ლუბა გოლოვინა მეთერთმეტე ოლიმპიელია

AutoSharing Option
დღეს ბატუტზე მხტომელ ლუბა გოლოვინას ლონდონის 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოპოვება, რომელიც მან ბრიტანეთის დედაქალაქში ახლახანს გამართულ საერთაშორისო საკვალიფიკაციო ტურნირზე მოიპოვა, ოლიმპიურ კომიტეტში მიულოცეს.

პრესკონფერენციას სეოკ-ის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი უძღვებოდა, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი რამაზ გოგლიძე და ვიცე-პრეზიდენტი დავით გობეჯიშვილი, ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი მერაბ ჩიქობავა, ვიცე-პრეზიდენტი რუსუდან ხოფერია, ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზაურ სულაშვილი და ლუბას პირადი მწვრთნელი ვლადიმერ გოლოვინი.

გია ნაცვლიშვილის თქმით, მას ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ლუბა გოლოვინა ოლიმპიურ ლიცენზიას მოიპოვებდა და
აღნიშნა, რომ მას ნამდვილად შესწევს ძალა ლონდონში მედლისთის იბრძოლოს. ნაცვლიშვილმა ასევე სინანული გამოთქვა ბატუტზე ხტომაში ოლიმპიური საგზურის მეორე რეალური კანდიდატის თენგიზ კოშკაძის ტრამვასთან დაკავშირებით, რომელიც მან ზედ მსოფლიოს ჩემპიონატის წინ მიიღო და სალიცენზიო მარათონსაც ჩამოშორდა.

როგორც ლუბა გოლოვინამ აღნიშნა, მას ტრამვის გამო თვეზე მეტია სრული დატვირთვით არ უვარჯიშია და ტურნირსაც სათანადო ფორმაში ვერ შეხვდა, თუმცა მთავარი მისია შეასრულა და 8 საუკეთესო სპორტსმენს შორის მოხვდა. მისი თქმით, ოლიმპიადამდე ის სათანადო ფორმაში ჩადგება და ეცდება ლონდონიდან მედლით დაბრუნდეს.

21 წლის ლუბა გოლოვინასთვის ლონდონის ოლიმპიური თამაშები კარიერაში მეორე ოლიმპიადა იქნება. 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე მან მეექვსე ადგილი დაიკავა.

პრესკონფერენციის დასასრულს ლუბა გოლოვინამ ტრადიციისამებრ "ლონდონი 2012"-ის ლიცენზიანტთა სიმბოლურ დაფაზე საკუთარი ხელმოწერა დააფიქსირა.

geonoc.org.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდი ლიუბა, მიაწექი! მაგარი ხარ და ველით შემდგომ წარმატებებს.
dudu
23:33 18-01-2012
0

სიახლეები პოპულარული