ვუელტა: ესპანური პოდიუმი

AutoSharing Option
"ვუელტას" მერვე ეტაპი მთლიანად ესპანური პოდიუმით დასრულდა. ალეხანდრო ვალვერდემ წლევანდელ ველომარათონზე მეორე ეტაპი მოიგო, მასთან ერთად სამეულში კი ხოაკიმ როდრიგესი და ალბერტო კონტადორი მოხვდნენ.

მერვე ეტაპი პირველი იყო მრავალდღიანი ველორბოლის მარშრუტში, რომლისთვისაც შეგვეძლო ნამდვილად სამთო რბოლა გვეწოდებინა. აქ იყო მეორე კატეგორიის სირთულის მწვერვალი დე კამერია და ფინიში პირველი კატეგორიის მთაზე - კოლადა დე ლა გალინაზე.

სწორედ აქ უნდა შემოწმებულიყო ლიდერთა რეალური მზადყოფნა: რამდენად შეინარჩუნა ძალები უმძიმესი ტურ დე ფრანსის შემდეგ კრისტოფერ ფრუმმა, აკრიფა თუ არა ფორმა ალბერტო კონტადორმა და ბოლოს,
რამდენად ამბიციურია ამ "ვუელტაზე" ხოაკიმ როდრიგესის ამბიციები.

რბოლის დასაწყისში სწორ მონაკვეთზე გაქცევა განახორციელა ექვსმა ველომრბოლელმა. დაწინაურებულებმა მაქსიმალური უპირატესობა - ცხრანახევარი წუთი დისტანციის შუაში მოიპოვეს, მაგრამ თანდათან, "თიმ სქაის" მონდომებით, სხვაობამ შემცირება დაიწყო. პელოტონი ფინიშამდე ხუთი კილომეტრით ადრე, საკმაოდ მჭიდრო ჯგუფად მიდიოდა, მაგრამ შემდეგ შეტევა წამოიწყო ალეხანდრო ვალვერდემ.

Movistar-ის ლიდერი ოთხ მთავარ კონკურენტს დაშორდა - ფრუმს, როდრიგესს, კონტადორსა და დანი მორენოს, მაგრამ ინგლისელი თავის დამხმარესთან ერთად დაეწია ესპანელს და ბრძოლა თავიდან დაიწყო.

შემდეგ თავად ფრუმმა, ვალვერდემ და კონტადორმა შეუტიეს და მათ შეძლეს როდრიგესის უკან ჩამოტოვება, მაგრამ მცირე ხნით. შესანიშნავი გუნდური მოქმედება აჩვენა მორენომ, რომელმაც ლიდერთა ჯგუფთან მიიყვანა როდრიგესი და შემდეგ შეტევის საშუალება მისცა მას.

როდრიგესის შეტევას კონკურენტებმა დიდი გაჭირვებით გაუძლეს, შემდეგ კი თავისი საფირმო იერიში დაიწყო კონტადორმა და ფინიშამდე 500 მეტრით ადრე, მის გამარჯვებაში ეჭვი არავის ეპარებოდა, მაგრამ ვალვერდემ და როდრიგესმა დროულად წამოიწყეს კონტრშეტევა. საბოლოოდ, უკეთესი სპრინტერული თვისებების მქონე ვალვერდემ მოიგო ფინიში და უკან ჩამოიტოვა როდრიგესი და კონტადორი.

ფრუმი დაუცველი აღმოჩნდა ესპანური შეტევების წინაშე და მორიგი 15 წამი დაკარგა. ასე რომ, ადგილობრივმა ველომრბოლელებმა რევანში აიღეს მეექვსე ეტაპზე "სქაის" არაჯენტლმენური იერიშის გამო, როცა პოზიციები დაკარგა ვალვერდემ.

ახლა ალეხანდრო ოთხეულში დაბრუნდა და სწორედ ამ კვარტეტში უნდა ვეძებოთ "ვუელტას" მომავალი გამარჯვებული. როდრიგესმა გენერალურ კლასიფიკაციაში უკვე ნახევარწუთიანი უპირატესობა მიიღო, კონტადორმა კი ჯერ ვერ წარმოაჩინა თავისი საუკეთესო თვისებები.

VII ეტაპი

უესკა-ალკანისი (164.2 კმ)
1. იონ დეგენკოლბი (გერმანია, Argos) - 3.48,30; 2. ელია ვივიანი (იტალია, Liquigas) - იგივე დრო; 3. ალენ დევისი (ავსტრალია, GreenEdge) - იგივე დრო; 4. ნასერ ბუჰანი (საფრანგეთი, FDJ) - იგივე დრო; 5. დანიელე ბენატი (იტალია, Radioshack) - იგივე დრო; 6. ჯანი მერსმანი (ბელგია, Lotto) - იგივე დრო...

VIII ეტაპი
ლეიდა-ანდორა (174.7 კმ)
1. ალეხანდრო ვალვერდე (ესპანეთი, Movistar) - 4.06,39; 2. ხოაკიმ როდრიგესი (ესპანეთი, "კატიუშა") - იგივე დრო; 3. ალბერტო კონტადორი (ესპანეთი, Saxo Bank) - იგივე დრო; 4. კრისტოფერ ფრუმი (ბრიტანეთი, Sky) - +0,15; 5. დანიელ მორენო (ესპანეთი, "კატიუშა") - +0,23; 6. ბენატ ინჩაუსტი (ესპანეთი, Movistar) - +0,33...

საერთო ჩათვლა
1. ხოაკიმ როდრიგესი (ესპანეთი, “კატიუშა”) - 29.59,35; 2. კრისტოფერ ფრუმი (ბრიტანეთი, Sky) - +0,33; 3. ალბერტო კონტადორი (ესპანეთი, Saxo Bank) - +0,40; 4. ალეხანდრო ვალვერდე (ესპანეთი, Movistar) - +0,50; 5. რობერტ ჰესინკი (ჰოლანდია, Rabobank) - +1,41; 6. დანიელ მორენო (ესპანეთი, "კატიუშა") - +1,48...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული