სოფელო, ჩემო სოფელო

AutoSharing Option
კაცმა არ იცის, შეძლებს თუ არა 25 წლის იამაიკელი სპრინტერი უსაინ ბოლტი გაისად, ლონდონის ოლიმპიადაზე თავისი რეკორდის დამხობას, მაგრამ "ოლიმპიურ სოფელში" საკუთარი ოთახიდან ჩემპიონის საკადრისი ხედი რომ ექნება, წყალი არ გაუვა.

ინგლისელმა ჟურნალისტებმა ამ დღეებში დაათვალიერეს ის, რასაც სოფელს კი უწოდებენ, მაგრამ... როგორც ჩანს, 2012 წელს უფრო ქალაქი იქნება. აქ, გაისად 17 ათასი სპორტსმენი დაიდებს ბინას. აღმოსავლეთლონდონელებს დროებით დიდებული სამეზობლო გამოუჩნდებათ.

იმას, რომ სოფელი ლონდონის აღმოსავლეთით მდებარეობს ხაზი იმიტომ გავუსვით, რომ მას "აღმოსავლური სოფელი" შეარქვეს. ის ზედ "დედოფალ ელიზაბეტის ოლიმპიური
პარკის" ზღურბლთან მდებარეობს. ამბობენ, რომ 2013 წლიდან აქაურობას საკუთარი მისამართი მიენიჭება და საფოსტო კოდიც კი ექნება. თუმცა მანამდე, როგორც მოგახსენეთ, ეს იქნება უსაინ ბოლტის დონის დიდი ვარსკვლავებისა და პარალიმპიელების დროებითი საცხოვრებელი. სპორტსმენები 200 ქვეყანას წარმოადგენენ. მათ შორის იქნება საკუთრივ დიდი ბრიტანეთის გუნდის 550 წარმომადგენელი.

ამ დღეებში კი ფერადუნიფორმიანი მუშები თითქმის უკვე ბოლომდე მიყვანილ საქმეს უკანასკნელ შტრიხებს ჰმატებდნენ. სოფლის შენებას რა უნდაო... რა და 3 ათასი ინგლისელი მუშა, რომელთაც მილიარდი ფუნტის საქმე გააკეთეს - მართლაც დიდებულ პროექტს შეასხეს ხორცი. როგორც გითხარით, ძირითადი საქმე უკვე გაკეთებულია და ახლა სკვერების მოწყობაზე არიან მიმდგარნი. ასწორებენ ტროტუარებს, აპირკეთებენ ფასადებს. გარდა ამისა, ამოწმებენ როგორ მუშაობს შენობებში იატაკქვეშა გათბობა და სხვა. რაც შეეხება ავეჯს, მას ლონდონის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი შენობებში 2012 წლის დასაწყისში შეიტანს.

ჟურნალისტების მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ოთახებში საწოლები და კარადები არ დგას, კომფორტი და დასვენებისათვის შექმნილი შესანიშნავი პირობები ყველა ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა.

სხვათა შორის, ჯერ ბინებში სამზარეულოებიც არ დაუმონტაჟებიათ. ბინები ერთოთახიანებიდან იწყება და ოთხოთახიანებით მთავრდება.

სპორტსმენებს, რომელთაც "სოფლის" დასავლეთ ნაწილში გაამწესებენ, ფანჯრებიდან ოლიმპიური სტადიონის, მის მიღმა კი მთელი ცენტრალური ლონდონის ხედი გადაეშლებათ. ჩრდილო ნაწილში დაბინავებულები ველოდრომსა და კალათბურთის დარბაზს გადახედავენ. ყველა დანარჩენი კი ოლიმპიური პარკის ხედებით და, რასაკვირველია, ლონდონის ზეცით დატკბება.

ოლიმპიელებისთვის საგანგებოდ აშენებული პოლიკლინიკა მათთვის მხოლოდ სამკურნალო დაწესებულება კი არ იქნება, არამედ თავშეყრისა და ურთიერთობის ადგილიც. ამ წუთას ჯერ არსად ჩანს, მაგრამ უახლოეს პერიოდში "ოლიმპიური სოფლის" მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება 30 მაღაზია, კაფე და რესტორანი.

ორგანიზატორებმა ისე გათვალეს, რომ ოთახში ორი სპორტსმენის მოთავსებაც შეიძლება. თანაცხოვრება, რასაკვირველია, მათ კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული. საინტერესო სტატისტიკა: 2008 წელს პეკინის ოლიმპიადასა და 2010 წელს ვანკუვერის ზამთრის თამაშებზე ორგანიზატორებმა ათლეტებს 100 000 პრეზერვატივი დაახვედრეს. 2000 წელს, სიდნეიში თავდაცვის საშუალებათა რაოდენობა ნაკლები იყო - სულ 70 000 გახლდათ, რის გამოც მთელი 20 ათასის დამატება მოუხდათ. რამდენი პრეზერვატივით აპირებენ სპორტსმენების მომარაგებას ლონდონელები, ჯერ ცნობილი არ არის.

ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ, "სოფელი" ლონდონს დაუტოვებს 11 მრავალსართულიან კორპუსსა და ეგრეთწოდებულ ქალაქურ სახლებს, რაც ბრიტანული მოვლენაა და ნიშნავს ორ-სამსართულიან სახლს, რომელსაც რამდენიმე მეზობელი იყოფს. აქ დაახლოებით 6 ათასი ლონდონელი დასახლდება. ცნობისათვის: ეს სახლები სხვადასხვა არქიტექტურული იერსახისაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული