ქალბატონებს იუბილე მიულოცეს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გუშინ ოლიმპიურ ჩემპიონთა სიმრავლე იყო - ყველაზე ადრე პუნქტუალობით გამორჩეული რობერტ შავლაყაძე მოვიდა, მას ჯერ რომან რურუა მოჰყვა, მერე - გიორგი ასანიძე და ქეთევან ლოსაბერიძე.

სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი დავით გობეჯიშვილი დილიდანვე იქ იყო, სულ ბოლოს კი ნინო სალუქვაძეც გამოჩნდა. თუმცა მანამდე მათი შეკრების მთავარი მიზეზი, ქართველ ქალთაგან პირველი ოლიმპიური ჩემპიონი მზია ჯუღელიც მოვიდა. 1 აგვისტო მისი და ლოსაბერიძის დაბადების დღეა, ოღონდ მრგვალი თარიღი ჯუღელს ჰქონდა - სახელოვანი ტანმოვარჯიშე 85 წლისა გახდა. იუბილარი მხნედ კი გამოიყურებოდა და არც
ასაკის დამალვა უცდია, მაგრამ წლებს მაინც დაუტყვია თავისი - ხელჯოხით გამოცხადდა იუბილეზე. სხვა არაფერი არ მაწუხებს, მაგრამ სიარული მიჭირსო, თითქოს მოიბოდიშა ქალმა, რომელიც ბჯენით ხტომებში ასპარეზობდა. შეგახსენებთ, რომ ჯუღელის ტრიუმფი ოლიმპიადებში ქართველ სპორტსმენთა სადებიუტო თამაშებს - 1956 წლის ჰელსინკის ოლიმპიადას უკავშირდება, ხოლო ლოსაბერიძე მშვილდოსნობაში ერთადერთი ოლიმპიური ჩემპიონი ქალია ევროპიდან.

იუბილარებს გუშინწინ დაბადების დღე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ ვარძელაშვილმა მიულოცა, რომელიც შინ ესტუმრა ქალბატონებს. ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობა ამ დღეებში დაბრუნდა ტრაბზონიდან, სადაც ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილეობდა და შეხვედრა ამიტომ გადმოიტანა ერთი დღით. "ისეთი ხალხის დაბადების დღეა, მათ დასახასიათებელად საჭირო სიტყვებისთვის დაფიქრებაც არ გჭირდება. საქართველოში თუ ოლიმპიური მოძრაობა და სპორტი არსებობს, ამაში მათ დიდი წვლილი მიუძღვით, როგორც იმ ადამიანებს, ვინც სპორტი შემოგვინახა. ნებისმიერ დიდ წარმატებას იმ სახეობის განვითარება მოსდევს და ასე იყო მათ შემთხვევაშიც. დიდხანს სიცოცხლეს და ბედნიერებას გისურვებთ. როგორც აქამდე იყავით მაგალითი ახალი თაობისთვის, ასევე ყოფილიყავით მომავალშიც იმ მოზარდებისთვის, რომლებიც ხვალ დაიწყებენ ვარჯიშს სპორტის ამ სახეობებში" - მიმართა იუბილარებს სეოკ-ის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა.

"ძალიან დიდი მადლობა ყველას ამ დღის აღნიშვნისთვის. სპორტს ლამის 67 წელიწადი შევწირე ჯერ როგორც სპორტსმენის, მერე - მწვრთნელისა და ხელმძღვანელის რანგში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას" - თქვა მზია ჯუღელმა.

ჯუღელს იუბილე მიულოცა, ხოლო სეოკ-ს მადლობა ლოსაბერიძემაც გადაუხადა. შეხვედრაზე ითქვა, რომ სექტემბერში, როცა მაჩაბლის ქუჩაზე სეოკ-ის ახალი ოფისი გაიხსნება, პირველი ოლიმპიური ჩემპიონებისთვის სიურპრიზია ჩაფიქრებული. იქვე გამოითქვა სურვილი, რომ ამ რანგის სპორტსმენთა წასახალისებლად, მათი ღვაწლის კიდევ უფრო დასაფასებლად იქნებ სპორტშიც დამკვიდრდეს ხელოვნებაში უკვე ფართოდ აპრობირებული ვარსკვლავის გახსნის მეთოდი ან რამე ამგვარი. ითქვა, რომ კარგი იქნება, თუ ასეთი "რაღაც" სეოკ-ის ახალ ოფისში რეალობად იქცევაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული