წყალხტომა, მაგიდის ჩოგბურთი, ჭადრაკი

AutoSharing Option
შენჟენში მსოფლიოს უნივერსიადაზე შეჯიბრებაში წყალმხტომელებიც ჩაებნენ. გუშინ ვაჟები 3-მეტრიანი ტრამპლინიდან სინქრონულ ხტომებში ცდიდნენ ძალებს. მოასპარეზეთა შორის იყვნენ ჭოლა ჭანტურია და შოთა კორახაშვილი, რომლებმაც 6 ნახტომის შემდეგ 371,67 ქულა მოაგროვეს და მე-5 ადგილზე გავიდნენ. საგულისხმოა, რომ ბრინჯაოს მედლამდე ჩვენს ბიჭებს 3 ქულაღა დააკლდათ. არადა, ქართველმა წყალმხტომელებმა ტიტულოვან უკრაინელებს - ილია კვაშას და ოლექსეი პრიგოროვს, რუსებს - რომან იზმაილოვსა და იგორ კორიაკინს აჯობეს. პირველი-მეოთხე ადგილები კი ასე განაწილდა: 1. კაი ქინი, ჯინ ლინი (ჩინეთი, 419,07), 2. კომელ პაჩეკო, ჯონათან რუვალკავა (მექსიკა, 385,32),
3. იუ ოკამოტო, შო საკაი (იაპონია, 374,40), 4. აარონ ფლეშნერი, ლანდონ მარზულო ( 374,16).

***

სერგო პეტრიძე წილისყრით, როგორც გაუწყეთ, ჩოგბურთელთა 23-ე ჯგუფში მოხვდა. პირველი შეხვედრა მან კორეელ ლისთან წააგო 0:3, გუშინ კი მსგავსი ანგარიშით (2:11, 5:11, 7:11) ჰოლანდიელ ჩუნთან დამარცხდა და შეჯიბრებას გამოეთიშა.

***
გუშინ მოჭადრაკეებმა ორი ტურის პარტიები გამართეს. ვაჟებში დავით ბენიძემ მე-3 ტურის შეხვედრა მალაიზიელ ლუ იუ იონგ აუს მოუგო, ლუკა პაიჭაძე კი სლოვაკ იან მარკოშთან დამარცხდა. ამავე ტურში ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა ასპარეზობის რეიტინგფავორიტმა ჰაო ვანმა (ჩინეთი), რომელმაც ანდრეი ვოვკს (უკრაინა) სძლია. მსგავს წარმატებას მიაღწიეს ავეტიკ გრიგორიანმა (სომხეთი), ვასილ პაპინმა (რუსეთი) და აჰმედ ადლიმ (ეგვიპტე).

ვანმა და გრიგორიანმა პოზიციები მე-4 ტურში განიმტკიცეს, შესაბამისად, პაპინისა და ადლის ძლევით. რაც შეეხებათ ჩვენებურებს, დავით ბენიძემ ფელიქს ჰინდერმანი (შვეიცარია) დაამარცხა და 3 ქულა მოაგროვა. ლუკა პაიჭაძემაც იმარჯვა ნიდერლანდელ ჟან ქიან ვანთან პაექრობისას და ახლა 2,5 ქულა აქვს.

გოგონების მე-3 ტურში პოლონეთის ნაკრების წევრმა იოლანტა ზავადსკამ თეთრი ფიგურებით სოფიკო გურამიშვილს აჯობა, მაკა ფურცელაძე ჩინელ ქიან ჰუანს დაუზავდა, ნინო ბაციაშვილმა კი ყაზახ გულმირა დაულეტოვას სძლია.

მეოთხე ტურში ლიდერების - ირინა ვასილიევიჩისა (რუსეთი) და იოლანტა ზავადსკას ორთაბრძოლა ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის გამარჯვებით დამთავრდა და 4 ქულით ერთპიროვნულად დაწინაურდა, რადგან სამქულიანი შენ იანი (ჩინეთი) ტუვშინთუგს ბათხიმეგს (მონგოლეთი) დაუზავდა.

ქართველთა პარტიები ასე დამთავრდა: ნინო ბაციაშვილი-კარინა ამბარცუმოვა (რუსეთი) 1:0, ანე სარაჩ ჰულტი (გერმანია)-მაკა ფურცელაძე 0:1, სოფიკო გურამიშვილი-ტამარა ჩერემნოვა (რუსეთი) 0:1. ფურცელაძეს და ბაციაშვილს 4 შესაძლებლიდან 3,5-3,5, გურამიშვილს კი 2 ქულა აქვს.

დღეს მოჭადრაკეები ისვენებენ. ხვალ მე-5 ტურში მეწინავეთაგან ითამაშებენ: გოგონები. თან ჟონი (ჩინეთი)-ირინა ვასილევიჩი (რუსეთი), ტუვშინთუგს ბათხიმეგი (მონგოლეთი)-ქიან ჰუანი (ჩინეთი), მაკა ფურცელაძე-ნინო ბაციაშვილი, მადინა დავლეტბაიევა (ყაზახეთი)-შენ იანი (ჩინეთი), იოლანტა ზავადსკა (პოლონეთი)-ანდელია სტოიანოვიჩი (სერბეთი). ვაჟები. ჰაო ვანი (ჩინეთი)-ავეტიკ გრიგორიანი (სომხეთი), ჩაო ლი (ჩინეთი)-ზავენ ანდრიასიანი (სომხეთი), ძიანჩაო ჟოუ (ჩინეთი)-მარტინ კრავცივი (უკრაინა), პეტერ მიხალიკი (სლოვაკეთი)-იუ ვანი (ჩინეთი), დავით ბენიძე-ჰუა ნი (ჩინეთი)... ოლივერ კურმანი (შვეიცარია)-ლუკა პაიჭაძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული