ჰიმნი ერთიანი ქართული სპორტისთვის

AutoSharing Option
თბილისის მერის, გიგი უგულავას ინიციატივით გამოცხადდა კონკურსი ქართული სპორტის ერთიანი ჰიმნის შესაქმნელად. უფრო კონკრეტულად: კონკურსის მიზანია გამოვლინდეს საუკეთესო ჰიმნი, რომელიც თითოეული ქართველი გულშემატკივრისთვის იოლად დასამახსოვრებელი იქნება და სპორტის ნებისმიერ სახეობაში გამოიყენება.

რადგან უახლოესი მასშტაბური ღონისძიება ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატია (31 აგვისტო-18 სექტემბერი), ახლადშექმნილ ჰიმნი ჯერ ლიტვაში საქართველოს ნაკრების მატჩებისას აჟღერდება. ასევე გათვლილია, რომ ამ ჰიმნმა თბილისში გასამართ 2015 წლის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე სპორტის ყველა სახეობის გულშემატკივარი გააერთიანოს.

კონკურსი გუშინ სპორტის სამინისტროში მოწყობილ პრესკონფერენციაზე გამოცხადდა და ერთ თვეს გასტანს. სპორტისა და
ახალგაზრდობის მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა აღნიშნა:

- ეს ჰიმნი ქართველ გულშემატკივარს დაეხმარება უფრო ორგანიზებულად უქომაგოს ჩვენს ნაკრებებს. კონკურსში გამარჯვებული ლიტვაში, ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება.

თბილისის მერმა, გიგი უგულავამ თურქეთის მაგალითი მოიყვანა:

- შარშან თურქეთში გამართულ მსოფლიო საკალათბურთო ჩემპიონატის ერთ მატჩს დავესწარი, რამაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. დარბაზში საოცარი ატმოსფერო სუფევდა, თურქების გულშემატკივრობის თეთრი შურით შემშურდა. ეს გუნდსაც დიდ სტიმულს აძლევს. ვიმედოვნებ, ჩვენს მიერ გამოცხადებული კონკურსის ვშედეგად ფასეულ ჰიმნს მივიღებთ, რასაც გულშემატკივრები პირველივე მასშტაბურ ღონისძიებაზე, ევროპის ჩემპიონატზე გამოიყენებენ.

თბილისის მერს ვერის ბაღის საკალათბურთო არენაზეც ჰკითხეს. მან დაგვაიმედა:

- ეს დარბაზი ერთ-ერთია მათგან, სადაც ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პროგრამით შეჯიბრებები გაიმართება. სარემონტო სამუშაოები მალე დაიწყება და მაღალი დონის არენას მივიღებთ.

ვერის ბაღის დარბაზის მწყობრში ჩადგომა და კალათბურთისთვის დაბრუნება, ფედერაციას უმაღლესი ლიგისა და სხვადასხვა ასაკობრივი ჩემპიონატების მოწესრიგებულ დარბაზში გამართვის საშუალებას მისცემს.

- ასევე მნიშვნელოვანია, რომ ვერის ბაღის არენის მწყობრში ჩაგდომა საშუალებას მოგვცემს ფიბა-ევროპაში ახალგაზრდულ ასაკში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მასპინძლობის განაცხადი შევიტანოთ. ვფიქრობ, ამ ღონისძიებას 2012 წელს ვუმასპინძლებთ, - გვითხრა კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული