ოლიმპიური სასამართლო - სკანდალი, რომელმაც შეაზანზარა ქართული სპორტი

AutoSharing Option
ქართული სპორტი მორიგმა სკანდალმა შეაზანზარა - ლაპარაკია სასამართლოს მიერ სეოკ-ის 23 დეკემბრის არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ.

ბუნებრივია, ამ სკანდალურ თემაზე საუბარი გუშინაც მთელი დღე მიმდინარეობდა და სეოკ-ში დილიდანვე არ წყდებოდა ჟურნალისტებისა თუ სტუმრების მიმოსვლა. ოღონდ თან განგვიმარტეს, რომ ლაპარაკია სასამართლოს შუალედურ გადაწყვეტილებაზე და არა ბათილად ცნობაზე. ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლომაც გაავრცელა განცხადება.

- საქალაქო სასამართლო სეოკ-ის პრეზიდენტის არჩევის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

როგორც გუშინ გაირკვა, სასამართლოს სეოკ-ის არჩევნებში დამარცხებულმა ირაკლი მეძმარიაშვილმა მიმართა, რომელმაც ეჭვქვეშ დააყენა ყრილობაზე დელეგატთა რეგისტრაციისა და
უფლებამოსილების საკითხი. სასამართლომ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა, რადგან 5 სუბიექტის უფლებამოსილება საეჭვოდ მიიჩნია.

ქვემო ქართლის, იმერეთისა და აფხაზეთის რეგიონული ოლიმპიური კომიტეტები, საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი და სეოკ-ის სპორტსმენთა კომისია საჯარო რეესტრში არ აღმოჩნდა. თავის მხრივ, სეოკ-ში ამბობენ, რომ ეს ორგანიზაციები დიდი ხანია, არსებობენ და დარეგისტრირებულნიც კანონიერად არიან, თუმცა არასწორი სახელით დაიწყეს მათი ძებნა და ამიტომ არ მოიძებნენ. მაგალითად, საქართველოს ოლიმპიელთა კლუბს პირველი სიტყვა ჩამოაკლეს, რამაც შედეგი არ გამოიღო.

აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტებები ორივე მხარეს ვთხოვეთ.

თავდაპირველად სეოკ-ს ვესტუმრეთ, სადაც კომენტარი პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა გააკეთა:

- პირველ ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა არასწორი ინფორმაცია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინების თაობაზე, თითქოს საქმეზე მიღებულია საბოლოო გადაწყვეტილება და ბათილად არის ცნობილი სეოკ-ის 2016 წლის სესიის შედეგები. არადა, სასამართლომ მიიღო შუალედური გადაწყვეტილება უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება თავად სასამართლომაც გააკეთა.

ასე რომ, ოლიმპიური კომიტეტი ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს და დაველოდებით საქმის არსებით განხილვას.

დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ სეოკ-ის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ირაკლი მეძმარიაშვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდება ერთი მარტივი მიზეზის - მისი უსაფუძვლობის გამო.

ჩვენ უკვე მივიღეთ სასამართლოს განჩინება, სადაც ასეთი რამ წერია: "სეოკ-ის წესდებით განსაზღვრული საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაცია, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ქვემო ქართლის რეგიონალური ორგანიზაცია, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აფხაზეთის რეგიონალური ორგანიზაცია, საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპორტსმენთა კომისია იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული არ არის".

საქმე კი პირიქითაა - გარდა სპორტსმენთა კომისიისა, დანარჩენი ოთხივე ორგანიზაცია რეგისტრირებულია კანონის დაცვით და ამის გადამოწმება ნებისმიერ პირს შეუძლია იუსტიციის სამინისტროს საიტზე. რაც შეეხება სპორტსმენთა კომისიას, ეს არის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის და ჩვენი წესდების შესაბამისად, სეოკ-ის ფარგლებში შექმნილი ორგანიზაცია, რომლის ბოლო სხდომაც შარშან ნოემბერში გაიმართა. ამ სხდომაზე კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს ჩვენი სახელოვანი ძიუდოისტი, რიოს ოლიმპიადის ვერცხლისპრიზიორი ვარლამ ლიპარტელიანი. იმ სხდომის გადაწყვეტილებით, სწორედ ლიპარტელიანი და მშვილდოსნობაში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუა მიავლინეს სეოკ-ის სესიის დელეგატებად.

აქვე გეტყვით, რომ სესიაში მონაწილე ორგანიზაციების 99 პროცენტს, მათ შორის, 41 სპორტულ ფედერაციას სესიაზე დელეგატებად წარმოადგენდნენ ამ ორგანიზაციების პრეზიდენტები. ამის შემდეგ სესიის ლეგიტიმურობაზე საუბარი, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია.

ირაკლი მეძმარიაშვილი:
"30 დეკემბერს საარჩევნო-საანგარიშო სესიის მონიტორინგის მიზნით მივმართეთ საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს, რომ გვესაჭიროებოდა სრულყოფილი დოკუმენტაცია ყრილობის გადაწყვეტილების, დელეგატთა წარმოდგენის, წესდების, საპროცედურო მოთხოვნების და სხვათა შესახებ. გავითვალისწინეთ ახალი წლის ფაქტორი და ვაცალეთ 16 იანვრამდე, მერე კი კანცელარიიდან მივიღეთ ზეპირი პასუხი, შეგვიძლია, ამაზე არ გიპასუხოთო.

Sportall.Ge

17-ში მივწერეთ და ეს საბუთები ორი დღის ვადაში მოვითხოვეთ, მაგრამ მაშინაც უარი მივიღეთ. ამ დროს საჯარო რეესტრიდან უკვე მიღებული გვქონდა წერილი, სადაც ჩემი მიმართვის საფუძველზე გვაცნობეს, რომ გარკვეული სუბიექტები მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებულები არ არიან. არადა, ყველა მათგანი ხმის უფლების მქონეა და ზოგს არა ერთი, არამედ რამდენიმე ხმაც კი აქვს.

ამიტომ 23 იანვარს მივმართეთ საქალაქო სასამართლოს, საიდანაც 25 იანვარს გვაცნობეს, რომ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის 23 დეკემბერს გამართული საანგარიშო-საარჩევნო სესიის მიერ არჩეულ პირებს აეკრძალოთ ამავე სესიის ოქმით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება და მოქმედების შესრულება.

შეჩერდეს (ვიმეორებ - შეჩერდეს და არა გაუქმდეს) საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 23.12.2016 წლის საანგარიშო-საარჩევნო სესიის ოქმით განსაზღვრულ წესდებაში რაიმე სახის ცვლილებების შეტანა და ამავე ოქმის მოქმედება სადავო საკითხზე სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე და მის კანონიერ ძალაში შესვლამდე.

ახლა გამოდის ბერიშვილი და ამბობს, ჩვენ არაფერი არ ვიცოდითო. ან მათ შორის კომუნიკაცია არაა, ან - იტყუება.

პირდაპირ ვაცხადებ, რომ ორი წერილია მისული. დარეგისტრირებულია კახი კახიაშვილის სახელობის ოლიმპიური კლუბი, საქართველოს ოლიმპიური კლუბი არ არსებობს. თუ დაადასტურებენ საპირისპიროს, ღმერთმა ხელი მოუმართოთ, მე კი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად ვთარგმნი და გავუგზავნი საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს - მათ უნდა იცოდნენ, რა ხდება ქვეყანაში".

დღის ბოლოს ბრიფინგი გამართა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, რომელმაც შემდეგი განაცხადა:

- ოლიმპიური კომიტეტი ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. თბილისის საქალაქო სასამართლომ გაავრცელა განცხადება, რომ ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომ საქმეზე მიღებულია საბოლოო გადაწყვეტილება. არადა, მიღებულია შუალედური გადაწყვეტილება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ.

სააღსრულებო ფურცელიც მივიღეთ, სადაც იგივეა ჩაწერილი. არჩევნები როგორც კი დამთავრდა, ჩემმა მოწინააღმდეგემაც აღიარა, რომ ის ჩატარდა სამართლიანად, გამჭვირვალედ და მომილოცა წარმატება. შემდეგ რა მოხდა, რა დაემართა, ვერ გეტყვით.

ამის შემდეგ ხაბელოვმა წარმოადგინა საჯარო რეესტრიდან ამოღებული ჩანაწერები იმის შესახებ, რომ ზემოთ დასახელებული 5 საკამათო სუბიექტიდან ოთხი - იმერეთის, ქვემო ქართლის და აფხაზეთის რეგიონული ოლიმპიური კომიტეტები, აგრეთვე - საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი დიდი ხანია, რეგისტრაციაშია გატარებული და ამის გადამოწმება ყველას შეუძლია.

რაც შეეხება სპორტსმენთა კომისიას, ისიც დებულებითაა გათვალისწინებული, ანუ ოფიციალურად არსებობს და არც ერთი მათგანი საგანგებოდ ამ არჩევნების წინ არ შექმნილა. ხაბელოვმა დაგვიდასტურა, რომ უახლოესი 5 დღის განმავლობაში სეოკ-იც მიმართავს სასამართლოს საპირისპირო სარჩელით და დაუმტკიცებს, რომ ეს სადავო სუბიექტები ნამდვილად არიან რეგისტრირებულნი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული