ტურნირზე შევხვდით და ვესაუბრეთ საქართველოს ველოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტს, ომარ ფხაკაძეს.
- 66 სპორტსმენი ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს არ ჰყოლია. სწორედ ამდენი მონაწილე დადგა სტარტზე... - ამბობს რესპონდენტი.
- რა თქმა უნდა, რამდენიმე ასაკობრივ ჯგუფს გულისხმობთ...
- დიახ, პატარების ჯგუფებიდან 48 ბავშვი გვყავდა, დანარჩენები კი დიდები იყვნენ. მოზარდების ნაკადი გაიზარდა, რაც მომავალში, რასაკვირველია, სელექციის შემდეგ, ნორმალური გუნდების ჩამოყალიბების საწინდარი გახდება. გავა წლები და ეს უთუოდ მოიტანს
- რუსთავის შედეგებზე რას იტყოდით?
- ცუდი შედეგები არ ყოფილა, მაგრამ უკეთესის სურვილი ნამდვილად გვაქვს და ხვალ-ზეგ ამასაც მივაღწევთ, ანუ, თუ დღეს საშუალო სიჩქარე საათში 40 კილომეტრი იყო, ჩვენი მიზანია, ეს მაჩვენებელი 50 კილომეტრამდე გავზარდოთ.
ამისთვის ბევრი მუშაობაა საჭირო, მთავარია, მწვრთნელებიცა და სპორტსმენებიც მოწადინებულები არიან.
დიდებში თითო დისციპლინაში თითო საუკეთესო სპორტსმენი გვყავს. ვფიქრობთ, კიდევ რამდენიმე წელიწადი იქნებიან ქართული ველოსპორტის ავანგარდში - ტრეკზე დავით ასკურავა, გზატკეცილზე გიორგი ნადირაძე, ხოლო სამთო ველოსპორტში ბესიკ გავაშელი.
- კარგი ველოსიპედისტების აღზრდას სოლიდური თანხებიც სჭირდება...
- წინა წლებისგან განსხვავებით, წლეულს გაცილებით უკეთესი დაფინანსება გვაქვს. გვეხმარება როგორც ოლიმპიური კომიტეტი, ისე სპორტის სამინისტრო. სამინისტრომ თანხები ინვენტარის შესაძენადაც გამოგვიყო, რაც მანამდე არ ყოფილა.
პირველად შარშან იყო, ოლიმპიური კომიტეტის გამოყოფილი თანხებით რომ შევიძინეთ ველოსიპედები ფესტივალი "თბილისი-2015"-ისთვის მოსამზადებლად. დახმარება წლეულსაც გაგრძელდა. მასობრიობისთვის შედარებით იაფ ველოსიპედებს ვიყიდით.
გაიზარდა ღონისძიებების დაფინანსებაც, რაც საშუალებას გვაძლევს, გავზარდოთ შეკრებებისა და შეჯიბრებებში მონაწილეობის რიცხვიც.
- მასობრიობა კარგია, მაგრამ დღეს შედეგებს მაინც ლიდერებისგან ვითხოვთ. მათი ხელფასების მდგომარეობა როგორია?
-სპორტსმენები რიოს ოლიმპიური თამაშებისთვის ინდივიდუალური პროგრამით ემზადებიან, დაფინანსებაც ნორმალური აქვთ. ასე რომ, ველოდებით, ეგებ ლიცენზიები მოვიპოვოთ.
- ხუთი თვეა, რაც ფედერაციას სათავეში ჩაუდექით. რისი გაკეთება მოასწარით, რას ვერ მოაბით თავი?
- დავიწყებ იმით, რომ ზამთრის სეზონში ძალიან რთული იყო რაიმეს გაკეთება. კონტაქტები დავამყარე საერთაშორისო ფედერაციებთან. პირველი შედეგები ისაა, რომ ევროპის ფედერაცია ფინანსურად დაგვეხმარება ტრეკის ველოსიპედების შეძენაში.
მსოფლიო ფედერაციიდან კი, სოლიდარობის ეგიდით, საჩუქრად მივიღებთ პროფესიონალთათვის განკუთვნილ ექვს საგზატკეცილო ველოსიპედს.
მწვრთნელებს გავუზარდეთ ხელფასები. ბავშვების მოზღვავებასთან დაკავშირებით, აღმზრდელთა რაოდენობის გაზრდასაც ვფიქრობთ.
ჩამოვიყვანთ პროფესიონალ უცხოელ სპეციალისტებს, რომლებიც მოამზადებენ აქაურ კოლეგებს.
ესეც ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამით ხდება და ოლიმპიური კომიტეტი აფინანსებს. ყველა ჩვენი მწვრთნელი აიმაღლებს კვალიფიკაციას, გაივლის სერტიფიცირებას და უკვე ჩვენც გვეყოლება კვალიფიციური მწვრთნელები. ეს ღონისძიება ორ ეტაპად მოეწყობა.
- მსაჯებზე რას იტყვით?
- სამწუხაროდ, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ჯერჯერობით არა გვყავს და ამ მხრივაც უნდა გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები. "თბილისი-2015" კარზეა მომდგარი და დიდი სურვილი მაქვს, ამ გრანდიოზულ საერთაშორისო ახალგაზრდულ ფესტივალს ქართველი მსაჯებიც მოემსახურონ. იმედია, სულ მალე ამ პრობლემასაც გადავჭრით.
- მასობრიობისთვის რეგიონების გამოცოცხლებაა მთავარი.
- გეთანხმებით. ადრე სექციები იყო ქობულეთში, ქუთაისში, ზესტაფონში, სამტრედიაში, მცხეთაში, ლაგოდეხში, თბილისში... რომლებიც აღარ არსებობს. ახლა გვინდა დავამატოთ გორში, ახალციხეში, რუსთავში.
ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს მივმართავთ, რომ დაეხმარონ ინვენტარის შეძენაში, ტერიტორიის გამოყოფაში და ნელ-ნელა ავაღორძინებთ მთელ საქართველოში. ამის დიდი სურვილი გვაქვს და არც მონდომება გვაკლია.
- ძალიან არეულ-დარეული ფედერაცია ჩაიბარეთ - იყო ურთიერთქიშპი, გაუტანლობა და ასე შემდეგ. დღეს რა მდგომარეობაა?
- ნელ-ნელა ვლაგდებით. აშკარად ჩანს, რომ მწვრთნელები ამოძრავდნენ, ბავშვები გამოჩნდნენ და აქტიური შემოქმედებითი პროცესი დაიწყო. რაც შეეხება ქიშპობებს, უნდა მივაღწიოთ, რომ ერთმანეთს ყველა გვერდში დაუდგეს და საერთო საქმე ვაკეთოთ. ქიშპობა სპორტში სპორტულ სარბიელს არ უნდა სცილდებოდეს.
- ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ტრეკის უქონლობაა...
-ეს მართლაც ყველაზე მტკივნეული საკითხია. ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, დავარწმუნოთ სახელმწიფო, მთავრობა, რომ საქართველოში აშენდეს საერთაშორისო სტანდარტის ველოტრეკი.
ახლა პროფესიონალები და მოყვარულები გაერთიანდნენ. ამიტომ ისე აეწყო სეზონები, რომ პროფესიონალები გზატკეცილზე ამთავრებენ თუ არა სეზონს, ტრეკზე გადადიან. ანუ მსოფლიო თასები, მსოფლიოს ჩემპიონატები გვიან შემოდგომით იწყება და მთელი ზამთარი გრძელდება.
ასე რომ, აუცილებელია გადახურული ტრეკი. ამას თუ დავუმატებთ, რომ თბილისში, უზნაძის ქუჩაზე ტრეკი 1886 წელს აშენდა, ლამის 80-იან წლებამდე კი დიდი ტრადიციები გვქონდა - გვყავს მსოფლიოს ჩემპიონი, პრიზიორები, ოლიმპიური თამაშების მონაწილეები, რეკორდსმენები, იმედია, ჩვენი მთავრობა ყურად იღებს ამ თხოვნას...
- ოფიციალური წინადადებით თუ მიგიმართავთ მთავრობისთვის?
- ჯერ არა, საკითხი მხოლოდ განსჯის დონეზეა. ახლა პროგრამასაც ვწერ, რატომ არის აუცილებელი ველოტრეკი და რა შედეგები მოჰყვება მას. ევროპისა და მსოფლიო ფედერაციებიც გვერდზე დამიდგებიან...
- მიახლოებითი თანხები ხომ არ იცით, რა დაჯდება საერთაშორისო სტანდარტების გადახურული ველოტრეკი?
- ალბათ, 40 მილიონ ლარამდე.
- არ არის ძვირი...
- სახელმწიფოსთვის მართლაც არ არის ძვირი. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ძალიან დიდ ძვრას გამოიწვევს სპორტში, ბევრი ბავშვი ივარჯიშებს, ქუჩას ჩამოსცილდება, შეგვეძლება მსოფლიოსა და ევროპის თასებისა თუ სხვა საერთაშორისო ტურნირების გამართვა.
- სად ჯობია ტრეკის აშენება?
- ცენტრში არავინ აგვიშენებს, მაგრამ აუცილებელია ტრანსპორტი. მინიმუმ ჰექტარ-ნახევარი-ორი ჰექტარი მიწა მაინც იქნება საჭირო. ანუ ეს არა მარტო სავარჯიშო ბაზა უნდა იყოს, არამედ დიდი საერთაშორისო ტურნირების გასამართი არენაც.
- და ეგებ ომარ ფხაკაძის მსგავსები კიდევ დაიბადონ. ამის სურვილით გემშვიდობებით, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ.
დავით ჭელიძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"