ვუელტაზე ხოაკიმ როდრიგესს ვერ ეწევიან

AutoSharing Option
დროზე განცალკევებითი რბოლის შემდეგ, ესპანულ ვუელტაზე მორიგი სამთო ეტაპი გაიმართა და საუკეთესო ფიზიკური ფორმა დაადასტურა რუსული "კატიუშას" ლიდერმა ხოაკიმ როდრიგესმა.

მან მოიგო მე-12 ეტაპი და საერთო ჩათვლაში გაზარდა კონკურენტებზე უპირატესობა.

190-კილომეტრიანი ეტაპი თითქმის მთლიანად სწორ მონაკვეთზე გადიოდა, მაგრამ ზედ ფინიშზე ველომრბოლებს წლევანდელ ვუელტაზე
ყველაზე ციცაბო მთა ელოდათ. ამიტომაც, ეტაპის მოგებაზე პრეტენდენტებად როდრიგესი, ალბერტო კონტადორი, კრისტოფერ ფრუმი და ალეხანდრო ვალვერდე მიიჩნეოდნენ.

დისტანციის პირველ 40 კილომეტრზე პელოტონმა გაქცევის ყველა მცდელობა მოიგერია, თუმცა შემდეგ წარმატებული იერიში გამოუვიდა ოთხკაციან ჯგუფს, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ავსტრალიელი
კემერონ დიასი. გაქცეულებმა სწრაფად მოიპოვეს შვიდწუთიანი უპირატესობა.

ამის შემდეგ, პელოტონში სრული შემადგენლობით წინ გამოვიდნენ რუსული საჯინიბოს - "კატიუშას" წევრები და გაქცეულებთან ჩამორჩენის შემცირება დაიწყეს. მიუხედავად ამისა, დაწინაურებულებმა ბოლო აღმართის დასაწყისამდე შეინარჩუნეს უპირატესობა. თუმცა აშკარად ჩანდა, ორკილომეტრიან უმძიმეს აღმართს ისინი ვეღარ გაუძლებდნენ.

ფინიშთან ახლოს, პირველმა შეტევა ხოაკიმ როდრიგესმა წამოიწყო, მის ტემპს მხოლოდ ალბერტო კონტადორი აყვა, სხვა ფავორიტები კი უიმედოდ ჩამორჩნენ. რაღაც მომენტში ორივე ესპანელს გაუჭირდა, მაგრამ მათ მაინც არ მიუშვეს ახლოს ვალვერდე და ფრუმი.

შეტევა სცადა კონტადორმა, მაგრამ საბოლოოდ ისე მოხდა, რომ მან როდრიგესის ბოლო იერიშს ვერ გაუძლო და რვა წამი წააგო ფინიშთან. მესამეზე გავიდა ვალვერდე, ხოლო ბრიტანელი ფრუმი საბოლოოდ დანებდა და ფინიშზე ჰოლანდიელ რობერტ ჰესინკთანაც დამარცხდა.

გენერალურ კლასიფიკაციაში ხოაკიმ როდრიგესმა 13 წამამდე გაზარდა კონტადორთან უპირატესობა. სხვა კონკურენტები მნიშვნელოვნად ჩამორჩნენ ესპანელთა ამ დუეტს - მაგალითად, მესამე ადგილზე მყოფი ფრუმი როდრიგესთან 51 წამს აგებს.

XII ეტაპი
ვილაგარსია-მირადორი (190.5 კმ)
1. ხოაკიმ როდრიგესი (ესპანეთი, "კატიუშა") - 4:24.32; 2. ალბერტო კონტადორი (ესპანეთი, Saxo Bank) - +0.08; 3. ალეხანდრო ვალვერდე (ესპანეთი, Movistar) - +0.13; 4. რობერტ ჰესინკი (ჰოლანდია, Rabobank) - +0.20; 5. კრისტოფერ ფრუმი (ბრიტანეთი, Sky) - +0.23; 6. დანიელ მორენო (ესპანეთი, "კატიუშა") - +0.23...

საერთო ჩათვლა
1. ხოაკიმ როდრიგესი (ესპანეთი, “კატიუშა”) - 44:50.35; 2. ალბერტო კონტადორი (ესპანეთი, Saxo Bank) - +0.13; 3. კრისტოფერ ფრუმი (ბრიტანეთი, Sky) - +0.51; 4. ალეხანდრო ვალვერდე (ესპანეთი, Movistar) - +1.20; 5. რობერტ ჰესინკი (ჰოლანდია, Rabobank) - +2.59; 6. დანიელ მორენო (ესპანეთი, "კატიუშა") - +3.29...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული