, მაგრამ ისიც ჩანდა, რომ ძმები შლეკები და ივან ბასო მთლად მხნედ ვერ გამოიყურებოდნენ. ერთ-ერთი ასეთი გარღვევისას კონტადორმა თან წაიყოლა კეიდელ ევანსი და სამუელ სანჩესი და ნახევარი წუთით გაექცა გენერალური კლასიფიკაციის სხვა ლიდერებს.
როგორც ჩანს, ორმა ესპანელმა ამ ეტაპის ერთმანეთში გათამაშება გადაწყვიტა: ჯერ კონტადორს უნდა აეყვანა მთაზე სანჩესი, შემდეგ კი დაშვებისას ეს უკანასკნელი გზას გაუკვლევდა თანამემამულეს. მაგრამ წვიმამ ძალიან დაასველა ტრასა და "მეამბოხეებს" ჩანაფიქრი არ გამოუვიდათ. დაშვებისას სანჩესი ისევ მესამე იყო, ხოლო ეს ჯგუფი ყოფილ მაუნტინბაიკერ ევანსს მიჰყავდა.
ამასობაში, გაქცეულთა ჯგუფში იგნატიევს ჰუშოვდი და ჰაგენიც დაეწივნენ და ეტაპზე გამარჯვებისთვის სამი ნორვეგიული გვარის მფლობელი იბრძოდა. სავარაუდოდ, ეს დამთხვევა არ ყოფილა და ჩრდილოელებს მართლაც უადვილდებათ წვიმაში და ცივ ამინდში რბოლა. ბოლო კილომეტრებზე ჰუშოვდი და ჰაგენი მორიგეობით ლიდერობდნენ ჯგუფს და საფირმო სპურტზე აკეთებდნენ აქცენტს. კანადელი ჰეშედალი ამ ბრძოლაში არ ჩარეულა და გვერდზე გადგა, ჰუშოვდს კი
ბოლო შეტევისთვის მეტი ძალა დარჩა და მსოფლიოს ჩემპიონმა იოლად მოიგო ამ ტურზე მეორე ეტაპი.
გენერალური კლასიფიკაციის ლიდერებს შორის პირველი ფინიშთან ევანსი მივიდა - მან ბოლოსკენ შეუტია და ესპანელ თანამგზავრებს ორი წამი მოუგო. ყვითელი მაისურის ჯგუფმა ამ ტრიოსთან 20 წამი წააგო. ეს ბევრი არ არის, მაგრამ კონტადორმა და ევანსმა მორალური გამარჯვება მოიპოვეს. "პისტოლერომ" (კონტადორის მეტსახელი) პირველი გასროლა შეასრულა და ეს არ იქნება მისი ბოლო შეტევა. ასე რომ, ალპებში საინტერესო ეტაპებს უნდა ველოდოთ.
XVI ეტაპი
1. ტორ ჰუშოვდი (ნორ, GRM) - 3.31,38; 2. ედვალდ ბოასონ ჰაგენი (ნორ, SKY) - იგივე დრო; 3. რიუდერ ჰეშედალი (კან, GRM) - +0,02; 4. ტონი მარტინი (გერ, THR) - +0,38; 5. მიხაილ იგნატიევი (რუს, KAT) - +0,52; 6. ალან პერესი (ესპ, EUS) - +1,25... 11. კეიდელ ევანსი (ავსტრა, BMC) - +4,23; 12. ალბერტო კონტადორი (ესპ, SBS) - +4,26; 13. სამუელ სანჩესი (ესპ, EUS) - იგივე დრო... 18. ტომას ვიოკლერი (საფ, EUC) - +4,44... 22. ფრანკ შლეკი (ლუქ, LEO) - იგივე დრო... 23. დამიანო კუნეგო (იტა, LAM) - იგივე დრო... 30. ივან ბასო (იტა, LIQ) - +5,17... 36. ანდი შლეკი (ლუქ, LEO) - +5,32... 68. ლევი ლაიპჰაიმერი (აშშ, RSH) - +8,08...
საერთო ჩათვლა
1. ტომას ვიოკლერი (საფ, EUC) - 69.00,56; 2. კეიდელ ევანსი (ავსტრა, BMC) - +1,45; 2. ფრანკ შლეკი (ლუქ, LEO) - +1,49; 3. ანდი შლეკი (ლუქ, LEO) - +3,03; 5. სამუელ სანჩესი (ესპ, EUS) - +3,26; 6. ალბერტო კონტადორი (ესპ, SBS) - +3,42; 7. ივან ბასო (იტა, LIQ) - +3,49; 8. დამიანო კუნეგო (იტა, LAM) - +4,01... 26. ლევი ლაიპჰაიმერი (აშშ, RSH) - +20,12...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"