დოპინგის მიღებაში გამოიჭირეს თანამედროვე ველორბოლის ერთ-ერთი ვარსკვლავი, "რედიოშეკის" ლუქსემბურგელი მრბოლელი ფრენკ შლეკი. მის ორგანიზმში აღმოაჩინეს აკრძალული პრეპარატი - დუირეტიკი, რომელიც სპორტულ შედეგებზე გავლენას ვერ ახდენს, მაგრამ წონის დაკლებისთვის გამოიყენება.
ორგანიზატორთა განცხადებით, დადებითი შედეგი აჩვენა დოპინგ-სინჯმა, რომელიც წლევანდელი ტურის მე-13 ეტაპის შემდეგ აიღეს.
ამ დღეებში შეამოწმებენ "B სინჯს" და თუ მანაც დადებითი შედეგი აჩვენა, შლეკს ორწლიანი დისკვალიფიკაცია არ ასცდება. მანამდე კი ის ჩამოაშორეს მიმდინარე ველომარათონს და ფრენკი ვერ გავიდა მე-16 ეტაპის სტარტზე.
ფრენკ შლეკი გენერალურ კლასიფიკაციაში მე-12 ადგილზე იყო. მან ბოლო ოთხ ტურ დე ფრანსზე სამჯერ პირველ ათეულში დაასრულა გამოსვლა. შეგახსენებთ, რომ წლევანდელ ტურზე არ ასპარეზობდა ფრენკის უმცროსი ძმა - ანდი შლეკი, რომელსაც ტრავმა აწუხებს. ანდი ტურ დე ფრანსის 2010 წლის ჩემპიონია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"