საგზური – სარეკორდო, შედეგი – მძიმე

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი ევროპაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა - ლონდონში ქართული სახლისთვის ფართი იქირავა, იქიდან კი რომში გადავიდა, სადაც საქართველო ოფიციალურად დაამტკიცეს 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლად - ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა.

ევროპიდან დაბრუნებულ ნაცვლიშვილს ამ საკითხებზე სასაუბროდ ვეწვიეთ, მაგრამ ლიცენზიებისა და ლონდონის ოლიმპიადაზე ჩვენი დელეგაციის შანსების თემაც თავისთავად წამოტივტივდა. აქვე საკმაოდ მოულოდნელი სიახლეებიც გავიგეთ - თურმე შეიცვალა ოლიმპიური სოფლის აშენების ადგილი, მანამდე კი მისამართს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტიც შეიცვლის. გუშინ ცნობილი გახდა, რომ ეს იქნება
სახალხო დამცველის შენობა მაჩაბლის ქუჩაზე.

- ქართულ სახლზე საუბრით დავიწყოთ...
- ყველა სპორტული ქვეყანა ხსნის თავის სახლს და საქართველოსაც ასეთად მივიჩნევ - როცა ოლიმპიურ თამაშებში სამ ოქროს მოიპოვებ, უკვე სერიოზული სპორტული ქვეყანა ხარ. აქედან გამომდინარე, ქართული სახლის მოწყობაზე ადრევე ვიზრუნეთ. მოგეხსენებათ, ქართული სახლი ოლიმპიადებზე ყოველთვის არსებობდა და ეს ნამდვილად არაა ნოვაცია, მაგრამ გვინდა, ამჯერად ცოტა უფრო აქტიური გავხადოთ. ის არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, ვინ შეივლის და დაათვალიერებს. ცხადია, იქ უნდა იმართებოდეს სპორტული ღონისძიებები ანუ, უპირველესად, მაინც სპორტსმენთა სახლად რჩებოდეს, სადაც წარმატების შემთხვევაში მოეწყობა მედალოსნებთან შეხვედრა, მათი დაჯილდოება და საზეიმო მიღება, მაგრამ ქვეყნის აქტიურ პოპულარიზაციასაც უნდა ეწეოდეს. თუ ქართული სახლი ჰქვია, მაშინ უნდა მოიცვას ყველაფერი ქართული და მხოლოდ ქართული სპორტით არ უნდა შემოიფარგლებოდეს.

თადარიგი ასე ადრიანად იმიტომ დავიჭირეთ, რომ იმ ფართის დაქირავება დღეს გაცილებით იაფი დაგვიჯდა, ვიდრე ეს იქნებოდა, ვთქვათ, 6 თვის შემდეგ. მოგეხსენებათ, ლონდონი არაა პეკინი ან ათენი, ერთ-ერთი უძვირესი ქალაქია მსოფლიოში. თან იქ ოლიმპიადის დღეებში მთელი მსოფლიოს ელიტა შეიკრიბება - არა მხოლოდ სპორტული, არამედ პოლიტიკური, შოუ-ბიზნესის და სხვა.

რამდენადაც ვიცი, ბრიტანელ მუსიკოსთა 80 პროცენტს აკრძალვით არ აუკრძალეს ოლიმპიადის დღეებში გასტროლები და სხვაგან წასვლა, მაგრამ შესთავაზეს ფული, რამდენსაც მოითხოვდნენ, სანაცვლოდ კი ლონდონში დარჩნენ და იქ გამართონ კონცერტები. ამდენად, მთელი მსოფლიო იქ იქნება და საქართველო ღირსეულად უნდა იყოს წარმოდგენილი.

ჩვენს მიერ დაქირავებული შენობა ისტორიულია - მე-18 საუკუნეშია აგებული და ლონდონის ცენტრალურ ნაწილში, პრესტიჟულ უბანში მდებარეობს, საქვეყნოდ ცნობილი "თეით-მუზეუმის" გვერდით. ის ამჟამად სტუდენტთა სამსახურშია, მაგრამ ოლიმპიადის დღეებში მთლიანად ჩვენ დაგვეთმობა. ესაა საკმაოდ ვრცელი ფართი ორი დიდი დარბაზით, ბაღებით, კეთილმოწყობილი ეზოთი და პარკინგით. ლონდონში პარკინგი საკმაოდ ძვირია, ჩვენს სტუმრებს კი ამის პრობლემა არ შეაწუხებთ. იქაურობა დატვირთული იქნება ყოველდღიური ღონისძიებებით.

ვეცდებით, რაც შეიძლება ფართოდ წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა. მაგალითად, ერთი დღე ჩვენს ისტორიას დაეთმობა, მეორე - ქართულ ღვინოს, სამზარეულოს, მესამე - ქართულ კულტურას და ასე შემდეგ... ვეცდებით, ამაში ცნობილი სპორტსმენები ჩავრთოთ - ქართველებიც და უცხოელებიც და მათი საშუალებით მოვახდინოთ ამ ყველაფრის პოპულარიზაცია.

გვინდა, საქართველოდან ბავშვთა ანსამბლები წავიყვანოთ, ასევე - ცნობილი ქართველი კულინარები, წავიღოთ ქართული ღვინოები, საჭმელები და ეს ყველაფერი გავაცნოთ მთელ მსოფლიოს. გვსურს, ეს სახლი იმ ორი კვირის განმავლობაში იყოს არა მხოლოდ სპორტსმენების, არამედ ბრიტანეთში მცხოვრები ქართველების შეკრების ადგილიც. უკვე შევიძინეთ ბილეთები, სამწუხაროდ, ბევრი - ვერა, მხოლოდ 50-50 იმ შეჯიბრებებისთვის, სადაც წარმატების მოპოვების შედარებით უკეთესი შანსი გვაქვს - გვინდა, ეს ხალხი სათანადო ფორმებში გამოვაწყოთ და ჩვენი სპორტსმენების საქომაგოდ ერთად დავსვათ ტრიბუნაზე. სწორედ ქართულ სახლში დაიგეგმება, სად წავლენ ისინი მეორე დღეს, ვის საქომაგოდ და სხვა ამგვარი ღონისძიებები.

ერთი სიტყვით, ყველაფერი ამ სახლის ირგვლივ აიგება. მისი დიზაინერი ეკა ჯაფარიძე იქნება და ვეცდებით, იქ მისვლა სტუმრებს სასიამოვნო მოგონებად დარჩეთ. მოეწყობა ქართული სპორტის ისტორიის სტენდი, ხოლო ჩვენი კულტურის ფართოდ წარმოსადგენად, შესაძლოა, ფიროსმანის ტილოც წავიღოთ. პარალელურად, ეს სახლი "თბილისი-2015" საპრეზენტაციო ცენტრიც გახდება. გაირკვევა ამ თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის შემადგენლობა, რომლებიც ლონდონში ქართულ სახლშიც იქნებიან.

წინასწარ გეტყვით, რომ ქართული სახლის ერთ-ერთ დიასახლისად ანი ბარამიძეს წავიყვანთ, ვინც ბელგრადშიც ზემოაღნიშნული ფესტივალის საპრეზენტაციო პროგრამაში მონაწილეობდა.

- ალბათ, მომავალი ოლიმპიადის მასპინძელ ბაზებსაც ნახავდით... ან საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლებს ხომ არ შეხვდით?
- მათთან ძალიან მჭიდრო კონტაქტი გვაქვს, როგორც სხვა ქვეყნებს. იქ ყველა გუნდისთვის ინდივიდუალური გრაფიკია შედგენილი, ვინ როდის უნდა ჩავიდეს და დაათვალიეროს ოლიმპიური ობიექტები, ადგილზე გაეცნოს მოსამზადებელ სამუშაოებს თუ იმ გარემოს, სადაც მათი სპორტსმენები იცხოვრებენ. ჩვენ ორი თვის წინ ვიყავით მიწვეულები და ეს ყველაფერი მაშინ ვნახეთ, ანუ ეს ეტაპი უკვე გავიარეთ, ახლა კი დაველოდებით ახალ მიწვევას, კვლავ თუ მიგვიპატიჟებენ.

რაც ვნახე ლონდონში, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და წინასწარ შემიძლია თქმა, ძალიან კარგი ოლიმპიადა იქნება. შეიძლება გახსნა-დახურვის ცერემონიალის პომპეზურობით პეკინს ვერ აჯობონ, მაგრამ წმინდა სპორტული ატმოსფეროთი ბევრად უკეთესი იქნება. ყოველ შემთხვევაში, ინფრასტრუქტურის მხრივ ყველაფერი რიგზეა და ახლავე შეუძლიათ თამაშების მასპინძლობა. ამ კუთხით სანერვიულო არაფერი გვაქვს. ახლა მთავარია, ჩვენ როგორ გამოვალთ იქ.

- ლიცენზიების საკითხს და ოლიმპიადაზე მედლების მოპოვების შანსებსაც მივადექით. სალიცენზიო ტურნირები უკვე დაიწყო, თუმცა მთავარი ეტაპი ჯერ კიდევ წინაა, მაგრამ სადღეისოდ არც ერთი საგზური არ გვაქვს. მაინც რას გეგმავთ - რამდენ ლიცენზიას, რამდენ მედალს?
- საგზური ჯერ ოფიციალურად არ გვაქვს, მაგრამ ქვეყანა უნდა დაიქცეს, რომ, ვთქვათ, ძიუდოში 90 კილოგრამში ვალერი ლიპარტელიანმა ან 60-ში ამირან პაპინაშვილმა ლიცენზია ვერ მოიპოვონ. დღესვე სპორტს თავს თუ დაანებებენ, თორემ საგზურის მოპოვებაში მათ ხელს ვერაფერი შეუშლის. უბრალოდ, ეს ოფიციალურად გაისად გამოცხადდება და არა მანამდე. მთლიანობაში 40 ლიცენზიას ველოდებით, ოღონდ არა პირველ ეტაპზე, არამედ - უფრო მოგვიანებით.

შესაძლოა, საგზურები წლეულსვე მსოფლიოს ჩემპიონატებზე ვერ მოვიპოვოთ, მაგრამ მერე მაინც ავიღებთ სალიცენზიო ტურნირებში - პირველ ეტაპზე საგზურებს ლიდერები დაეუფლებიან, მეორეზე კი შედარებით სუსტები დარჩებიან. ამიტომ ეს ციფრი საკმაოდ რეალური მგონია, მაგრამ შედეგების მხრივ მძიმე ოლიმპიადა გვექნება.

პეკინში ვარსკვლავური ნაკრები გვყავდა - თითქმის ვიცოდით, ვინ იქნებოდა ფავორიტი და მათ გაამართლეს კიდეც. სავარაუდოდ, ისინი ლონდონშიც გამოვლენ, მაგრამ უკვე ფავორიტთა შორის აღარ არიან. ჩვენთვის სტრატეგიულ სახეობებში თაობათა ცვლის მტკივნეული პროცესი მიდის. მიხარია, რომ ძიუდოში მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე ძალიან კარგად ჩაერთო გუნდში - დიუსელდორფში პირადად ვნახე მისი ჭიდაობა და განწყობაც, როგორ აენთო სპორტული ჟინით.

ამ დღეებში შევხვდი თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ რევაზ მინდორაშვილსაც. ისიც ვარჯიშობს და მთავარია, ჯანმრთელობამ მისცეს ჭიდაობის საშუალება. კვირკველიაც ჩაერთო ტურნირებში - აქ მძიმე ფონი იყო, მაგრამ თურქეთში ვერცხლი მოიპოვა. ძალიან კარგი თაობა მოდის თავისუფალ ჭიდაობაში. საკითხავია, ახალგაზრდული ასაკიდან გამომდინარე, მოასწრებენ თუ არა ისინი ამ ოლიმპიადისთვის სათანადოდ მომზადებას, მაგრამ რიოსთვის ეს ლიდერი გუნდი იქნება. აქ 3-4 ისეთი ბიჭია, მათი იმედი უნდა გვქონდეს - მაინცდამაინც ოქროს ვერ დავიჩემებ, მაგრამ მედლებს ნამდვილად მოიპოვებენ.

ბევრად მძიმე სურათია ბერძნულ-რომაულ ნაკრებში - როგორც სადღეისო შემადგენლობის, ისე რეზერვის მხრივ. თუმცა ახალგაზრდული ასაკი ისეთია, შეიძლება, მოულოდნელადაც გამოხტეს ვინმე. ძალიან კარგი თაობა მოდის ძიუდოშიც, რომლებმაც ახლა თუ ვერ მოასწრეს სათანადო დონეზე გაზრდა, რიოში ესენიც ლიდერები იქნებიან. თუმცა არც ლონდონში გამოვრიცხავთ მათ წარმატებას.

- 40 ლიცენზია არასოდეს გვქონია და ცოტა გადამეტებული ოპტიმიზმი ხომ არაა იმ ფონზე, რომ ჩვენთვის სტრატეგიულ საჭიდაო სახეობებში ჩავარდნა გვაქვს.
- ამ მხრივ ყველაზე მძიმე ვითარება ბერძნულ-რომაულ ნაკრებშია, თორემ თავისუფალსა და ძიუდოში შედარებით უკეთესი მდგომარეობაა. ყოველ შემთხვევაში, ამ 40 საგზურისთვის რეალურად ვიბრძვით. აქვე დავამატებ, რომ სათვალავში არ შედის "ველური ბარათით" მიღებული ლიცენზიები - ამას მონაპოვრად არ მივიჩნევ, თორემ თუ გვაჩუქებენ, უარს არ ვიტყვი.

ძიუდოს ნაკრებში სადღეისოდ ორ სუსტ წერტილს ვხედავ - 66 და 73 კილოგრამ წონებს. ალბათ, მაინც უფრო 66-ს, რადგან იქ შალვა ქარდავას მეტი რეალური არავინაა, 73-ში კი სამი კანდიდატია, რომლებმაც შეიძლება მოიპოვონ საგზური - ამბაკო ავალიანი, ნუგზარ ტატალაშვილი და თენგიზ პაპოშვილი. თავისუფალში, მგონი, არ უნდა გაგვიჭირდეს შვიდივე ლიცენზიის მოპოვება. ამდენივე გაგვიძნელდება ბერძნულ-რომაულში, მაგრამ უნდა ვიბრძოლოთ მოსაპოვებლად. ყოველ შემთხვევაში, ამ სამ სახეობაზე მაქსიმუმს - 21 საგზურს ვგეგმავთ. თუ ეს გეგმა სრულად განვახორციელეთ, მაშინ 40-ის აღება არ უნდა გაგვიჭირდეს, მაგრამ ამათ გარდაც გვაქვს გარკვეული რეზერვები. მშვილდოსნებიდან ველოდებით სამივე ლიცენზიას პირად პირველობაში, ამ შემთხვევაში კი მეოთხეს გუნდურშიც მივიღებთ. კრივში სამ საგზურს ვგეგმავთ, მძლეოსნობაში - ორს, ძალოსნობაში - სამს, ბატუტზე ხტომაში - ორს, საპლაჟო ფრენბურთში - ორს და ესენი სალიცენზიო ზონაში არიან კიდეც. წყალში ხტომაში ერთია ნავარაუდები, მაგრამ არ გამოვრიცხავთ, მეორეც მოიპოვონ სინქრონულ ხტომებში. ინდივიდუალურში ჭოლა ჭანტურია ჯერჯერობით თითქმის სალიცენზიო ზონაშია, სინქრონში კი ის და შოთა კორახაშვილი მერვე-მეცხრე ადგილებს იყოფენ, საგზურს კი ექვსეული იძლევა, თუმცა ლაპარაკია კიდევ ერთი ადგილის დამატებაზე, ანუ შვიდეული მიიღებს. ტყვიის სროლაში ერთ ლიცენზიას ველოდებით - რა უნდა მოხდეს, ნინო სალუქვაძემ ვერ მოიპოვოს.

ამას გარდა, კიდევაა შეპირებები ფედერაციებისგან. მაგალითად, ტაეკვანდოში ირანელი მწვრთნელი გვპირდება, რომ ორს მოიპოვებს - ერთს ქართველი სპორტსმენით, მეორეს - ირანელით, რომელიც უკვე აქაა და მალე მოქალაქეობასაც მიიღებს. ფარიკაობა, ცურვა, ველოსპორტიც გვაიმედებს თითო საგზურზე და ვნახოთ, რა იქნება, თუმცა ესენი იმ 40-ში არ შედიან. ვიბრძოლებთ, რომ ჩოგბურთშიც მოვიპოვოთ, თუმცა მეეჭვება. ალბათ, აქ "ველურ ბარათზე" გავაკეთებთ განაცხადს.

- რომში ხელმოწერის გარდა, საქმიანი შეხვედრები თუ გქონდათ?
- რომში ხელმოწერის სავალდებულო ცერემონიალი გაიმართა - ამით მთელი პასუხისმგებლობა ჩვენ გადმოგვეცა. მალე "თბილისი-2015" საორგანიზაციო კომიტეტი ოფიციალურად დასახელდება და მუშაობასაც შეუდგება. ისიც ოლიმპიური კომიტეტის ახალ ოფისში განთავსდება, ესაა ძალიან კარგი, ლამაზი ბაღით დამშვენებული კეთილმოწყობილი შენობა, რომელიც დასავლური ტიპისაა და იქ უცხოელების მიყვანა არ შეგვრცხვება. უახლოეს წლებში უამრავი მაღალჩინოსანი სტუმარი გვეყოლება, ძველი ოფისი კი ამ დონეს ვერ აკმაყოფილებს.

- ახალგაზრდული ფესტივალისთვის მზადება როგორ მიდის, გეგმები ხომ არ შეცვლილა?
- 13-15 მარტს ტრაბზონში მივდივართ, რომელიც ამ ზაფხულში ანალოგიურ ღონისძიებას მასპინძლობს. იქ დავათვალიერებთ ოლიმპიურ სოფელს და გავეცნობით მათ გამოცდილებას.

ჩვენთვის ახლა მთავარი პრობლემა სწორედ ოლიმპიური სოფელია და გეგმების ცვლილებაც ამას უკავშირდება - ადრე მისი აშენება ამერიკის საელჩოსთან იგეგმებოდა, ახლა კი თბილისის ზღვაზე გადაწყდა. ზაფხულია და იქაურობა უფრო მიმზიველი იქნება სტუმრებისთვის. თან იქ ზოოპარკის და კიდევ ბევრი რაღაცის გადატანა იგეგმება, ანუ უფრო დატვირთული ცენტრი იქნება, ის კოტეჯური ტიპის სოფელი კი ფესტივალის შემდეგ მერიას დარჩება, რომელიც სიმპოზიუმების თუ სხვა სახის ღონისძიებებისთვის გამოიყენებს, რაც მას შემოსავალს მისცემს. როგორც მერია გვპირდება, მისი მშენებლობა უკვე სექტემბერში დაიწყება და მაშინვე დაიდება ამ თამაშების ბიუჯეტიც.





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული