გუშინდელ ეტაპზე, ისევე, როგორც ესპანური ველომარათონის ეტაპების უმრავლესობაში, ფინიში მთაზე იყო დანიშნული. ამასთან, სამი ამაღლება ველომრბოლელებს დისტანციის მეორე ნახევარში ელოდათ.
საინტერესოდ განვითარდა მოვლენები პირველ მთაზე, როცა პელოტონი ორ ნაწილად გაიყო. ამასთან, ალბერტო კონტადორი და ალეხანდრო ვალვერდე პირველ ჯგუფში აღმოჩნდნენ, საერთო ჩათვლის ლიდერი ხოაკიმ როდრიგესი - მეორეში. თუმცა მან თავისი გუნდის დახმარებით შეძლო 15-წამიანი ჩამორჩენის ლიკვიდირება.
ბოლოსწინა
ფინიშამდე 23 კილომეტრით ადრე კონტადორმა "ასტანას" ორ მრბოლელთან ერთად მორიგი შეტევა დაიწყო. მის გვერდით აღმოჩნდა მისი ძველი მეგობარი პაოლო ტირალონგო, რომელთან ერთადაც ყაზახურ გუნდში გამოდიოდა. შარშან ალბერტომ იტალიელს ჯირო დ'იტალიაზე გამარჯვება აჩუქა და ახლა ტირალონგომ ვალის გადახდა გადაწყვიტა.
მათი დუეტი ბრწყინვალედ მუშაობდა და კონტადორი სულ უფრო შორდებოდა როდრიგესს. თან ალბერტომ საშუალედო ფინიში მოიგო და ექვსი საბონუსე წამი დაიმსახურა. სწორ მონაკვეთზე კი კონტადორი თავის კონკურენტებზე ერთი თავით მაღლა დგას და ამიტომაც სხვაობა მხოლოდ იზრდებოდა.
როდრიგესს მხოლოდ ერთი დამხმარე ჰყავდა და ამით ისარგებლა ვალვერდემ. მან თავის ერთგულ თანაგუნდელთან - ნაირო კინტანასთან ერთად მიატოვა გენერალური კლასიფიკაციის ლიდერი და კონტადორთან ჩამორჩენის შემცირება დაიწყო. ამასობაში, ფინიშამდე 15 კილომეტრით ადრე ტირალონგომ ვერ გაძლო და კონტადორმა მარტომ გააგრძელა რბოლა.
ალბერტოს ბოლო კილომეტრებზე ძალიან გაუჭირდა, მუდმივად უკან იყურებოდა, მაგრამ მისმა მდევრებმა ვერ გაბედეს შეტევაზე გადასვლა.
კონტადორმა დისკვალიფიკაციის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა და ამან მას, პრაქტიკულად, ვუელტას ჩემპიონის ტიტული მოუტანა.
როდრიგესი ფინიშზე ორწუთნახევრის შემდეგ მივიდა და არათუ ლიდერობა, მეორე ადგილიც დაკარგა გენერალურ კლასიფიკაციაში. ხოაკიმმა წინა ეტაპებზე გაუძლო უმძიმეს მთებში კონტადორის შეტევებს, მაგრამ კონკურენტისგან დარტყმა იქ მიიღო, სადაც ამას ყველაზე ნაკლებად ელოდა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ კონტადორი თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიადესი ველომრბოლელია.
XVII ეტაპი
სანტანდერი-ფუენტე დე (187.3 კმ)
1. ალბერტო კონტადორი (ესპანეთი, Saxo Bank) - 4:29.20; 2. ალეხანდრო ვალვერდე (ესპანეთი, Movistar) - +0.06; 3. სერხიო ლუის ენაო (კოლუმბია, Sky) - იგივე დრო; 4. გორკა ვერდუგო (ესპანეთი, Euskaltel) - იგივე დრო; 5. რინალდო ნოჩენტინი (იტალია, AG2R) - +0.19; 6. იან ბაკალენტსი (ბელგია, Radioshack) - +0.55... 10. ხოაკიმ როდრიგესი (ესპანეთი, "კატიუშა") - +2.38...
საერთო ჩათვლა
1. ალბერტო კონტადორი (ესპანეთი, Saxo Bank) - 68:07.54; 2. ალეხანდრო ვალვერდე (ესპანეთი, Movistar) - +1.52; 3. ხოაკიმ როდრიგესი (ესპანეთი, “კატიუშა”) - +2.28; 4. კრისტოფერ ფრუმი (ბრიტანეთი, Sky) - +9.40; 5. დანიელ მორენო (ესპანეთი, "კატიუშა") - +11.36; 6. რობერტ ჰესინკი (ჰოლანდია, Rabobank) - +12.06...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"