ლონდონი მზად არის

AutoSharing Option
ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე შვიდი თვით ადრე საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა კიდევ ერთხელ შეამოწმა 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ლონდონის მზადყოფნა.

როგორც ირკვევა, ამ მომენტისთვის ოლიმპიური არენები 90 პროცენტით არის მზად სპორტსმენების მისაღებად.

ოლიმპიური პარკი, სადაც განთავსებულია საგაისო თამაშებისთვის განკუთვნილი სტადიონების უმეტესი ნაწილი, მომავალი წლის დასაწყისში ჩაბარდება ლონდონის ოლიმპიადის ორგანიზატორებს.

ლონდონის ერთ დროს ყველაზე ღარიბი და მიგდებული უბანი - სტრატფორდი დღეს ერთ დიდ სპორტულ არენად არის გადაქცეული და აქ ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ ცხოვრება სტრატფორდის კომპლექსში ოლიმპიადის დასრულების შემდეგაც გაგრძელდება.

ოლიმპიური პარკის მთავარ
ღირსშესანიშნაობა, რა თქმა უნდა, ოლიმპიური სტადიონია, რომელზეც 27 ივლისს გახსნის ცერემონია გაიმართება. ის პარკის სამხრეთით, ერთგვარ კუნძულოვან ტერიტორიაზე მდებარეობს და სამი მხრიდან წყლით არის შემოფარგლული. მთავარი არენის ტევადობა 80 ათასი მაყურებელია.

საწყლოსნო სახეობების ცენტრის მშენებლობა 2008 წელს დაიწყო. მას ორიგინალური შესასვლელი აქვს - ეს გახლავთ ფართო ხიდი, რომლითაც ეს არენა ოლიმპიურ პარკს უკავშირდება.

საწყლოსნო ცენტრში არის 50-მეტრიანი საცურაო აუზი, 25-მეტრიანი აუზი წყალში მხტომელებისთვის და 50-მეტრიანი აუზი მოთელვისთვის. ცენტრი განკუთვნილია მოცურავეებისთვის, წყალში მხტომელებისთვის, სინქრონული მოცურავეებისთვისა და წყალბურელებისთვის. სულ ამ ცენტრში ოლიმპიელები და პარალიმპიელები ჯამში 192 მედალს გაითამაშებენ.

თამაშების შემდეგ ეს დარბაზი ცურვის მოყვარულთა ცენტრად გადაიქცევა. გაიხსნება საცურაო სკოლები და კლუბები და გარდა ამისა, წამყვანი მოცურავეებიც ივარჯიშებენ.

ველოდრომის მშენებლობა 2011 წლის თებერვალში დასრულდა. ეს არის ორიგინალური პროექტი, რომელსაც გამოარჩევს ასპროცენტიანი განიავების სისტემა, რომელიც ოპტიმალურ ტემპერატურას ქმნის შენობაში და არ არის საჭირო ჰაერის კონდიცირება.

თამაშების შემდეგ, ოლიმპიურ პარკთან ახლოს მთის ველოსიპედის ტრასას მოაწყობენ და აქ ნამდვილი ველოპარკი გაშენდება. ბრიტანელებს სურთ, ლონდონი მსოფლიოს ველომრბოლელთა დედაქალაქად იქცეს.

ოლიმპიადის პრესცენტრი 24 საათის განმავლობაში იმუშავებს. ის უკვე დღეს არის მზად მიიღოს 20 ათასი ჟურნალისტი, რომელიც ოლიმპიური ახალი ამბებით მოამარაგებს დაახლოებით 4 მილიარდ ადამიანს.

ოლიმპიური პარკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ოლიმპიური სოფელი, რომელშიც 23 ათასი სპორტსმენი იცხოვრებს. აქედან ათლეტებს დიდი დრო არ დასჭირდებათ არენებამდე მისასვლელად. გარდა ამისა, სპეციალური ტრანსპორტით ოლიმპიური სოფლიდან ლონდონის ცენტრამდე მისვლა შვიდ წუთშია შესაძლებელი.

თამაშების შემდეგ ეს კორპუსები ბინებად გადაკეთდება და აქ დაახლოებით 2 800 ლონდონურ ოჯახს დაასახლებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული