ტურ დე ფრანსი: დიდი დუელი არ შედგა

AutoSharing Option
ტურ დე ფრანსის მეოთხე ეტაპზე სპრინტერების დუელი იყო მოსალოდნელი. გამარჯვებას მარკ კევენდიშს ან ანდრე გრაიპელს უწინასწარმეტყველებდნენ.

მათი პირველი დაპირისპირება მეორე ეტაპზე შედგა და მაშინ ბრიტანელმა აჯობა გერმანელს. ახლა გრაიპელი რევანშისთვის იყო განწყობილი.

ამ ეტაპზეც შედგა ნაკლებად ცნობილი სამი ველომრბოლელის გაქცევა. ხანდახან დაწინაურებულთა უპირატესობა ძალიან დიდი იყო, თუმცა პელოტონი აკონტროლებდა სიტუაციას და საბოლოოდ გაქცეულებს წარმატების შანსი არ დაუტოვა.

ყველაფერი ნაწინასწარმეტყველები სპრინტერული დუელისკენ მიდიოდა, მაგრამ ფინიშამდე ორი კილომეტრით ადრე პელოტონში ველომრბოლელთა მთელი ჯგუფი წაიქცა და ამ ზედახორის ერთ-ერთი მსხვერპლი გახდა მარკ კევენდიში.
ბრიტანელი პელოტონის შუაში იყო და იქიდან თავის დაღწევას ცდილობდა, მაგრამ უსიამოვნებები თავიდან ვერ აიცილა.

სამაგიეროდ, “ლოტოს” წევრებმა იდეალურად იმუშავეს და შეტევაზე გაიყვანეს თავიანთი ლიდერი ანდრე გრაიპელი, რომელსაც ხელი ვერ შეუშალეს ცნობილმა ალესანდრო პეტაკიმ და ტომ ვეელერსმა - მათ ამ ეტაპზე მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს.

ანდრემ ამ სეზონში მე-14 გამარჯვებას მიაღწია, ტურზე კი ეს მისი მეორე მოგება იყო კარიერაში.

გრაიპელსა და კევენდიშს მეხუთე ეტაპზე ექნებათ მორიგი დუელის შანსი. მანამდე კი ლიდერის ყვითელ მაისურს ინარჩუნებს ფაბიან კანჩელარა, რომელიც 7 წამს უგებს ბრიტანელ ბრედლი უიგინსს.

IV ეტაპი
1. ანდრე გრაიპელი (გერმანია - Lotto-Belisol); 2. ალესანდრო პეტაკი (იტალია - Lampre-ISD); 3. ტომ ვეელერსი (ჰოლანდია - Argos-Shimano); 4. მეტიუ ჰოსი (ავსტრალია - Orica-GreenEdge); 5. პეტერ საგანი (სლოვაკეთი - Liquigas); 6. ჯონათან კენტველი (ავსტრალია - SaxoBank-Tinkoff Bank); 7. დერილ იმპი (სამხრეთ აფრიკა - Orica-GreenEdge); 8. კრის ბეკმანსი (ბელგია - Vacansoleil); 9. ედვალდ ბოასონ ჰაგენი (ნორვეგია - Team Sky); 10. რუბენ პერესი (ესპანეთი - Euskaltel-Euskadi)...

საერთო ჩათვლა
1. ფაბიან კანჩელარა (შვეიცარია, RadioShack-Nissan); 2. ბრედლი უიგინსი (ბრიტანეთი - Team Sky) - +0,07; 3. სილვენ შავანელი (საფრანგეთი - Omega Pharma-Quick Step) - +0,07; 4. ტიჯეი ვან გარდერენი (აშშ - BMC Racing Team) - +0,10; 5. ედვალდ ბოასონ ჰაგენი (ნორვეგია - Team Sky) - +0,11; 6. დენის მენშოვი (რუსეთი – “კატიუშა”) - +0,13; 7. კეიდელ ევანსი (ავსტრალია - BMC Racing Team) - +0,17; 8. ვინჩენცო ნიბალი (იტალია - Liquigas) - +0,18; 9. რეიდერ ჰესიედალი (კანადა - Garmin-Sharp) - +0,18; 10. ანდრეას კლიოდენი (გერმანია - RadioShak-Nissan) - +0.19...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული