142-კილომეტრიანი მარშრუტის ფინიში ლანგლირუს ლეგენდარულ მთაზე იყო დაგეგმილი, რომელზეც ველომრბოლებს 13 პროცენტი დახრილობის 7-კილომეტრიანი აღმართი უნდა დაეძლიათ.
ეტაპის მსვლელობისას, ტრადიციულად იყო შეტევები იმ ველომრბოლებისგან, რომლებიც პრეტენზიას არ აცხადებენ საერთო ჩათვლაში გამარჯვებაზე. პირველი ასეთი შეტევა გამოუვიდა ამერიკელ ენდრიუ ტალანსკის, რომელსაც ფრანგი დიმიტრი შამპიონი და გერმანელი სიმონ გეშკე აყვნენ. პირველი საშუალედო ფინიში 27-ე კილომეტრზე სწორედ გეშკემ მოიგო.
შემდეგ იყო პირველი სერიოზული მთა
პელოტონში საკმაოდ დამაჯერებლად გრძნობდა თავს ლიდერის წითელი მაისურის მფლობელი ბრედლი უიგინსი, ძირითად ჯგუფს კი სათავეში ნიბალი და საგანი ედგნენ.
ფინიშის მოახლოებასთან ერთად, ფავორიტთა აქტიურობაც გაიზარდა. გაქცევა სცადა შარშანდელი ვუელტას ერთ-ერთმა გმირმა იგორ ანტონმა, მაგრამ უფრო შთამბეჭდავი იყო მეორე ესპანელის - ხუან ხოსე კობოს იერიში, რომელიც ფინაშამდე ოთხი კილომეტრით ადრე ჩაუდგა სათავეში რბოლას და სულ მალე კონკურენტებზე 30-წამიანი უპირატესობა მოიპოვა.
მისი შემჩერებელი არავინ იყო და საბოლოოდ, ბასკმა უახლოეს მდევარს 48 წამი მოუგო. რაც მთავარია, ამ გარღვევამ კობოს ლიდერის წითელი მაისური და ვუელტას მოგების რეალური შანსი მოუტანა, არადა, აქამდე კობო ესპანურ ველომარათონში მეათე ადგილზე ზემოთ არასოდეს ასულა, ამიტომაც არავინ მიიღო სათვალავში მისი შეტევა.
რაც შეეხება წინა ლიდერს, ბრიტანელ ბრედლი უიგინსს, მან კობოსთან წუთი და 20 წამი წააგო და გენერალურ კლასიფიკაციაში ჩამოქვეითდა.
გუშინ, ვუელტაზე დასვენების დღე იყო, დღეს კი ველომრბოლები ბასკეთს ეწვევიან - პირველად ბოლო 33 წლის განმავლობაში.
XV ეტაპი
1. ხუან ხოსე კობო (ესპანეთი, Geox) - 4:01.55; 2. ვოუტერ პოელსი (ჰოლანდია, Vacansoleil) - +0.48; 3. დენის მენშოვი (რუსეთი, Geox) - იგივე დრო; 4. კრისტოფერ ფრუმი (ბრიტანეთი - Team Sky) - +0.49; 5. ბრედლი უიგინსი (ბრიტანეთი - Team Sky) - +1.20; 6. იგორ ანტონი (ესპანეთი, Euskaltel-Suakdi) - იგივე დრო...
საერთო ჩათვლა
1. ხუან ხოსე კობო (ესპანეთი, Geox) - 59:57.16; 2. კრისტოფერ ფრუმი (ბრიტანეთი - Team Sky) - +0.20; 3. ბრედლი უიგინსი (ბრიტანეთი - Team Sky) - +0.46; 4. ბოკ მოლემა (ჰოლანდია, Rabobank) - +1.36; 5. მაქსიმ მონფორი (ბელგია - Leopard-Trek) - +2.37; 6. დენის მენშოვი (რუსეთი, Geox) - +3.01; 7. იაკობ ფუგლსანგი (დანია, Leopard-Trek) - +3.06; 8. ვინჩენცო ნიბალი (იტალია, Liquigas) - +3.27; 9. იურგენ ვან დენ ბრეკი (ბელგია, Omega Pharma-Lotto) - +3.58; 10. ვოუტერ პოელსი (ჰოლანდია, Vacansoleil) - +4.13...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"