`თბილისი-2015~ ნათელ ფერებში

AutoSharing Option
აგვისტოს შუა რიცხვებში სინგაპურში კიდევ ერთ მსოფლიო მასშტაბის სპორტულ ღონისძიებას ჩაეყარა საფუძველი - ახალგაზრდობის პირველ ოლიმპიურ თამაშებს. მოგეხსენებათ, იქ ჩვენი დელეგაცია ხუთი სპორტსმენით წარდგა, რომელთაგანაც მედალი მხოლოდ ერთმა მოიპოვა - `თავისუფლად~ მოჭიდავე ირაკლი მოსიძე (63) მესამე ადგილზე გავიდა.

ჩვენი ახალგაზრდების გამოსვლასა და, ზოგადად, ამ ახალი თამაშების პირველ შთაბეჭდილებებზე, მის პერსპექტივებზე სასაუბროდ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ გია ნაცვლიშვილს ვესტუმრეთ, რომელიც გუნდთან ერთად ჩაფრინდა სინგაპურში, მაგრამ რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა სამშობლოში. თუმცა ოლიმპიური სპორტი იმდენად ტევადი სფეროა, შეუძლებელია, რესპონდენტთან მხოლოდ ამ
ერთ შეჯიბრებაზე გველაპარაკა. მით უფრო, რომ აქტუალურია ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის თბილისში ჩატარების თემა; საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნებიც მოახლოვდა და უკვე ბელგიელ დოქტორ ჟაკ როგეს შემცვლელებზეც ლაპარაკობენ...

- ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები პირველად ჩატარდა, თქვენი აზრით, რამდენად გაამართლა მან დანიშნულება, შეძლებს კი სამომავლოდ ღირსეული ადგილის დამკვიდრებას მსოფლიოს სპორტულ ცხოვრებაში?
-შემდეგში რა იქნება, ვერ გეტყვით, მაგრამ პირველთან დაკავშირებით ცოტა პესიმისტური განწყობა დამეუფლა იმ ხასიათიდან გამომდინარე, რასაც ისინი ამ თამაშებს აძლევდნენ. პირადად მე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაცილებით პრესტიჟულად მიმაჩნია. არადა, სინგაპურისას მსოფლიოს თამაშები ერქვა. მან უფრო სკაუტური ბანაკების შთაბეჭდილება დამიტოვა. ორგანიზება შესანიშნავი იყო, მასპინძლებმა თავიანთ ხარჯზე ორი კვირის განმავლობაში ფანტასტიკურ პირობებში აცხოვრეს სტუმრები. ბევრმა პირველივე დღეებში დაამთავრა გამოსვლა, მაგრამ ყველანი ბოლომდე დატოვეს უფასოდ.

ცოტა გაუგებარი იყო სპორტული პრინციპი - ჯერ ლიცენზიების მოპოვების წესი, მერე - ადგილზე შეჯიბრების. მაგალითად, ძიუდოში ბექა ტუღუში ყაზახ კაირატ აგიბაევს ორჯერ შეხვდა - პირველად წააგო, მეორედ მოუგო. როგორ მოხდა ეს და როგორ დაეჭიდა ერთსა და იმავე მეტოქეს, სიმართლე გითხრათ, მეც ვერ გავიგე.

- ჩვენი გუნდის გამოსვლას როგორ შეაფასებთ?
- ყველაფერი გავაკეთეთ, თუმცა ჩავარდნებიც გვქონდა. მაგალითად, ბერძნულ-რომაულის ნაკრებმა ერთი ლიცენზიაც ვერ მოიპოვა. ჩავარდნა გვქონდა კრივშიც, სადაც საგზურს ველოდებოდით და ვერ ავიღეთ. ორივე სახეობის ხელმძღვანელებთან მკაცრი საუბარი მქონდა. სერიოზული გაუგებრობა შეიქმნა ძალოსნობაში ტალახაძესთან დაკავშირებით - გამოაცხადეს, რომ მან მოიპოვა ლიცენზია, მაგრამ მერე გაირკვა, რომ თურმე საამისოდ გუნდი უნდა მოხვედრილიყო სამეულში. ეს არც ფედერაციას აუხსნეს ნორმალურად. არადა, მათაც მკაცრად მოვთხოვე პასუხი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ გაუგებრობით ერთი ოქროს მედალი დავკარგეთ - ტალახაძემ წლეულს ევროპის პირველობა მოიგო და იქაც გახდებოდა ჩემპიონი. ეს ისტორიისთვის იქნებოდა კარგი, რადგან პირველი თამაშები იყო.

სინგაპურში ჩემი ძალიან ბევრი კოლეგაც კი არ ჩამოვიდა. არადა, ჩემი წასვლის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი მათთან შეხვედრები იყო `თბილისი-2015~ კამპანიის ფარგლებში. ბევრი არც ლიცენზირებულთაგან ჩასულა, ანუ ჩათვალეს, რომ მეორეხარისხოვანი შეჯიბრება იყო. ვიმეორებ, თამაშები ჩინებულად იყო ორგანიზებული, მაგრამ სპორტული თვალსაზრისით პაროდიას ჰგავდა.

ჩვენების ერთი ბრინჯაოს მედალით კმაყოფილი ნამდვილად ვერ ვიქნები, მაგრამ, რომ გითხრათ, დიდ მოთხოვნებს ვუყენებდით, როგორც ეს სხვა შეჯიბრებებზეა, არც ასე ყოფილა. განწყობაც არ იყო ასეთი, იქ უფრო გართობას და მხიარულებას აყენებდნენ წინა პლანზე.

- უცხოელების აზრიც ასეთი პესიმისტური იყო?
- ვინც ჩავიდა, ისინიც მეორე-მესამე დღეს წავიდნენ, თამაშებმა არ გამოიწვია დიდი ინტერესი. მთავარი მიზანი სინგაპურის სარეკლამო კამპანია იყო. შთამბეჭდავი გახსნის ცერემონიალი დაახლოებით 20 მილიონი დოლარი დაჯდა..

ცხადია, თავად ჟაკ როგე თამაშებით კმაყოფილი იყო, რადგან ეს მისი იდეაა. ვერაფერს გეტყვით თამაშების შემდგომ ბედზე. მომდევნოს პეკინმა უნდა უმასპინძლოს.

- ჟაკ როგეს სოკ-ის პრეზიდენტობის ვადა გაუდის. ალბათ, კანდიდატები უკვე გამოჩნდებოდნენ...
- კანდიდატი ბევრია და კიდევ გამოჩნდებიან, მაგრამ სადღეისოდ ყველაზე გამოკვეთილები გერმანიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი, ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი და სოკ-ში მოღვაწე ერთი ამერიკელი ქალბატონია. როგორც ამბობენ, როგეს სწორედ ამ ამერიკელის დატოვება სურს, მაგრამ მას ნაკლები შანსი აქვს..

- `თბილისი-2015~-ის თვალსაზრისით, რამდენად წარმატებული იყო სინგაპურში თქვენი ვიზიტი?
- ძირითადი დრო მართლაც ამ თემას დავუთმე და რამდენიმე ქვეყანა თანადგომას დაგვპირდა. გადმოვიბირეთ გერმანია, საფრანგეთი, დანია, რომელიც ჩვენთვის პრობლემური იყო... შვედებმა გვითხრეს, ჩეხებსაც დაველაპარაკებით და მერე გადავწყვეტთო. ევროპული ქვეყნები სამ ჯგუფად შეიძლება დავყოთ - ძალიან კარგი, კარგი და ისე რა კარგი. პირველ ჯგუფში შედიან ქვეყნები, რომელთა სრული მხარდაჭერის იმედიც მაქვს და ასეთი 12-ია. მეორეში არიან ისეთები, სადაც მხარდაჭერის 95%-იანი იმედი მაქვს და აქ 9 ქვეყანაა, მესამეში კი ისინი არიან, რომლებთანაც ჯერ კიდევაა სამუშაო. თუმცა აქაც ბევრია ისეთი, რომელთა მხარდაჭერის იმედიც უნდა გვქონდეს. მაგალითად, თურქეთთან ისედაც ხშირიკონტაქტი გვაქვს. აქამდე ამავე ჯგუფში იყო საფრანგეთიც, აქვეა უნგრეთიც, რომელთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს... ამგვარი ლოგიკით, 30-მდე ქვეყანას მოვიაზრებთ მხარდამჭერად.

- როცა არც ბაზები გვაქვს თანამედროვე სტანდარტების შესაფერისი და ევროპისთვის პერიფერიაც ვართ, რა შეიძლება გამოვიყენოთ კოზირად?
- ჩვენ სასარგებლოდ რამდენიმე ფაქტორია. თუნდაც თქვენ მიერ ნახსენები პერიფერია, სადაც ჯერ მსგავსი ღონისძიება არ ჩატარებულა. როცა შენ წვალობ იმისთვის, რომ მსგავსი დიდი მასშტაბის ღონისძიებები აფრიკაში, სამხრეთ ამერიკასა და ასეთ კონტინენტებზე ჩაატარო, ამ დროს კი ევროპაში გაქვს რეგიონი, სადაც არასოდეს არაფერი ჩაგიტარებია, ცოტა ვერაა ლამაზი. ჩვენი კონკურენტის - ჩეხური ბრნოს პრობლემა ისაა, რომ ჩეხეთშივე, ოღონდ ლიბერეცში, გაისად ზამთრის ანალოგიური თამაშები ტარდება და ოთხ წელიწადში ორჯერ ასეთ შეჯიბრებას არავინ მოგცემს. თანაც ბრნოს კამპანიას სათავეში უდგას ქალაქის მერია, ჩვენ კი ქვეყნის ხელისუფლების მხარდაჭერის გარანტიები წარვადგინეთ. ანუ ჩვენთან პასუხისმგებლობას უმაღლესი ხელისუფლება იღებს. ამასთან, თბილისი დედაქალაქია და ესეც მისი პლუსია. ბრნოში მთელი თვე ვცხოვრობდი, მართლაც ლამაზია, მაგრამ ერთი დღის ქალაქია - ერთი პატარა ცენტრისა და რამდენიმე რესტორნის გარდა არაფერია. ამ თამაშებზე 5000 მარტო ოფიცილიური მონაწილეა, მათ ქომაგები და ახლობლები მოჰყვებიან, ამდენ ხალხს კი გართობა და დასვენება უნდა. ბრნოში ამის საშუალება არაა, რადგან ირგვლივ არაფერია - საამისოდ პრაღაში უნდა წახვიდე ორი საათის სავალზე. ჩვენთან თბილისშიც გაცილებით ბევრი საშუალებაა და მცხეთაც აქვეა, ერთი საათის სავალზე სიღნაღია, თბილისში ღამის კლუბებია და ათასი გასართობი. თან ჩვენთან რესტორანიც ბევრად იაფია, სასტუმროც და ყველაფერი.

ჩვენს ხელში კიდევ ერთი პლუსია - ევროპას ბრნო ნანახი აქვს, ჩვენ კი ახალს შევთავაზებთ, აღმოსავლური და დასავლური კულტურის ნაზავს... ბრნოსთან შედარებით თბილისს ის უპირატესობებიც აქვს, რაც, ჩვეულებრივ, დედაქალაქს გააჩნია სხვა ქალაქებთან შედარებით. მაგალითად, მეტროპოლიტენი, გაცილებით დიდი აეროპორტი... ბრნოში მეტრო საერთოდ არაა, აეროპორტი კი იმდენად პატარაა, მხოლოდ მცირე მოცულობის თვითმფრინავებს იღებს. ჩვენი ერთ-ერთი მინუსი ის იყო, რომ შორს ვართ, მაგრამ მერიამ გადაწყვიტა, თამაშების მონაწილეებს უფასოდ აცხოვრებს, რითაც მგზავრობის სიძვირე კომპენსირდება. მეორე პრობლემა ის იყო, შევძლებდით თუ არა ამდენი რეისის მიღებას აეროპორტში. `აირ-ზენამ~ საერთაშორისო ორგანიზაცია იკაო-ში უკვე შეათანხმა ეს საკითხი და `თურქიში~ და `ლუფტ-ჰანზა~ დამატებით რეისებს შეასრულებენ. თან 10-15 პროცენტიან ფასდაკლებას სთავაზობს. მესამე პრობლემად ოლიმპიური სოფლის არარსებობა რჩებოდა, მაგრამ ეს ჩვენთვის უპირატესობაცაა - ბრნოს რაც აქვს ახლა, ის 2015-ის მოძველებული იქნება, ჩვენ კი ბევრად თანამედროვე სტილისას ავაშენებთ. ამ სოფელს ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი აშენებს, რომელიც 15-ათასიანი საუნივერსიტეტო ქალაქის აგებას აპირებს, მაგრამ ჯერ სოფლად გამოვიყენებთ. თუმცა მერიამაც მისცა გარანტიები. ამდენად, ყველა პრობლემა მოვხსენით და გავაბათილეთ. ბრნომ აქამდე ორჯერ წააგო ანალოგიური არჩევნები, მათ შორის - წინაც და იქნებ მესამედ წასაგებად ვერც გაიმეტონ - მაინც ადამიანური მომენტია... ჩვენს უპირატესობაზე კი ზემოთ უკვე გითხარით.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული