ასეთი ტური დიდი ხანია არ გვინახავს

AutoSharing Option
ყველამ კარგად ესმოდა, რომ ბოლო ორი ალპიური ეტაპი გადამწყვეტი იქნებოდა წლევანდელ ტურში. მართალია, გენერალურ კლასიფიკაციაში ჯერ არაფერია გარკვეული, მაგრამ მე-18 ეტაპმა ბევრ კითხვას გასცა პასუხი. რაც მთავარია, ახლა თითქმის დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ ტურ დე ფრანსს ახალი ჩემპიონი ეყოლება.

ამ ეტაპზე ველომრბოლებს უმაღლესი კატეგორიის სირთულის სამი მთა უნდა გადაელახათ. აქედან ერთი - ანჟელი ტურის ისტორიაში ყველაზე მაღალია (2744 მეტრი). ასევე რთული უნდა ყოფილიყო ფინიში გალიბიეს მთაზე: 8.5 კილომეტრი აღმართი, რომლის დახრილობა ცხრა პროცენტს აღწევდა.

ყველაზე საინტერესო ფინიშამდე 60 კილომეტრით
ადრე დაიწყო, როცა მეორე მთაზე პელოტონს ანდი შლეკმა შეუტია და მთავარი ფავორიტებიდან ვერავინ გარისკა რეაგირება. რთული სათქმელია, როდის მოიფიქრეს ძმებმა შლეკებმა ეს ავანტურული იერიში, მაგრამ ფაქტია, რომ უმცროსი ძმა ვა-ბანკზე წავიდა, უფროსი კი ძირითად ჯგუფში ალბერტო კონტადორის სადარაჯოდ დარჩა. სულ რაღაც ორი კილომეტრის შემდეგ ანდი უკვე წუთს უგებდა პელოტონს.

მეორე მთიდან დაშვებისას შლეკს პირველი გაქცევისას დაწინაურებული თანაგუნდელი მაქსიმ მონფორტი ელოდა. ანდი გაქცეულების ერთ-ერთ ჯგუფს შეუერთდა და პარტნიორის დახმარებით უკვე ორწუთნახევრამდე გაზარდა პელოტონთან უპირატესობა.

გალიბიეს ძირში ანდი შლეკის ჯგუფი დაეწია წინ ეულად მიმავალ ლიდერ მაქსიმ იგლინსკის. "ლეოპარდის" წევრები წინ მარტო მუშაობდნენ, მაგრამ რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, პელოტონთან უპირატესობა მხოლოდ იზრდებოდა. კეიდელ ევანსის, ივან ბასოსა და კონტადორის გრეგარები შეწყობილად ვერ მოქმედებდნენ, თავად კაპიტნები კი დროზე ადრე შეტევას ვერ რისკავდნენ. საბოლოოდ, ასეთი ტემპის გამო პელოტონს ჩამორჩენილებიც დაეწივნენ, ანდი შლეკი კი წინ თანდათან იშორებდა თანამგზავრებს და მალე მისმა უპირატესობას ოთხ წუთს გადააჭარბა.

ბოლო მთის დახრილობის ზრდასთან ერთად პელოტონის წევრები მიხვდნენ, რომ გადამწყვეტ მოქმედებაზე გადასვლა იყო საჭირო და წინ გავიდნენ ევანსი და კონტადორი. ავსტრალიელი კარგა ხანი მარტო "მიათრევდა" ტურის ჩემპიონსა და მთელს პელოტონს. მას არავინ ენაცვლებოდა და ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ კონტადორი უსინდისოდ იქცეოდა და ევანსს უმოწყალო ექსპლუატაციას უწევდა. მაგრამ მალე გაირკვა ყველაფერი - ალბერტოს ძალა არ ჰქონდა შლეკის შეტევის მოსაგერიებლად და ის მალე ჩრდილში წავიდა. დამხმარეების გარეშე დარჩენილი ევანსი კი დიდი გაჭირვებით ამცირებდა ანდისთან ჩამორჩენას.

პირველმა რბოლის რითმს სამუელ სანჩესმა ვერ გაუძლო. ფინიშამდე ორი კილომეტრით ადრე კი თვით კონტადორიც ჩამორჩა. ბოლოსკენ ევანსს ბასო შეუერთდა და ამ დუეტმა ყვითელი მაისურა შეანარჩუნებინა ტომას ვიოკლერს. ამასობაში, ფრანკ შლეკმა შეუტია და ეს სამეული უკან ჩამოიტოვა, რითაც მან საერთო ჩათვლაში ევანსის გასწრება და მესამე ადგილზე გადასვლა შეძლო. ვიოკლერი ამ ჯგუფიდან ბოლო მივიდა ფინიშთან. ნახევრად გონწასულმა ფრანგმა მოასწრო წამზომის ნახვა, გახარებულმა ხელები ზემოთ აღმართა და შემდეგ ღონემიხდილი ასფალტზე დაეცა.

კონტადორი კი ფინიშზე სამი წუთისა და 5 წამის ჩამორჩენით მივიდა და შემდეგ აღიარა, რომ ასეთ სიტუაციაში ტურის მოგება შეუძლებელი იქნება.

* * *
გუშინდელი ეტაპი ერთ-ერთი ყველაზე მოკლე იყო ტურზე (109 კმ), მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე რთული. ველომრბოლებს უწევდათ გალიბიეზე კიდევ ერთხელ ასვლა, ხოლო ფინიში ლეგენდარულ ალპ დ'იუეზზე იყო დაგეგმილი.

თავდაპირველად იყო ტრადიციული გაქცევა ნაცნობი სახეებით - ჯონი ჰოგერლანდი, ხუან ანტონიო ფლეჩა, იგლინსკი, კრისტოფ რიბლონი და სხვები. მაგრამ, როგორც კი ველომრბოლები პირველ რთულ აღმართს შეუდგნენ, მთელი ყურადღება პელოტონზე გადავიდა. კონტადორმა ფინიშამდე 90 კილომეტრით ადრე დაიწყო შეტევა, რითაც ანდი შლეკის წინა დღის იერიშს უპასუხა. ესპანელს თავდაპირველად სწორედ ანდი გამოეკიდა, მოგვიანებით მათ შეუერთდნენ ევანსი და ვიოკლერი.

ამასობაში, ლიდერთა ჯგუფს ჩამოშორდა ევანსი, რომელსაც ველოსიპედი დაუზიანდა. მოგვიანებით ჩამორჩა ვიოკლერიც. კონტადორი და შლეკი კი გაქცეულებს დაეწივნენ და იქ მოკავშირეების ძებნა დაიწყეს, რათა საბოლოოდ გაქცეოდნენ კონკურენტებს.

ძალიან გაუჭირდა ყვითელი მაისურის მფლობელ ვიოკლერს. ის თანდათან კარგავდა ლიდერებთან შეერთების იმედს. გადამწყვეტი აღმართის წინ ფრანგის ჯგუფი პელოტონს შეუერთდა და შეიძლება ითქვას, რბოლა თავიდან დაიწყო, რადგან აქვე იყვნენ ფავორიტები. პირველი მთაში ფრანგული ველოსპორტის ამომავალი ვარსკვლავი პიერ როლანი გაიქცა, მაგრამ მისი აქტიურობა არაფრად ჩააგდეს გენერალური კლასიფიკაციის ლიდერებმა. პირველმა "ფეხი შეამოწმა" ევანსმა, მაგრამ ავსტრალიელის შეტევა სწრაფად დაიჭირეს შლეკებმა. თუმცა კონტადორის შემდეგი იერიში უპასუხოდ დარჩა. ესპანელმა სულ რაღაც ერთ კილომეტრში ნახევარი წუთი მოიგო და ლიდერებს დაეწია. ვერც როლანი, ვერც მისი მეწყვილე ჰეშედალი და პელოტონის სხვა წევრი ვერ უძლებდა კონტადორის ტემპს. თუმცა ფინიშამდე კიდევ 12 კილომეტრი რჩებოდა და ესპანელის შეტევა, შეიძლება ნაადრევი გამომდგარიყო.

კონტადორს ეტაპზე გამარჯვება თუ სურდა, გადამწყვეტი დარტყმა სადღაც შვიდი-რვა კილომეტრით ადრე უნდა განეხორციელებინა, მაგრამ მაქსიმალისტი ალბერტო ვა-ბანკზე წავიდა და ვინ იცის, გულის სიღრმეში, შესაძლოა, ყვითელ მაისურზეც ფიქრობდა. ბოლოს ასეთი ავანტურა მარკო პანტანის გასული საუკუნის ბოლოს გამოუვიდა, მაგრამ მას შემდეგ ველოსპორტი ძალიან შეიცვალა. შესაძლოა, ტურის სამგზის ჩემპიონს მართლაც მოეგო პრესტიჟის ეტაპი, მაგრამ მას "საჩუქარი" გაუკეთა თანამემამულემ და მეგობარმა სამუელ სანჩესმა, რომელმაც ბოლო კილომეტრებზე მიუყვანა როლანი.

სანჩესს იმედი ჰქონდა, რომ თავისი საფირმო სპურტით ეტაპს მოიგებდა, მაგრამ ახალგაზრდა ფრანგმა ბრწყინვალე შეტევით ესპანელები უსაქმოდ დატოვა. როგორც ჩანს, საფრანგეთს მართლაც ეზრდება ვარსკვლავი, რომელიც დიდხნიანი შესვენების შემდეგ ქვეყანას ტიტულს დაუბრუნებს.

მდევართა ჯგუფი ბოლო კილომეტრებს მშვიდად გადიოდა, რადგან გრძნობდა, რომ კონტადორი ბევრს ვერ მოუგებდა. მხოლოდ ბოლო კილომეტრზე გააქტიურდა დამიანო კუნეგო, რომელსაც მხარი ევანსმა აუბა, შემდეგ კი შლეკები გადავიდნენ კონტრშეტევაზე. სპრინტი უკეთ ავსტრალიელს გამოუვიდა, მაგრამ მაინც ვერაფერი მოუგო კონკურენტებს.

დღეს კი დროზე განცალკევებითი რბოლაა. ანდი შლეკსა და კეიდელ ევანსს შორის წუთზე ნაკლებია სხვაობა. თითქმის ანალოგიურ სიტუაციაში, სამი წლის წინ, ევანსმა ვერ გააბათილა წუთნახევრიანი სხვაობა კარლოს სასტრესთან, სამაგიეროდ, ყოველთვის უგებდა შლეკებს წუთზე მეტს. ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან საინტერესო ეტაპი გველის, სადაც ორივე პრეტენდენტს თანაბარი შანსი აქვთ. სხვათა შორის, უფროსი შლეკიც ჩამოწერაც არ შეიძლება.

XVIII ეტაპი
1. ანდი შლეკი (ლუქ, LEO) - 6.07,56; 2. ფრანკ შლეკი (ლუქ, LEO) - +2,07; 3. კეიდელ ევანსი (ავსტრა, BMC) - +2,15; 4. ივან ბასო (იტა, LIQ) - +2,18; 5. ტომას ვიოკლერი (საფ, EUC) - +2,21; 6. პიერ როლანი (საფ, EUC) - +2,27; 7. დამიანო კუნეგო (იტა, LAM) - +2,33... 15. ალბერტო კონტადორი (ესპ, SBS) - +3,05... 18. სამუელ სანჩესი (ესპ, EUS) - +4,42...

XIX ეტაპი
1. პიერ როლანი (საფ, EUC) - 3.13,25; 2. სამუელ სანჩესი (ესპ, EUS) - +0,14; 3. ალბერტო კონტადორი (ესპ, SBS) - +0,23; 4. პეტერ ველიტსი (სლოვაკ, THR) - +0,57; 5. კეიდელ ევანსი (ავსტრა, BMC) - იგივე დრო; 6. ტომას დე გენტი (ბელ, VCD) - იგივე დრო; 7. დამიანო კუნეგო (იტა, LAM) - იგივე დრო; 8. ფრანკ შლეკი (ლუქ, LEO) - იგივე დრო; 9. ანდი შლეკი (ლუქ, LEO) - იგივე დრო... 15. ივან ბასო (იტა, LIQ) - +2,06... 20. ტომას ვიოკლერი (საფ, EUC) - +3,22...

საერთო ჩათვლა
1. ანდი შლეკი (ლუქ, LEO) - 82.48,43; 2. ფრანკ შლეკი (ლუქ, LEO) - +0,53; 3. კეიდელ ევანსი (ავსტრა, BMC) - +0,57; 4. ტომას ვიოკლერი (საფ, EUC) - +2,10; 5. დამიანო კუნეგო (იტა, LAM) - +3,31; 6. ალბერტო კონტადორი (ესპ, SBS) - +3,55; 7. სამუელ სანჩესი (ესპ, EUS) - +4,22; 8. ივან ბასო (იტა, LIQ) - +4,40...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული