მე-15 ეტაპი საკმაოდ მოკლე (158 კმ) იყო იმისთვის, რომ გაქცევას აზრი ჰქონოდა. გარდა ამისა, სამი უმნიშვნელო ამაღლება, საფინიშო გარჩევების გარდა, სხვა სცენარის შანსს არ ტოვებდა.
ბოლო დღეებში ჩრდილში მოექცა მსოფლიო ველორბოლის მთავარი სპრინტერი მარკ კევენდიში და ამ ეტაპის წინ მთავარი საკითხი იმაში მდგომარეობდა, შეძლებდა თუ არა ბრიტანელი სამი ეტაპის მომგები ანდრე გრაიპელისთვის წინააღმდეგობის გაწევას.
გაქცევის პირველი მცდელობები პოსტსაბჭოთა ქვეყნების წარმომადგენლებს ჰქონდათ - იაროსლავ პოპოვიჩი, ალექსანდრ ვინოკუროვი, ანდრეი გრივკო,
მხოლოდ ბრედლი უიგინსისა და მისი გუნდის მიერ აღებული სანიტარული პაუზის შემდეგ მოხდა გაქცევა. თანაც, დაწინაურებულებს შორის ცნობილი ველომრბოლელები იყვნენ: ტომას ვიოკლერი, პიერიკ ფედრიგო, სამუელ დიუმოლენი, დრის დევენინსი და კრისტიან ვანდეველდე. ბოლო მომენტში მათ შეუერთდა დანიელი ნიკი სორენსენი.
პელოტონი დამშვიდდა და ძალიან მალე გაქცეულების უპირატესობამ ექვსი წუთი შეადგინა. "თიმ სქაის" აქტიურობის არანაირი საფუძველი არ ჰქონდა, სპრინტერული გუნდები კი არ ჩქარობდნენ ტემპის მომატებას. მხოლოდ ფინიშამდე 60 კილომეტრით ადრე სხვაობამ კლება იწყო.
მაგრამ ეს პელოტონის დროებითი გაბრძოლება აღმოჩნდა. დროთა განმავლობაში ლიდერთა ჯგუფის უპირატესობამ მაქსიმალურ ცხრა წუთს მიაღწია. ფინიშამდე ათი კილომეტრით ადრე კი გაქცეულების ჯგუფში სერიოზული ბრძოლა გაჩაღდა.
თავიდან შეტევის მცდელობები ჰქონდა სიორენსენს, მაგრამ ის არ გაუშვეს. შემდეგ კი, პრაქტიკულად, შეუმჩნევლად ჯგუფი დაშალეს ვანდენველდემ და ფედრიგომ. ამერიკელმა ბრწყინვალე ინდივიდუალური სვლით მოიპოვა უპირატესობა დანარჩენ ოთხ კონკურენტზე. ბოლოს ვიოკლერმა და სიორენსენმა კონტრშეტევა სცადეს, მაგრამ დაგვიანებული იყო.
ფედრიგოსა და ვანდეველდეს შორის სპრინტერულ დუელში კი ძალები არათანაბარი იყო. კრისტიანი ბორბალზე "დააჯდა" ფრანგს, მაგრამ ფედრიგო გაცილებით უკეთესი სპრინტერი აღმოჩნდა და გამარჯვება იოლად მოიპოვა. ეს იყო წლევანდელ ტურზე მეოთხე ფრანგული გამარჯვება. ამასთან, ეტაპის ტრიუმფატორი კარიერაში მეოთხედ მივიდა პირველი ფინიშთან.
ძირითადმა ჯგუფმა ფინიშზე 12 წუთის შემდეგ მიაღწია. მეშვიდე ადგილისთვის სპრინტი გრაიპელმა მოიგო, მაგრამ ის კმაყოფილი ვერ დარჩებოდა ეტაპით. საერთო ჩათვლაში და სხვა ნომინაციებშიც ცვლილებები არ მომხდარა. გუშინ ტურის მონაწილეებს დასვენების დღე ჰქონდათ, რაც დროულია, რადგან წინ მათ პირინეის უმძიმესი ეტაპები ელით. ყველაზე რთული გამოცდა კი ხუთშაბათს არის დაგეგმილი.
XV ეტაპი
1. პიერიკ ფედრიგო (საფრანგეთი - FDJ); 2. კრისტიან ვანდეველდე (აშშ - Garmin-Sharp) - იგივე დრო; 3. ტომას ფიოკლერი (საფრანგეთი - Europcar) - +0,12; 4. ნიკი სიორენსენი (დანია - SaxoBank-Tinkoff Banmk) - იგივე დრო; 5. დრის დევენინსი (ბელგია - Omega Pharma-Quick Step) - +0,21; 6. სამუელ დიუმოლენი (საფრანგეთი - Cofidis) - +1,02; 7. ანდრე გრაიპელი (გერმანია - Lotto-Belisol) - +11,50; 8. ტაილერ ფარარი (აშშ - Garmin-Sharp) - იგივე დრო; 9. პეტერ საგანი (სლოვაკეთი - Liquigas) - იგივე დრო; 10. კრის ბოკმანსი (ბელგია - Vacansoleil) - იგივე დრო...
საერთო ჩათვლა
1. ბრედლი უიგინსი (ბრიტანეთი - Team Sky); 2. კრისტოფერ ფრუმი (ბრიტანეთი - Team Sky) - +2,05; 3. ვინჩენცო ნიბალი (იტალია - Liquigas) - +2,23; 4. კეიდელ ევანსი (ავსტრალია - BMC Racing Team) - +3,19; 5. იურგენ ვან დერ ბრეკი (ბელგია - Lotto-Belisol) - +4,48; 6. აიმარ სუბელდია (ესპანეთი - RadioShack-Nissan) - +6,15; 7. ტიჯეი ვან გარდერენი (აშშ - BMC Racing Team) - +6,57; 8. იანეც ბრაიკოვიჩი (სლოვენია - ასტანა) - +7,30; 9. პიერ როლანი (საფრანგეთი - Europcar) - +8,31; 10. ტიბო პინო (საფრანგეთი - FDJ) - +8,51...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"