მერდოკს ოლიმპიადა წაართვეს

AutoSharing Option
ტელეფონების მოსმენასთან დაკავშირებული სკანდალის გამო ბრიტანეთის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა კონტრაქტი გაწყვიტა რუპერტ მერდოკის ჰოლდინგ News International-თან. ამ ხელშეკრულების თანახმად, ავსტრალიელი მედიამაგნატის კორპორაციას 2012 წლის თამაშებზე ბრიტანეთის ოლიმპიური ნაკრების წევრთა ცხოვრებისა და ასპარეზობის გაშუქების ექსკლუზიური უფლება ჰქონდა.

ამ კონტრაქტის გაფორმების შესახებ 2011 წლის დასაწყისში საზოგადოებას რებეკა ბრუქსმა ამცნო, რომელიც მაშინ News International-ს ედგა სათავეში. "ეს უნიკალური შეთანხმება ჩვენს გაზეთებს საშუალებას მისცემს ოლიმპიადის დღეებში მუდმივად ბრიტანელი სპორტსმენების გვერდით იყვნენ, - განაცხადა მაშინ ბრუქსმა. - ჩვენ შევძლებთ მხარი დავუჭიროთ გუნდს და მკითხველებს სრული
ინფორმაცია მივაწოდოთ ოლიმპიელების ცხოვრების შესახებ".

შეთანხმების თანახმად, მერდოკის კორპორაციაში შემავალი გაზეთები - The Times, Sunday Times, Sun და News of the World წამყვან ბრიტანელ სპორტსმენებთან (ველომრბოლი კრის ჰოი, მოცურავე რებეკა ედლინგტონი, მძლეოსანი ჯესიკა ენისი...) ურთიერთობის ექსკლუზიურ უფლებას იღებდნენ. ამასთან, ჩამოთვლილ გამოცემებს მიენიჭებოდათ სტატუსი - "2012 წლის გუნდის ოფიციალური გაზეთი".

მაგრამ ბრიტანელი მოქალაქეების ტელეფონების მოსმენასთან დაკავშირებული ხმაურიანი სკანდალის გამო მერდოკს სასწრაფოდ მოუწია გაზეთ News of the World-ის დახურვა. ბრიტანეთის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, ნაკრების პარტნიორი ოთხი გაზეთი იქნებოდა, მაგრამ ერთ-ერთის დახურვის შემდეგ თავად კონტრაქტი არალეგიტიმური გახდა, ამიტომაც ის გააუქმეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული