ამის შესახებ დაწერა გაზეთმა "ვაშინგტონ პოსტმა", რომელსაც ხელთ ჩაუვარდა USADA-ს წერილი არმსტრონგის მისამართით.
წერილში ვკითხულობთ, რომ სააგენტოს თანამშრომლებმა არმსტრონგის სისხლის ანალიზი ჩაატარეს, რომელიც 2009-10 წლებში იყო აღებული და მიღებული შედეგები მეტყველებენ "სისხლთან მანიპულაციებზე", აკრძალული პრეპარატის გამოყენებაზე, დოპინგის შენიღბვასა და სისხლის გადასხმაზე.
USADA-ს მიერ წამოყენებული ბრალდების გამო 40 წლის არმსტრონგი ვერ შეძლებს მონაწილეობის მიღებას ტრიატლონის ტურნირებში.
სწორედ სპორტის ამ სახეობით დაკავდა ლენსი 2011 წელს ველოსპორტიდან
ამ საქმეში გადის ასევე ხუთი პიროვნება, რომლებიც ახლოს იყვნენ არმსტრონგთან: სამი ექიმი და მისი ორი ყოფილი ადმინისტრატორი. ამ საქმის გამოძიების გაგრძელებაზე გადაწყვეტილებას USADA-სთან არსებული დამკვირვებელი საბჭო მიიღებს.
თავის მხრივ, არმსტრონგმა განაცხადა, რომ არასოდეს გამოუყენებია აკრძალული პრეპარატები და აგრეთვე, შეახსენა ჟურნალისტებს, რომ მთელი კარიერის განმავლობაში 500-ზე მეტი წარმატებული დოპინგ-სინჯი ჩაატარა. მან მომხდარი "უსაფუძვლო ანტიპათიად" მონათლა და ეჭვქვეშ დააყენა USADA-ს ავტორიტეტი და ობიექტურობა.
ამერიკის შეერთებული შტატების ანტისადოპინგო სააგენტო არაკომერციული ორგანიზაციაა. ის სახელმწიფოს არ ეკუთვნის, მაგრამ ნაწილობრივ ფინანსდება საბიუჯეტო სახსრებით.
არმსტრონგთან დაკავშირებით დაახლოებით ორი წლის წინ უკვე აღიძრა საქმე აკრძალული პრეპარატის გამოყენებაზე. ლენსის წინააღმდეგ ჩვენება მისცა მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა ფლოიდ ლენდისმა. რამდენიმე თვის წინ აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ დახურა ეს საქმე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"