მოჭადრაკეთა გუნდური ბრინჯაო

AutoSharing Option
ჩინურ შენჟენში გუშინ დამთავრდა მსოფლიო უნივერსიადის პროგრამით გათვალისწინებული მოჭადრაკეთა პირველობა. საქართველოს დელეგაცია შინ ხელცარიელ დაბრუნებას სწორედ ბრძენთა თამაშის მოყვარულებმა გადაარჩინეს - ჩვენმა დიდოსტატმა გოგონებმა და საერთაშორისო ვაჟებმა გუნდური მე-3 ადგილი დაიკავეს.

საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ოცდახუთი ადგილი იძლეოდა ქულებს. ყველას ჩინელებმა აჯობეს, რომელთა 6 წარმომადგენელი მოხვდა საუკეთესოებში. მასპინძლებმა საბოლოოდ 41,5 ქულა მოაგროვეს. 30 ქულით ვერცხლის მედალი უკრაინელებს ხვდათ, ნახევარი ქულით ნაკლები (29,5) მოაგროვეს ქართველებმა და ბრინჯაოთი დაკმაყოფილდნენ.

რაც შეეხება პირად პირველობას, უკვე გაუწყეთ, რომ ვაჟებში ასპარეზობის დამთავრებამდე ტურით ადრე მოიპოვა
ჩემპიონობა ჩინელმა ჩაო ლიმ (2669), რომელიც მესამე ნომრად იყო განთესილი ტურნირზე.

გუშინ მან უკრაინელ იური ვოვკსაც სძლია და 9 შესაძლებლიდან 8,5 (!) ქულას მოუყარა თავი. შეჯიბრების რეიტინგფავორიტმა ჰაო ვანმა (ჩინეთი, 2718) გუშინ შავი ფიგურებით პაველ გზარნოტას (პოლონეთი) მოუგო. მეწინავეთა დანარჩენი პარტიები ასე დამთავრდა:

ალექსანდრ რახმანოვი (რუსეთი)-იუე ვანი (ჩინეთი) 0,5:0,5, ჰუა ნი (ჩინეთი)-ზავენ ანდრიასიანი (სომხეთი) 0,5:0,5, ბრაუნ არიკი (გერმანია)-ჰრანტ მელქუმიანი (სომხეთი) 0,5:0,5, დავით ბენიძე-მარტინ კრავცივი (უკრაინა) 0:1 (რომ არა ეს მარცხი, ჩვენები უკრაინელებს გაუსწრებდნენ და გუნდურ მე-2 ადგილს დაიკავებდნენ), ვასილი პაპინი (რუსეთი)-ანდრეი ვოვკი (უკრაინა) 1:0... ლუკა პაიჭაძეს ყაზახი მეტოქე ანუარ ისმაგამბეტოვი არ გამოუცხადდა და მოგება ჩაეთვალა.

ამდენად, 9 შესაძლებლიდან 6,5-6,5 ქულა მოაგროვეს და, შესაბამისად, მეორე-მეშვიდე ადგილებზე გავიდნენ ჰაო ვანი (ჩინეთი, 2718), იუე ვანი (ჩინეთი, 2709), ზავენ ანდრიასიანი (სომხეთი), მარტინ კრავცივი (უკრაინა), ალექსანდრ რახმანოვი (რუსეთი), ვასილ პაპინი (რუსეთი). 14. ლუკა პაიჭაძე (6), 17. დავით ბენიძე (5,5).
გოგონათა ბოლო ტურში ერთპიროვნული ლიდერი ირინა ვასილევიჩი (რუსეთი) თეთრი ფიგურებით დამარცხდა ბათჰუიანგ მონგონთუულთან (მონგოლეთი) და 6,5 ქულით მეოთხე ადგილით დაკმაყოფილდა.

გუშინ ასევე წარმატებით ითამაშეს ჟონი თანმა (ჩინეთი) და ქიან ჰუანმა (ჩინეთი), რომლებმაც მარია მუზიჩუკს (უკრაინა) და ოლგა კალინინას (უკრაინა) მოუგეს. 7-7 ქულით სწორედ მასპინძლები გავიდნენ პირველ და მესამე ადგილებზე (ჟონი და ქიანი), ვერცხლის მედალი, ასევე, 7 ქულით, მაგრამ უარესი კოეფიციენტით ბათჰუიაგ მონგონთუულს ერგო. პირად პირველობაში ექვსიდან 5 მედალი მასპინძლებმა დაისაკუთრეს. მართლაც, უნიკალური შედეგია.

რაც შეეხებათ, ქართველ გოგონებს, გუშინ სამივემ გაიმარჯვა: ნინო ბაციაშვილმა შავი ფიგურებით პოლონეთის ნაკრების წევრ იოლანტა ზავადსკას გააჩერებინა საათი. ასევე შავებით მიაღწიეს წარმატებას მაკა ფურცელაძემ და სოფიკო გურამიშვილმა, შესაბამისად, კარინა ამბარცუმოვასთან (რუსეთი) და ანა როდენბადთან (ბრაზილია). საბოლოოდ, ბაციაშვილი 6,5 ქულით მეხუთე ადგილზე გავიდა, მაკა ფურცელაძე 6 ქულით მეათე იყო, სოფიო გურამიშვილი 5,5 ქულით - მეცხრამეტე.

მსოფლიო უნივერსიადა საზეიმოდ ხვალ დაიხურება.

Sportall.GeSportall.GeSportall.Ge
Sportall.Ge Sportall.Ge



ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული