მეოთხე ეტაპიც სამთო იყო. ველომრბოლელებს ცნობილი მთა - ორდუნია უნდა დაელაშქრათ. გარდა ამისა, ფინიშის წინ კი გრძელი აღმართი ელოდათ ესტასიონ დე ვალდესკარაიზე.
პირველივე კილომეტრებიდან გაიქცა ხუთკაციანი ჯგუფი, რომელშიც ვიხილეთ ოლიმპიადის პრიზიორი გერმანელი ტონი მარტინი. პირველი მთის წინ მათი უპირატესობა პელოტონზე ათ წუთს შეადგენდა, ხოლო ორდუნიას დაპყრობის შემდეგ დაღმართზე ლიდერთა უპირატესობამ უკვე 12 წუთს მიაღწია. შესაბამისად, საფრთხე დაემუქრა ალეხანდრო ვალვერდეს ლიდერობას
ეტაპის მონოტონური სვლა შეაჩერა გრანდიოზულმა წაქცევამ ფინიშამდე 60 კილომეტრით ადრე, რომლის გამოც დაზარალდა "მუვისტარის" ნახევარი გუნდი და მათ შორის, ვალვერდე.
ჩვეულებრივ, როცა გრანდ-ტურის ლიდერი ავარიაში მოყვება ხოლმე, მიღებულია მისი დალოდება, მაგრამ "თიმ სქაის" მრბოლელებმა ეს ჯენტლმენური წესი დაივიწყეს და ტემპი გაზარდეს. თანდათან მათ აყვნენ "კატიუშასა" და "საქსო ბანკის" ლიდერები.
შედეგად, ვალვერდე ნაწილებად დაშლილი პელოტონის მეოთხე ჯგუფში აღმოჩნდა ნახევარწუთიანი ჩამორჩენით.
ფაქტობრივად, "მუვისტარის" მრბოლელებს მარტო მოუწიათ მუშაობა. ბოლო მთის წინ კი ეს გუნდიც დაიშალა და წითელი მაისურის მფლობელი მარტო წავიდა წინ, რამაც ვალვერდეს ძვირფასი წამები დააკარგვინა.
რაც შეეხებათ გაქცეულებს, მათ შეძლეს უპირატესობის შენარჩუნება და ეტაპზე გამარჯვება გაითამაშეს. ავსტრალიელი საიმონ კლარკი დიდი ხანი ტონი მარტინის უკან მიდიოდა და ზედ ფინიშზე იოლად გაუსწორდა გერმანელს.
ვალვერდემ დაკარგა ლიდერის წითელი მაისური, რადგან დიდი მცდელობის მიუხედავად, მაინც ვერ შეუერთდა პელოტონს.
"ვუელტას" სამი ფავორიტი - ხოაკიმ როდრიგესი, კრის ფრუმი და ალბერტო კონტადორი ერთად მივიდნენ ფინიშთან. ესპანური ველომარათონის ახალი ლიდერი გახდა როდრიგესი, მაგრამ მხოლოდ წამსა და ხუთ წამს უგებს მეორე და მესამე ადგილზე მყოფ ფრუმსა და კონტადორს.
IV ეტაპი
ბარაკალდო-ესტასიონ დე ვალდესკარაი (160,6 კმ)
1. საიმონ კლარკი (ავსტრალია, GreenEdge) - 4.30,26; 2. ტონი მარტინი (გერმანია, Omega) - +0,02; 3. ასან ბაზაევი (ყაზახეთი, "ასტანა") - +0,22; 4. მარკოს გარსია (ესპანეთი, Caja Rural) - +0,55; 5. ნიკოლას როში (ირლანდია, AG2R) - +0,55; 6. ლინუს გერდემანი (გერმანია, Radioshack) - +0,57...
საერთო ჩათვლა
1. ხოაკიმ როდრიგესი (ესპანეთი, “კატიუშა”) - 13.18,45; 2. კრისტოფერ ფრუმი (ბრიტანეთი, Sky) - +0,01; 3. ალბერტო კონტადორი (ესპანეთი, Saxo Bank) - +0,05; 4. ბაუკე მოლემა (ჰოლანდია, Rabobank) - +0,09; 5. რობერტ ჰესინკი (ჰოლანდია, Rabobank) - +0,09; 6. რიგობერტო ურანი (კოლუმბია, Sky) - +0,11...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"