კიდევ ერთი დასჯილი

AutoSharing Option
სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ ორწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა გერმანელი იან ულრიხი, რომელმაც 1997 წელს ტურ დე ფრანსი მოიგო. ულრიხი დასჯილია იმის მიუხედავად, რომ 2007 წლის თებერვალში სპორტული კარიერა დაასრულა.

ულრიხი სხვა რამდენიმე ცნობილ ველომრბოლთან ერთად გადიოდა გახმაურებულ დოპინგ-სკანდალში, რომელმაც "ოპერაცია პუერტოს" სახელწოდება მიიღო. 2006 წელს ესპანეთის პოლიციამ გრანდიოზული გამოძიება ჩაატარა და ულრიხს დოპინგის მიღება დაუმტკიცა. ამის შემდეგ გერმანელმა კარიერა დაასრულა.

სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ თავის ვერდიქტში მიუთითა, რომ ველომრბოლთა საერთაშორისო კავშირმა გერმანელის მიერ სისხლის დოპინგის გამოყენების უტყუარი ფაქტები წარმოადგინა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2005 წლის
მაისიდან მოყოლებული გაუქმებულია ულრიხის ყველა შედეგი. კერძოდ, მას წაართმევენ 2005 წლის ტურ დე ფრანსზე მოპოვებულ მესამე ადგილს.

* * *
საფრანგეთის პოლიციამ დააპატიმრა ლეგენდარული ქალი ველომრბოლის ჟანი ლონგოს მეუღლე.

სამართალდამცავებმა ჩხრეკა ჩაატარეს ლონგოს სახლში, მისი მეუღლე პატრის სიპრელი კი დოპინგ EPO-ს შეძენისთვის დააკავეს.

თავად 53 წლის ველომრბოლი უახლოეს პერიოდში მოწმის სახით დაიკითხება. ეს დაპატიმრება მოხდა სამი თვის შემდეგ იმ მომენტიდან, როცა საფრანგეთის ველოსპორტის ფედერაციამ გაამართლა ლონგო ანტი-სადოპინგო წესების დარღვევაში.

ლონგო ოლიმპიური და მსოფლიოს 13-გზის ჩემპიონია. ის ერთადერთი ველომრბოლია მამაკაცებსა და ქალებს შორის, რომელსაც ზედიზედ მიუღია მონაწილეობა შვიდ ოლიმპიადაზე (1984, 1988, 1992, 1996, 2000, 2004 და 2008). ლონგო ლონდონის თამაშებზეც აპირებს გამოსვლას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული