ეს ბრწყინვალე ბრიტანელი მთელი ცხოვრება ელოდა ამ დღეს. ის არაერთხელ იყო ოლიმპიური ჩემპიონი, ოღონდ ტრეკზე და არა გზატკეცილზე. თან გასათვალისწინებელი იყო ისიც, რომ ბრედლის თავისი ოცნების ასრულება საკუთარი გულშემატკივრების წინაშე სურდა, რაც აძლიერებდა მის მოტივაციას.
რა თქმა უნდა, უიგინსის წისქვილზე ისიც ასხამდა წყალს, რომ მისი კონკურენტები სერიოზული პრობლემებით შეხვდნენ გუშინდელ რბოლას. ფაბიან კანჩელარასა და ტონი მარტინს ძალიან უშლიდათ ხელს წინა რბოლებში მიღებული ტრავმები, მაგრამ ეს არ
შვეიცარიელი და გერმანელი საუკეთესო ფორმაშიც რომ ყოფილიყვნენ, ისინი უიგინსს ვერაფერს დააკლებდნენ.
თუმცა ყველაფერს თანმიმდევრობით მივყვეთ. გუშინდელი რბოლის ტრაგიკული გმირი გახდა ესპანელი ლუის ლეონ სანჩესი, რომელსაც მედლის კანდიდატად მიიჩნევდნენ, მით უმეტეს, რომ მან ტურ დე ფრანსის დროზე განცალკევებით რბოლაში მესამე ადგილი დაიკავა.
მაგრამ სტარტზევე ესპანელის ველოსიპედი მწყობრიდან გამოვიდა და ძვირფასი წამები დაიკარგა.
მოგვიანებით სანჩესს კიდევ ერთხელ მოუწია ველოსიპედის გამოცვლა და ამან საბოლოოდ დაასამარა მისი პერსპექტივები.
მეორე უიღბლო მონაწილე აღმოჩნდა პეკინის ოლიმპიადის ჩემპიონი ფაბიან კანჩელარა. შვეიცარიელი სამი დღის წინ, გუნდური რბოლისას, სულელურად დაეცა დისტანციის დროს და დიდხანს ფიქრობდა, გამოსულიყო თუ არა თავის საყვარელ დისციპლინაში. საბოლოოდ ფაბიანმა გარისკა, მაგრამ ძალები მხოლოდ მეშვიდე ადგილზე გასასვლელად ეყო.
რაც შეეხება ტონი მარტინს, რომელსაც ბოლომდე არ ჰქონდა მორჩენილი ტურ დე ფრანსის დროს მოტეხილი მაჯა, მან ნამდვილი გმირობა ჩაიდინა და პირველ საშუალედო ფინიშზე ლიდერიც იყო, მაგრამ შემდეგ თანდათან ჩამორჩა უიგინსს, რომელიც, უბრალოდ, მიფრინავდა ტრასაზე და საბოლოოდ, საშუალო 50 კმ/სთ სიჩქარე განავითარა. ტონი კი 42-წამიანი ჩამორჩენით ვერცხლის მედალს დასჯერდა.
არ უნდა დავივიწყოთ ტურ დე ფრანსის მეორე პრიზიორი კრისტოფერ ფრუმი. მან საკმაოდ ფრთხილად დაიწყო გუშინდელი რბოლა, მაგრამ თანდათან უმატებდა და კარიერაში თავისი პირველი ოლიმპიური მედალი მიიღო. წარმოშობით კენიელმა ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ტეილორ ფინისა და მარკო პინოტის აჯობა.
ბრედლი უიგინსი კი გუშინდელი დღის ტრიუმფატორი აღმოჩნდა. ბრიტანელს ფანტასტიკური სეზონი აქვს და დღეს უკვე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ბრედლი ყველა დროის ერთ-ერთი უდიადესი სპორტსმენია ველოსპორტის ისტორიაში. მან ტრეკზე მოპოვებულ ექვს ოლიმპიურ მედალს მეშვიდე დაუმატა.
ეს შვიდი მედალი ბრიტანული სპორტის ახალი ისტორიაა. ბრედლი აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა ბრიტანელთაგან ოლიმპიადებზე მოპოვებული მედლების რაოდენობით. აქამდე ის პირველ ადგილს იყოფდა ლეგენდარულ ნიჩბოსან სტივ რედგრეივთან ერთად.
აი, როგორ გამოიყურება ყველა დროის ტიტულოვანი ბრიტანელების საუკეთესო ხუთეული:
ბრედლი უიგინსი 7 (4-1-2)
სტივ რედგრეივი 6 (5-0-1)
სერ კრის ჰოი 5 (4-1-0)
ჯეკ ბერესფორდი 5 (3-2-0)
ჰენრი ტეილორი 5 (3-0-2)
აქვე გთავაზობთ ბრედლი უიგინსის ტიტულების კოლექციას:
ოლიმპიური თამაშები
2000 - ბრინჯაო: გუნდური გამოდევნება
2004 - ბრინჯაო: მედისონი
2004 - ვერცხლი: გუნდური გამოდევნება
2004 - ოქრო: ინდივიდუალური გამოდევნება
2008 - ოქრო: გუნდური გამოდევნება
2008 - ოქრო: ინდივიდუალური გამოდევნება
2012 - ოქრო: დროზე რბოლა
მსოფლიოს ჩემპიონატი
6 ოქრო
4 ვერცხლი
1 ბრინჯაო
ტურ დე ფრანსი
2012 წლის ჩემპიონი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"