წინა ორ თამაშებში საქართველოდან მონაწილეობდნენ ჩოგბურთელები და ტანმოვარჯიშეები. წლეულს ჩვენი ქვეყნიდან მიიწვიეს მოჭადრაკეები და ველოსიპედისტები.
სულ შვიდ სახეობაში გაიმართა შეჯიბრება - კარატეში, ტაიკვანდოში, ჭადრაკში, ველოსპორტში, მხატვრულ ტანვარჯიშში, მძლეოსნობასა და ძალოსნობაში.
ველოსპორტსმენთა დელეგაციას ხელმძღვანელობდა ამ სახეობის ფედერაციის პრეზიდენტი ომარ ფხაკაძე.
- ველომრბოლთა ტურნირში შვიდი გუნდი მონაწილეობდა, - ამბობს ომარ ფხაკაძე, - მოლდოვა, ლიტვა, სერბეთი, თურქეთის სამი გუნდი და საქართველო. თითო გუნდიდან ოთხ-ოთხი წარმომადგენელი იყო, ესე იგი, სტარტზე სულ
1998-2000 წლამდე დაბადებულები გამოდიოდნენ, ოღონდ თუ ყველა გუნდი 15 წლის ბიჭებით იყო დაკომპლექტებული, ჩვენ 14 წლის სპორტსმენები გვყავდა. ამის მიუხედავად, ნორმალურად გამოვედით, ყველაზე უკეთ კი გიორგი პეტრინმა იასპარეზა, რომელმაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
უკეთესი შედეგიც შეიძლებოდა, მაგრამ კრიტერიუმში, რომელშიც 6 ფინიშია (18 წრე), გიორგი მეხუთე ფინიშთანაც ლიდერობდა (პირველი მოგებული ჰქონდა, მესამეზე - მეორე იყო), უცებ მოსახვევში გასრიალდა, წაიქცა და საბოლოოდ მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა, თუმცა მინიმუმ ვერცხლის მედალი განაღდებული ჰქონდა. არა უშავს, გიორგი გამოუცდელი ბიჭია, ეს მისი პირველი საერთაშორისო ტურნირი იყო.
- ესე იგი, ამ ასაკში გიორგი პეტრინი გამოკვეთილი ლიდერია. მან ხომ სეზონის გახსნაც მოიგო.
- დიახ, 2015 წლის იგივე თამაშებისთვის ამ ბიჭის დიდი იმედი გვაქვს. ახლა მის ტექნიკის დახვეწაზე უნდა იმუშაონ მწვრთნელებმა.
- სხვა ბიჭები როგორ გამოვიდნენ?
- შედარებით სუსტად იასპარეზეს და ეს არც არის გასაკვირი, ისინი სულ ერთი წელია ვარჯიშობენ, პეტრინს კი ორი წლის სტაჟი აქვს. იგი გამძლეობითაც სჯობს თანაკლუბელებს, სისწრაფითაც. მაგრამ 2015 წლამდე კიდევ გვაქვს დრო და ეს ბავშვებიც მოუმატებენ.
- მსაჯობა ნორმალური იყო? მაინც ბავშვების ტურნირია...
- პატარ-პატარა ხარვეზები იყო, მაგრამ ამას საბოლოო შედეგებზე არ უმოქმედია.
- მიგაჩნიათ, რომ პერსპექტიული თაობა გვყავს?
- რა გითხრათ, 2015-ის თამაშებში რეალურად ველოდები მედალს. ანუ ამ ბიჭების დიდი იმედი მაქვს. თუ დაგეგმილი შეკრებები და შეჯიბრებები გეგმაზომიერად ჩატარდა, შედეგი აუცილებლად იქნება.
დავით ჭელიძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"