ტურ დე ფრანსი: ეტაპი ლურსმნებისა და ჭიკარტების თანხლებით

AutoSharing Option
მე-14 ეტაპით გაიხსნა ტურ დე ფრანსის პირინეის სერია. პირველი კატეგორიის სირთულის ორი მთა ველომრბოლელებს სერიოზულ გამოცდას ჰპირდებოდა, თუმცა ბოლო ამაღლება ფინიშამდე 40 კილომეტრით ადრე იყო გადასალახი. ამიტომაც მთებში ნებისმიერი შეტევა საეჭვო ხასიათს იღებდა.

რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო კეიდელ ევანსის მხრიდან იერიშები, ან ვინჩენცო ნიბალის აქტიურობა დაშვებისას. მაგრამ, როგორც ექსპერტებს მიაჩნიათ, დღეს საერთო ჩათვლის ლიდერის, ბრედლი უიგინსის მთავარი კონკურენტი მისი თანაგუნდელი კრის ფრუმია. და თუ ბრედლი პირინეებზე ვერ გაძლებს, მაშინ "თიმ სქაის" ლიდერობას სწორედ ყოფილი კენიელი იტვირთავს.

მე-14 ეტაპზე მხოლოდ
11-მა ველომრბოლელმა შეძლო გაქცევა. მათ შორის იყვნენ ისეთი ცნობილი მრბოლელები, როგორებიც არიან ფილიპ ჟილბერი, მარტინ ველიტსი, ლუის ლეონ სანჩესი და სანდი კასარი. სპრინტერთაგან ამ გუნდს პეტერ საგანი შეუერთდა.

დაწინაურებულები პელოტონს 13 წუთით დაშორდნენ. არადა, ძირითადი ჯგუფი "თიმ სქაის" მონდომებით, საკმაოდ სწრაფად მოძრაობდა. სხვაობა პირველი მთის გავლის დროსაც იზრდებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ პელოტონი არ აპირებდა გაქცეულების დაწევას.

მეორე მთაზე კი დაწინაურებულთა ჯგუფი "რაბობანკის" ველომრბოლელებმა დაშალეს. სტივენ კრუისვიიკმა ლუის ლეონ სანჩესი გაიყვანა შეტევაზე და ესპანელის გამოკიდება მხოლოდ ისაგირემ, ჟილბერმა და კასარმა შეძლეს. საგანი თავიდან ჩამორჩა მათ, მაგრამ შემდეგ ისევ შეძლო მიახლოება.

ამასობაში კეიდელ ევანსმა პელოტონში იაქტიურა და ძირითადი ჯგუფიც დაიშალა. მიუხედავად ამისა, ამ ტურზე ერთ-ერთი ყველაზე მოსაწყენი ეტაპის მოწმენი ვიქნებოდით, რომ არა მეორე მთაზე გათამაშებული ტრაგიკომედია.

ევანსს საბურავი გაუსკდა და ორი წუთი იყო გაჩერებული დახმარების მისაღებად. როცა მასთან თანაგუნდელი მივიდა საბურავის მისაცემად, გაირკვა, რომ მისი ბორბალიც გამოსული იყო მწყობრიდან.

მექანიკოსებმა, როგორც იქნა, წესრიგში მოიყვანეს ევანსის ველოსიპედი, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ ერთი კილომეტრის შემდეგ კვლავ იგივე მიზეზით გაჩერებულიყო.

საბურავების მწყობრიდან გამოსვლის გამო ათობით ველომრბოლელი დაზარალდა და როგორც შემდეგ გაირკვა, ვიღაცამ ცუდად იხუმრა, როცა ტრასაზე საკანცელარიო ჭიკარტები და ლურსმნები მოაბნია.

ამ სიტუაციასთან დაკავშირებით პელოტონში ცხარე დებატები გაიმართა. "თიმ სქაის" ველომრბოლელები ხვდებოდნენ, რომ ევანსის ასეთ სიტუაციაში დამარცხება არასპორტული საქციელი იქნებოდა. ამიტომაც ძირითადი ჯგუფის დამუხრუჭება გადაწყვიტეს.

ამასობაში გაქცეულებმა ხუთკაციანი ჯგუფი ჩამოაყალიბეს. საგანს, კასარსა და ისაგირეს სანჩესი და ჟილბერი წამოეწივნენ. სანჩესი ხვდებოდა, რომ ფინიშზე საგანს ვერ მოუგებდა. ამიტომაც 10 კილომეტრით ადრე შეტევაზე გადავიდა და ძალიან მალე მიიღო 20-წამიანი უპირატესობა.

ჟილბერი ბევრს ეცადა კონტრშეტევის განხორციელებას, მაგრამ ესპანეთის ჩემპიონს მაინც ვერ დაეწია. სანჩესისთვის ეს იყო მეოთხე გამარჯვება ტურ დე ფრანსის ეტაპებზე.

პელოტონი ფინიშზე 20 წუთის შემდეგ მივიდა. თან ერთად შეაგროვა ლურსმნებისა და ჭიკარტების გამო დაზარალებულები.

XIV ეტაპი
1. ლუის ლეონ სანჩესი (ესპანეთი); 2. პეტერ საგანი (სლოვაკეთი) - +0,47; 3. სანდი კასარი (საფრანგეთი) - იგივე დრო; 4. ფილიპ ჟილბერი (ბელგია) - იგივე დრო; 5. გორკა ისაგირე (ესპანეთი) - იგივე დრო; 6. სერჟიო პაულინიო (პორტუგალია) - +2,51; 7. სებასტიან მინარი (საფრანგეთი) - იგივე დრო; 8. პეტერ ველიტსი (სლოვაკეთი) - +3,49; 9. ედუარდ ვორგანოვი (რუსეთი - კატიუშა) - +4,51; 10. სტივენ კრუისვიიკი (ჰოლანდია - ღაბობანკი) +4:53

საერთო ჩათვლა
1. ბრედლი უიგინსი (ბრიტანეთი); 2. კრისტოფერ ფრუმი (ბრიტანეთი) - +2,05; 3. ვინჩენცო ნიბალი (იტალია ) - +2,23; 4. კეიდელ ევანსი (ავსტრალია) - +3,19; 5. იურგენ ვან დერ ბრეკი (ბელგია) - +4,48; 6. აიმარ სუბელდია (ესპანეთი) - +6,15; 7. ტიჯეი ვან გარდერენი (აშშ) - +6,57; 8. იანეც ბრაიკოვიჩი (სლოვენია) - +7,30; 9. პიერ როლანი (საფრანგეთი) - +8,31; 10. ტიბო პინო (საფრანგეთი) - +8,51...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული