მეორე ეტაპზე ერთი მეოთხე კატეგორიის მთა იყო გადასალახავი, მაგრამ ამის მიუხედავად, პირველად ამ ტურში ფინიშზე სპრინტერულ გარჩევებს ელოდნენ.
შესაბამისად, ეტაპის ფავორიტად მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მარკ კევენდიში მიიჩნეოდა, მაგრამ წლევანდელ ტურზე არიან ველომრბოლელები, რომლებსაც შეუძლიათ ბრიტანელი სპრინტერისთვის ხელის შეშლა.
მაგრამ, სანამ მრბოლელები სპრინტში გაარკვევდნენ ურთიერთობას, ვიხილეთ ტრადიციული გაქცევა. ამჯერად პელოტონს გამოეყო სამკაციანი ჯგუფი, რომელშიც ყველაზე ცნობილი გახლდათ დანიელი მიხაელ მორკოვი (თუმცა მან უფრო ტრეკზე გამოსვლისას გაითქვა სახელი).
სხვათა შორის,
ფინიშამდე ორი კილომეტრით ადრე კი დაიწყო სპრინტერული გარჩევები. თავდაპირველად აქტიურობდა ანდრე გრაიპელი, მაგრამ მარკ კევენდიშმა მოახერხა გერმანელისთვის კვალში ჩადგომა და ფინიშამდე 40 წამით ადრე წინ გასვლა.
ბრიტანელმა არანაირი შანსი არ დაუტოვა და გრაიპელს დაახლოებით მეოთხედი ველოსიპედი მოუგო მას. ეს მისი 21-ე გამარჯვებაა ტურის ეტაპებზე. მესამე პოზიცია, მოლოდინისამებრ, ავსტრალიელმა მეტიუ ჰოსმა დაიკავა. სხვათა შორის, სწორედ ასეთი პოდიუმი ვიხილეთ შარშან მსოფლიოს ჩემპიონატზე, ოღონდ მიმდევრობა იყო ოდნავ განსხვავებული.
ლიდერის ყვითელი მაისურა შვეიცარიელმა ფაბიან კანჩელარამ შეინარჩუნა, რაც ლოგიკურია, რადგან ასეთი რელიეფის ეტაპს არ შეეძლო ცვლილებები შეეტანა გენერალურ კლასიფიკაციაში.
II ეტაპი
1. მარკ კევენდიში (ბრიტანეთი); 2. ანდრე გრაიპელი (გერმანია); 3. მეტიუ ჰოსი (ავსტრალია); 4. ტომ ვეელერსი (ჰოლანდია); 5. ალესანდრო პეტაკი (იტალია); 6. პეტერ საგანი (სლოვაკეთი); 7. ევგენი გუტაროვიჩი (ბელარუსი); 8. ხუან ხოსე ხაედო (არგენტინა); 9. მარკ რენშოუ; 10. ტაილერ ფერერი (აშშ)...
საერთო ჩათვლა
1. ფაბიან კანჩელარა (შვეიცარია) - 5.05,32; 2. ბრედლი უიგინსი (ბრიტანეთი) - +0,07; 3. სილვენ შავანელი (საფრანგეთი) - +0,07; 4. ტიჯეი ვან გარდერენი (აშშ) - +0,10; 5. ედვალდ ბოასონ ჰაგენი (ნორვეგია) - +0,11; 6. დენის მენშოვი (რუსეთი) - +0,13; 7. ფილიპ ჟილბერი (ბელგია) - +0,13; 8. კეიდელ ევანსი (ავსტრალია) - +0,17; 9. ვინჩენცო ნიბალი (იტალია) - +0,18; 10. რეიდერ ჰესიედალი (კანადა) - +0,18...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"