სეოკ-ის ახალი ოფისი გაიხსნა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ოფიციალურად გადაბარგდა ახალ მისამართზე - მაჩაბლის 11 ნომერში. თუმცა გარკვეული ორგანიზაციული საკითხების მოგვარებამდე, რაც ჩვეულებრივ ახლავს ხოლმე ასეთ პროცესს, ორიოდე კვირით ისევ ძველ ადგილას, დოლიძის ქუჩაზე დარჩება.

ახალ ოფისში ადმინისტრაციულ ოთახებთან ერთად ოლიმპიური მუზეუმი და "თბილისი-2015" საორგანიზაციო კომიტეტიც დაიდებს ბინას.

გუშინ, 19 სექტემბერს საღამოს სამივე მათგანი პარალელურ რეჟიმში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა, რომელსაც საპატიო სტუმრებიც ესწრებოდნენ: მონაკოს პრინცი და იმავე ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ალბერ II, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების გენერალური მდივანი რაფაელ პაგნოცი ამავე ორგანიზაციის ადმინისტრაციის უფროს
როსანა სილფეტისთან ერთად, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი მარიუს ვიზერი, რამდენიმე ქვეყნის ეოკ-ის ხელმძღვანელი პირი...

ფართოდ იყო წარმოდგენილი ადგილობრივი ხელისუფლებაც - დედაქალაქის მერი გიგი უგულავა, მერიის, საკრებულოს თუ პარლამენტის წარმომადგენლები, ოლიმპიური ჩემპიონები, ფედერაციების ხელმძღვანელები...

საპატიო სტუმართა შორის ცენტრალური ფიგურა პრინცი ალბერი იყო, რომელმაც ფრიად დატვირთულ გუშინდელ გრაფიკში მაინც გამონახა დრო ბაკურიანში ასასვლელად, სადაც ვანკუვერის ოლიმპიადაზე ტრაგიკულად დაღუპული ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას მიაგო პატივი, მერე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს და გაეცნო ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს. დღის ბოლოს მან კმაყოფილება გამოთქვა, რომ დროის მცირე მონაკვეთში ამ პატარა ქვეყანაში ძალიან ბევრის ნახვა მოასწრო.

გახსნის ცერემონიალზე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა განაცხადა: "ეს მართლაც ისტორიული მნიშვნელობის დღეა. დარწმუნებული ვარ, ახალ ოფისში ძალიან ბევრ გამარჯვებას ვიზეიმებთ. ოთხი წლის წინ ამას ვერც წარმოვიდგენდით, მაგრამ გადამწყვეტი აღმოჩნდა "თბილისი-2015" საარჩევნო მარათონში გამარჯვება. ძალიან დიდი მადლობა ქვეყნის ხელისუფლებას, დედაქალაქის მერს უანგარო დახმარებისთვის".

ამის შემდეგ ნაცვლიშვილმა სტუმრებს ქართული სპორტის მოკლე ისტორიაც გააცნო, რომელიც ოლიმპიურ თამაშებში 36 ოქროს, 25 ვერცხლს, 50 ბრინჯაოს (თან როცა ოლიმპიადებში მხოლოდ 1952 წლიდან გამოვდივართ), მსოფლიოს პირველობების 197 ოქროს და ასე შემდეგ მედლებს მოიცავს. მან ვიზერის სიტყვებიც გაიხსენა, საქართველო სპორტული მენტალიტეტის მქონე ქვეყანააო.

გახსნის ცერემონიალზე ოლიმპიური ორდენებით დააჯილდოვეს პირველი ოლიმპიადის ჩემპიონები საქართველოდან - მზია ჯუღელი და რაფაელ ჩიმიშკიანი. სიკვდილის შემდეგ ანალოგიური ორდენი ქართველთაგან პირველ ოლიმპიურ ჩემპიონ დავით ციმაკურიძესაც მიენიჭა, რაც მისმა შვილმა ჩაიბარა.

მას ჯილდო ვიზერმა გადასცა, რომელსაც ნაცვლიშვილმა მოუბოდიშა, მაშინ ძიუდო არ იყო დამკვიდრებული და მოჭიდავეები ამიტომ სჭარბობენო. სტუმრებს სიმბოლურად, როგორც ქართული სპორტის მომავალი, ძიუდოისტი ბექა ღვინიაშვილიც (81) წარუდგინეს, რომელმაც წლეულს ჭაბუკთა ნაკრებში ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა - ევროპისა და მსოფლიოს პირველობები, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი. ამ შეჯიბრებეში ჩაატარა 17 შეხვედრა და ყველა წმინდად მოიგო!

მისასალმებელი სიტყვებით სტუმრებიც გამოვიდნენ. ალბერმაც და პაგნოციმაც სინანულით გაიხსენეს ქუმარიტაშვილი, კიდევ ერთხელ დაადასტურეს მწუხარება ახალგაზრდა ათლეტის ტრაგიკული სიკვდილის გამო და გამოთქვეს იმედი, რომ არც მისი ხსოვნა მიეცემა დავიწყებას და არც მისი დანატოვარი გაქრება ოდესმე.

საინტერესო იყო ჩეხეთის ეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტის მისალმებაც - 2015 წლის ფესტივალის მასპინძლობისთვის ბრძოლაში თბილისმა ხომ სწორედ ჩეხური ბრნო დაამარცხა. სტუმრებმა მასპინძლებს სამახსოვრო საჩუქრებიც გადასცეს, ქართულ სპორტს კი წარმატებები უსურვეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული