საქართველო ევროსაბჭოს სპორტულ ოჯახში

AutoSharing Option
ნებისმიერი ქვეყნიდან ყოველწლიურად უამრავი არასრულწლოვანი სპორტსმენი მიემგზავრება უკეთესი პირობების საძიებლად მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ისე, რომ მისი უფლებები არ არის დაცული - არა აქვს სათანადო სრულფასოვანი პროფესიული კონტრაქტი, რის გამოც ასეთი ათლეტი ხშირ შემთხვევაში საკუთარი ქვეყნისთვის და, არაიშვიათად, საერთოდ, სპორტისთვისაც იკარგება.

ახალგაზრდა ტალანტების დაცვის, სპორტში ქალთა მასობრივად ჩაბმისა და სპორტული შეჯიბრებების სამართლიანად ჩატარებისთვის ხელშეწყობის მიზნით 2007 წელს შეიქმნა ევროსაბჭოს პროგრამა - ევროსაბჭოს გაფართოებული წილობრივი შეთანხმება სპორტის შესახებ (EPAS), რომელიც დღეისთვის კონტინენტის 35 ქვეყანას აერთიანებს. 35-ე სწორედ საქართველოა, რომელიც EPAS-ში მიიღეს, რითაც
ჩვენი ქვეყანა ევროპას არა მარტო პოლიტიკური, არამედ სპორტული თვალსაზრისითაც დაუახლოვდა.

ზემოთ აღნიშნულ პროგრამასთან საქართველოს შეერთება ჯერ კიდევ შარშან აზერბაიჯანის დედაქალაქში გამართულ მინისტერიალზე გადაწყდა, რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილიც ესწრებოდა. EPAS-ში გაერთიანების საკითხი განიხილა და მოიწონა საქართველოს პარლამენტმა, რადგან ეს ჩვენს ქვეყანაში სპორტის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს.

წლეულს მარტის დასაწყისში პარიზში საქართველო ამ ორგანიზაციის წევრად ოფიციალურად მიიღეს. სპორტის მესვეურთა გადაწყვეტილებით, EPAS-ში საქართველოს წარმომადგენელი იქნება ჩვენი კოლეგა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი გიორგი ჭანიშვილი, რომელიც თსუ-ს საერთაშორისო ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ჟურნალ-გაზეთებში - "რეზონანსში", "სარბიელში", "ეკოდაიჯესტში", "ჩემპიონსა" და "ლიდერში", ასევე, რადიო-ტელევიზიაში, იყო სპორტის დეპარტამენტის პრესსამსახურის უფროსი და 2008 წლის პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე ეროვნული ოლიმპიური დელეგაციის პრესატაშე.

- ევროსაბჭოს მთავარი პრინციპია სამართლიანობა, ამიტომ მისი სპორტული მიმართულება EPAS-იც ამ მიზანს ემსახურება, - გვითხრა პარიზიდან დაბრუნებულმა გიორგი ჭანიშვილმა. - ამ პროგრამის ძირითადი მიმართულება ევროპაში სპორტის პოპულარიზაცია და მხარდაჭერაა, მართალია, იგი სპორტის ავტონომიურობის პრინციპს ეყრდნობა, მაგრამ EPAS-ი თავისი რეკომენდაციებით, რჩევებით ცდილობს, სპორტში სამართლიანი გარემო შექმნას - დაიცვას ადამიანთა უფლებები, არასრულწლოვანი სპორტსმენები - არალეგალური მიგრაციისგან, წევრ სახელმწიფოებს რეკომენდაციები მისცეს სპორტში კორუფციის, დოპინგის წინააღმდეგ საბრძოლველად, ჩაწყობილი თამაშების გამოსავლენად, მაყურებელთა ძალადობის აღმოსაფხვრელად, ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სპორტში მასობრივად ჩასაბმელად.

პარიზის სხდომაზე აშკარად გამოჩნდა, რომ EPAS-ი სპორტული სამყაროს ერთიან ცივილიზებულ საზოგადოებად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ევროსაბჭოს სპორტულ ორგანიზაციას სერიოზული გავლენა აქვს საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებზე, რადგან მისი წევრები არიან ფეხბურთის (UEFA), რაგბის (FIRA-AER) ძიუდოს (ERU) ევროპული ასოციაციები და კავშირები, ასევე ევროპის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტები.

- პარიზის სხდომაზე უმთავრესად მაინც რაზე გამახვილდა ყურადღება?
- ძირითადი ახალგაზრდა სპორტსმენთა მიგრაციის თემა იყო. მთავარი აქცენტი ფეხბურთზე გაკეთდა. აფრიკელი ფეხბურთელების მაგალითზე გაანალიზდა, თუ როგორ შეიძლება დაიკარგოს ნიჭიერი მოზარდი თავისი ქვეყნისათვის. ეს პრობლემა ჩვენთვისაც როდია უმნიშვნელო. ტალანტთა ძარცვის საპირისპიროდ EPAS-ი სპორტსმენებს ურჩევს, ურთიერთობა იქონიონ მხოლოდ ლიცენზირებულ აგენტებთან, ითანამშრომლონ საერთაშორისო და თავისი ქვეყნის ფედერაციებთან, რათა ათლეტთა ქვეყნის გარეთ გასვლა მოხდეს მაქსიმალურად კანონიერად - ყველა საერთაშორისო ნორმის დაცვით. EPAS-ის ერთ-ერთი რჩევა-რეკომენდაციაა, 18 წლამდე სპორსტმენებთან პროფესიული კონტრაქტის გაფორმება აიკრძალოს.

- EPAS-ში გაწევრების გარდა, რით იყო მნიშვნელოვანი ჩვენთვის პარიზში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა?
- ამ ორგანიზაციაში ჩვენი მიღება, ფაქტობრივად, შესაძლებელი გახდა ევროსაბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ხელშეწყობით. როგორც "დებიუტანტებმა", ამ ეტაპზე მხოლოდ რეკომენდაციები მივიღეთ. მერე ჩვენც გავშინაურდებით და კოლეგებს საკუთარ მოსაზრებებსაც გავუზიარებთ.

ერთ სასიამოვნო ფაქტზეც მინდა გავამახვილო ყურადღება: სხდომის დამთავრების შემდეგ ჩემთან მოვიდა ევროპის რაგბის კავშირის ბელგიელი ექსპერტი, რომელიც აღფრთოვანებული იყო ახალგაზდა ქართველ მორაგბეთა თამაშით. შარშან ბრიუსელში თურმე 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-რუსეთის ფინალურ შეხვედრას დასწრებია, რომელიც ჩვენებმა მოიგეს. მათი სახით თქვენს ეროვნულ ნაკრებს მართლაც ღირსეული ცვლა ეზრდებაო, მითხრა. ისიც იცოდა, რომ ჩვენთან ორი სარაგბო ბაზა გაიხსნა. რაგბის განვითარების სწორი გზით მიდიხართ და ასე წინსვლას თუ განაგრძობთ, ელიტაში თქვენი გუნდი ანგარიშგასაწევი ძალა გახდებაო. მართალი გითხრათ, უცხოელის ჩვენი რაგბით ასეთი დაინტერესება მესიამოვნა.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
- მაისის დასაწყისში მუშა ჯგუფის სხდომაზე, სავარაუდოდ, ისევ პარიზში შევიკრიბებით. ამჯერად მორიგებულ თამაშებზე იქნება მწვავე დისკუსია და EPAS-ი სათანადო რეკომენდაციებსაც მოგვცემს ამ საკითხთან დაკავშირებით. მთავარი მაინც 7-9 ივნისს სტრასბურგში ამ ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა იქნება, სადაც ძირითადი მიმართულებებიც გამოიკვეთება.

ჩვენი მიზანია, ამ შეხვედრებზე მიღებული რჩევები, რეკომენდაციები, მითითებები მაქსიმალურად გავაცნოთ საზოგადოებას, სპორტულ ფედერაციებს, ათლეტებს, მწვრთნელებს, სპორტის ექსპერტებსა და ჟურნალისტებს. მარტო კონსულტაციებს აზრი დაეკარგება, ჩვენთვის მისაღები რჩევები პრაქტიკულად თუ არ განვახორციელეთ, სპორტის წინსვლას თუ არ შევუწყვეთ ხელი.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პოზიცია ასეთია - საქართველო, როგორც ევროპული ქვეყანა, იმ მიმართულებებს უნდა იზიარებდეს, რომელიც, ზოგადად, ევროპული სპორტისთვისაა მნიშვნელოვანი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული