სემინარის ბოლო დღე თეორიულ მეცადინეობებს დაეთმო, რომელიც სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტმა რამაზ გოგლიძემ და საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ კახაბრიშვილმა გახსნეს. "ოლიმპიური განათლებისა და ოლიმპიზმის განვითარების ტენდენციებზე საქართველოში" ოლიმპიური აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა ლელა აფციაურმა მოხსენება წარმოადგინა.
"სპეციალური ოლიმპიადები" იყო პროფესორ თემურ მიქიშვილის თემა.
ოლიმპიურ სპორტში გენდერის სოციალურ-კულტურულ ასპექტებზე მოხსენება პროფესორმა ლევან გოგუაძემ წაიკითხა, პროფესორმა მამია ტუღუშმა "საქართველოს სკოლებში ფიზიკური განათლებისა და სპორტის თანამედროვე ტენდენციები" გაგვაცნო, კახაბრიშვილმა კი ნაცნობ თემაზე - "სპორტში ჯანსაღ კვებასა და დღის რეჟიმის მნიშვნელობაზე" ილაპარაკა.
სემინარში 110 კაცი მონაწილეობდა - როგორც სპორტის მუშაკები, ასევე - "გეომედისა" და თსსუ-ს 60 სტუდენტი, მომავალი ექიმები. მათ წინა დღეებში ოლიმპიური მუზეუმიც მოინახულეს და რიგი სხვა საკითხებიც გაიარეს. როგორც გითხარით, სემინარის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებად "თბილისი-2015" თემაც იქცა და ამასაც დიდი ყურადღება დაეთმო.
ამ თემის შემოტანა იმან განაპირობა, რომ მეცადინეობებს არა მხოლოდ სპორტული მედიცინის წარმომადგენლები, არამედ სპორტის მუშაკებიც ესწრებოდნენ, იმ ფესტივალისთვის მომზადება კი ახლავეა საჭირო. თან არა მხოლოდ წმინდა სპორტული კუთხით, არამედ საორგანიზაციო თვალსაზრისითაც. მოგეხენებათ, ყოველ ამგვარ სპორტულ ღონისძიებას სჭირდება ეგრეთ წოდებული მოხალისეთა ჯგუფი ("ვალანტიორები"), რომლებიც უსასყიდლოდ ემსახურებიან სტუმრებს.
მათი როლი, ჩვეულებრივ, ბევრად დიდია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს - გარდა იმისა, რომ უცხოელებს კონსულტაცია უნდა გაუწიონ ნებისმიერ საკითხში, საკუთარი ქვეყანაც რაც შეიძლება კარგად უნდა წარმოადგინონ. ამისთვის საჭიროა, ზედმიწევნით იცოდნენ მისი ისტორია, კულტურა, სპორტული მიღწევები...
ხსენებულ ფესტივალთან დაკავშირებით სემინარზე ისეთი აქტუალური სპორტული საკითხების გარდა, როგორიცაა სპორტული მედიცინა, სპორტის მენეჯმენტი, ლაპარაკი იყო, შეჯიბრებების ორგანიზებაზე, ტრანსპორტირებაზე სასტუმროებიდან არენებზე და პირიქით, საჭიროების შემთხვევაში პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენაზე ან სულაც სასწრაფო ჰოსპიტალიზაციაზე და სხვა, რაც ნებისმიერი შეჯიბრების მასპინძლობისას შეიძლება გახდეს საჭირო.
სემინარის დამთავრებისას მის ყველა მონაწილეს დიპლომი გადაეცა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"