ფაბიან კანჩელარა ფინიშზე მეორე მივიდა და შეინარჩუნა ლიდერის ყვითელი მაისურა.
როგორც გუშინ აღვნიშნეთ, ტურ დე ფრანსის პირველი ეტაპის ფინიშზე მეოთხე კატეგორიის სირთულის მთა გამარჯვების შანსს აძლევდა არა "სუფთა" სპრინტერებს, არამედ ფილიპ ჟილბერის ყაიდის ველომრბოლელებს. როგორც ასეთი ტიპის ეტაპებზე ხდება ხოლმე, პელოტონმა მშვიდად მისცა გაქცევის საშუალება რამდენიმე ველომრბოლელისგან შემდგარ ჯგუფს. საინტერესოა, რომ გაქცეულთაგან არცერთს ჰქონდა მოგებული ეტაპი ტურ დე ფრანსზე.
რამდენიმე წაქცევის შემდეგ, რომლის დროსაც დროზე განცალკევებით რბოლაში
ძირითადმა ჯგუფმა თანდათან წუთნახევრამდე შეამცირა სხვაობა ლიდერებთან, რაც იმას ნიშნავდა, რომ გაქცეულებს ეტაპის მოგების შანსი არ ჰქონდათ. თუმცა ტემპი ძალიან დაბალი იყო, რის გამოც ეს ეტაპი ყველაზე ნელი აღმოჩნდა ტურში 1982 წლის შემდეგ.
პელოტონმა სიჩქარეს ფინიშამდე ცოტა ხნით ადრე მოუმატა, თანაც იმდენად, რომ ტემპს ვერ გაუძლო სახელოვანმა და სკანდალურმა ალექსანდრ ვინოკუროვმა. ჯორჯ ჰინკეპიმ ლიდერთა ჯგუფთან მიიყვანა ტურის მოქმედი ჩემპიონი კეიდელ ევანსი, თუმცა ამ უკანასკნელმა გამარჯვებისთვის ბრძოლა ვერ შეძლო.
თავიდან სილვენ შავანელმა შეუტია, მაგრამ მისი იერიში კონკურენტებმა წარმატებით მოიგერიეს. მეორე, უფრო წარმატებული შეტევის ავტორი გენერალური კლასიფიკაციის ლიდერი კანჩელარა გახდა. შვეიცარიელმა მალე შექმნა კომფორტული უპირატესობა, თუმცა მას კვალში ჩაუდგა პეტერ საგანი.
მალე ეს დუეტი ტრიოდ გადაიქცა - ედვალდ ბოასონ ჰაგენის აქტიურობით. შვეიცარიელს მოუწია აქტიური პელოტონისა და ორი ეროვნული ჩემპიონის შეტევების მოგერიება, რაც ასეთი დონის ოსტატისთვისაც შეუძლებელი აღმოჩნდა. მართალია, მან შეინარჩუნა ყვითელი მაისურა, მაგრამ ეტაპი შესანიშნავი სპურტით საგანმა მოიგო.
I ეტაპი
1. პეტერ საგანი (სლოვაკეთი) - 4.58,19; 2. ფაბიან კანჩელარა (შვეიცარია) - იგივე დრო; 3. ედვალდ ბოასონ ჰაგენი (ნორვეგია) - იგივე დრო; 4. ფილიპ ჟილბერი (ბელგია) - იგივე დრო; 5. ბოკ მოლემა (ჰოლანდია) - იგივე დრო; 6. ალეხანდრო ვალვერდე (ესპანეთი) - იგივე დრო; 7. რობერტ ჰესინკი (ჰოლანდია) - იგივე დრო; 8. დანიელ მარტინი (ირლანდია) - იგივე დრო; 9. რეიდერ ჰესიედალი (კანადა) - იგივე დრო; 10. დრის დევენინსი (ბელგია) - იგივე დრო...
საერთო ჩათვლა
1. ფაბიან კანჩელარა (შვეიცარია) - 5.05,32; 2. ბრედლი უიგინსი (ბრიტანეთი) - +0,07; 3. სილვენ შავანელი (საფრანგეთი) - +0,07; 4. ტიჯეი ვან გარდერენი (აშშ ) - +0,10; 5. ედვალდ ბოასონ ჰაგენი (ნორვეგია) - +0,11; 6. დენის მენშოვი (რუსეთი) - +0,13; 7. ფილიპ ჟილბერი (ბელგია) - +0,13; 8. კეიდელ ევანსი (ავსტრალია) - +0,17; 9. ვინჩენცო ნიბალი (იტალია) - +0,18; 10. რეიდერ ჰესიედალი (კანადა) - +0,18...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"