პირველ დღეს შეჯიბრება გაიმართა დიდ დიღომში და 30 მრბოლელი ჩაება პირველობისთვის ბრძოლაში.
ველოსპორტის ამ სახეობაში შეჯიბრება ტარდება მთაგორიან რელიეფზე, რაც ერთიორად ზრდის შეჯიბრების სირთულეს და ტრავმებიც ხშირია.
პირველივე წრეზე ლიდერობა ხელთ იგდო მცხეთელმა ლაშა ამირიძემ, რომელსაც კვალდაკვალ მიჰყვებოდნენ მცხეთელი ივანე კვახაძე და თბილისელი გიგი გილაური. მეტოქეებმა ფინიშიც ასეთივე თანმიმდევრობით გადაკვეთეს.
მეორე დღეს ელიტარული ჯგუფის საუკეთესო სპორტსმენთა ასპარეზობა გაიმართა. ჩვენი
რბოლის ტრასაც შერჩეული იყო საერთაშორისო ფედერაციის სტანდარტების შესაბამისად. კუს ტბასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მთაში სპორტსმენებს 6 ოთხკილომეტრიანი მანძილი უნდა დაეფარათ.
პირველივე წრეზე დაწინაურდნენ ბესიკ გავაშელი, გიორგი ნადირაძე, გიორგი ნარეკლიშვილი და გიორგი სუვადოღლი.
იმავე წრეზე ტრავმა მიიღო ბესიკ გავაშელმა, ხოლო სუვადოღლი ტრავმის გამო საერთოდ გამოეთიშა შეჯიბრებას და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბესიკ გავაშელს დაწინაურებულ მონაწილესთან ჩამორჩენის აღმოფხვრა მოუხდა.
შეჯიბრების დამთავრებამდე 2 წრით ადრე კი უკვე აღარავის ეეჭვებოდა, რომ საქართველოს ჩემპიონობას თბილისელი ბესიკ გავაშელი კვლავაც არავის დაუთმობდა.
ასეც მოხდა - ჩვენი ქვეყნის ეროვნული ნაკრების წევრი მეხუთედ გახდა საქართველოს ჩემპიონი.
ბესიკმა წლეულს მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს თასების გათამაშებასა და საერთაშორისო შეჯიბრებებში, სადაც სარეიტინგო ქულები აქვს მოპოვებული.
ამერიკულმა ენერგეტიკული სასმელების კომპანია POVERBAR-მა ერთწლიანი ხელშეკრულება გაუფორმა ენერგეტიკული სასმელების რეკლამირებაზე. ჩვენს სპორტსმენთან ხელშეკრულება დადო აგრეთვე ველო-საბურავების მწარმოებელმა CENDA-მ.
ჩემპიონატში მეორე ადგილიც საქართველოს ნაკრები გუნდის წევრმა, საგზატკეცილო ველოსპორტში ლონდონის ოლიმპიადის მონაწილემ, აჭარელმა გიორგი ნადირაძემ მოიპოვა, მესამე ადგილი კი თბილისელ გიორგი ნარეკლიშვილს ხვდა წილად.
"ლელოს" კორ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"